დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„პრეზიდენტი გვაიძულებს, ხელი წაგვიცდეს“
2009/07/02 08:32:20

რესპუბლიკური პარტია რეგიონულ პოლიტაქტიურობაზე შეწყვეტილი დაფინანსების პირობებში გადავიდა. 25 ივნისს პარტიულ კონფერენციაზე  იმერეთის რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარედ ვლადიმერ ნაკაშიძე აირჩიეს.

დედაქალაქში, პარტიულ ყრილობაზე, საკუთარი აქტივისტები რესპუბლიკელების ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, საკუთარი ხარჯებით  მიიპატიჟა, თანაც ისე, რომ მათ უნდა ჩათვალონ, ახლობლის ჭირის ან ბედნიერების დღეზე მიდიან. ქართულ პოლიტთვალთვალსა და ოპოზიციურ გეგმებზე ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან კონფერენციის შემდეგ შედგა.

 

- ბატონო დავით, რესპუბლიკური პარტია კვლავ ალიანსის სუბიექტად რჩება, თუ განსხვავებული გეგმები აქვს?

- ჩვენ ვრჩებით „ალიანსი საქართველოსთვის“ შემადგენლობაში და ალიანსი გეგმავს ახალი ინეტენსივობით მუშაობის დაწყებას, ისევე, როგორც ჩვენ გვქონდა ეროვნული მასშტაბის კამპანია პლებისციტის თაობაზე მარტში.

- ანუ ალიანსის შესაძლო დაშლაზე ინფორმაციას არ ადასტურებთ?

- ხელისუფლებას თავიდანვე ძალიან არ უნდოდა ამ ალიანსის შექმნა და ის დღემდე მის ყველაზე სერიოზულ კონკურენტად რჩება, ამაზე მიანიშნებს ბოლო კვლევები. ჭორების დაყრა ის თემაა, რომელშიც ხელისუფლებას დიდი მიღწევები აქვს. ყველა ჭორი კი იმისთვისაა, რომ ხალხი დააბნიოს.

- ლევან გაჩეჩილაძის და დავით გამყრელიძის თარგამაძესთან შეხვედრის ამსახველი კადრებით შეიტყვეთ შეხვედრის შესახებ?

- ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, საქმე გვაქვს საყოველთაო თვალთვალთან, არა მხოლოდ ეს კადრები, არამედ ყველაფერი იმაზე მიუთითებს. რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებს, რითაც ძალიან უხეშად არღვევს თითოეული ჩვენგანის კონსტიტუციურ უფლებას. სამართალდამცავებს ევალებათ კრიმინალებთან ბრძოლა და  მათი რეალურად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალისათვის ძალიან სერიოზული დანაშაულია.

ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რომ  გაჩეჩილაძემ ან სხვამ, რაიმე დანაშაული ჩაიდინა. მან გააშიშვლა ვიღაცის ვიღაცასთან შეხვედრის ფაქტი. ის, რომ ეს შეხვედრა ძალიან ბევრი რაკურსით იყო გადაღებული, მიანიშნებს, რომ ეს იყო  დაგეგმილი დიდი ოპერაცია.  ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან იყო ჩაწერილი, თუმცა კარგად იცით, როგორ შემოაგდეს ეს ვიდეო: თითქოს გერმანული სერვერიდან მოხვდა. ჩემთვის, პირადად, თარგამაძე არ არის ის პიროვნება, ვისთანაც შეხვედრის სურვილი მექნებოდა. თარგამაძეც და მერაბიშვილიც ორივე ერთნაირად არიან დამნაშავეები, რომ ქვეყანაში შექმნეს პოლიციური სახელმწიფო. თუ ასეა, მაშინ, მოდით - სააკაშვილი ვის, სად, რა სტილით ხვდება, როგორ იქცევა, ამ შეხვედრებზე ყველაფერი გადავიღოთ და გამოვამზეუროთ. მერე კი ხალხმა განსაჯოს, ვინ როგორ იქცევა პოლიტიკური და ესთეტიური თვალსაზრისით.

- ანუ ამ შეხვედრას გაჩეჩილაძის ინდივიდუალურ ქმედებად განიხილავთ. ოპოზიციაში  ასეთ „ინდივიდუალიზმზე“ რამდენად გაქვთ შეთანხმება და „ფულის საშოვნელი“ მანდატი ვის გადაეცით?

- ჩვენ, ოპოზიციას, ძალიან მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ არის საკითხები, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, მაგალითად, სააკაშვილთან შეხვედრაზე ხალხი წავიდა დელეგირებული უფლებით. მერე ლევან გაჩეჩილაძე სააკაშვილთან წავიდა ცალკე და ვთქვით, რომ ის ამ შემთხვევაში  არ იყო ჩვენი მანდატით აღჭურვილი. ხან ასეა, ხან ისეა. გაჩეჩილაძეს არანაირ ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენი მანდატი  არ აქვს. ალიანსში ჩვენ -ალასანიას და გამყრელიძეს გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ დაფინანსების საკითხზე ჩვენ ვესაუბრებით ვინმეს დანარჩენის ორის თანხმობის საფუძველზე.. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ 30000 ლარის შემოწირვა გინდათ, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, სანამ არ გავარკვევ, ალიანსის დანარჩენ წევრებს რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ აქვთ ამასთან დაკავშირებით.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ აპირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდას...

- სწორედ ამ პრეზიდენტმა ორი თვეა, აპრილის შემდეგ შეწყვიტა ოპოზიციური პარტიების დაფინანსება. ადრე ის ამბობდა, რომ ეს დაფინანსება იმიტომ გვეძლეოდა, ხელი არაფერზე წაგვცდენოდა. ახლა ის გვაიძულებს, დაფინანსების შეწყვეტით ხელი წაგვიცდეს. რეალობაში ის ამ ბინძური რამეებით არის დაკავებული.

- აპრილის აქციებზე თვლით თუ არა, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულად მოქმედებდა, ამ შემთხვევაში რით იყო ეს განპირობებული?

- ოპოზიცია ამ პროცესში ერთიანი სქემით ვერ წავიდა. კოორდინირება იყო, მაგრამ ხედვებში იყო სხვაობა. მე მგონი, შედეგიც სერიოზულია თუმცა შესაძლოა, ზოგს ჰქონდა უფრო სწრაფი წარმატების მოლოდინი. მე ამ ადამიანებს შორის არ ვიყავი. ალიანსმა, გახსოვთ, პლებისციტის იდეა წამოსწია და ეს რომ ხელისუფლებას გაეზიარებინა კარგი გამოსავალი იქნებოდა. მაშინ იყო, ცოტა არ იყოს, სულსწრაფობა, როცა გვეუბნებოდნენ, 5 მაისამდე როგორ უნდა მოვითმინოთ სააკაშვილიო, იმიტომ, რომ რეფერენდუმი 5 მაისს უწევდა, თუ კი დაინიშნებოდა. მალე 5 ივლისი იქნება და ჩვეულებრივად გრძელდება ყველაფერი, სააკაშვილი მნიშვნელოვნად დასუსტებულია, მაგრამ ჯერ კიდევ იქ არის, ამიტომაც ამ ზაფხულსა და შემოდგომაზე ბრძოლა ახალი ძალითა და მეთოდებით გაგრძელდება. მხოლოდ რუსთაველზე შეკრება და დადგომა საქმეს არ გააკეთებს და პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლაა საჭირო.

- ელოდებით შემოდგომაზე არჩევნების დანიშვნას?

- არჩევნებს ვითხოვთ და ველოდებით. ვითხოვთ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის გარდაუვალი და საჭირო ამბავი, თუ გვინდა, რომ გავუმკლავდეთ ყველა იმ საფრთხეს, რაც ჩვენს წინაშეა.

- არჩევნებშიც ალიანსთან ერთად გამოხვალთ?

- დიახ, ალიანსის სიძლიერე სამი სუბიექტის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

- ალასანია კვლავ რჩება თქვენს საპრეზიდენტო კანდიდატად?

- კი, ასეა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია