ქუთაისელმა ჟურნალისტმა თეა ჩეჩელაშვილმა იმერეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან ბრიფინგი გამართა და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.
რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტის განცხადებით, 2013 წლის მარტიდან ის უკვე სამჯერ გაქურდეს. პირველად მძარცველებმა მისი სახლიდან კომპიუტერი წაირეს, შემდეგ მასთან სტუმრად მყოფი მეგობრის ავტომანქანა გაქურდეს, მესამედ კი დაზარალებულის სახლიდან საოჯახო ნივთები გაიტანეს.
„სამივე შემთხვევაში ოპერატიულად ვაცნობე პოლიციას, თუმცა მათგან არცერთ შემთხვევაზე არ ყოფილა რეაგირება. მე რომ ვინმეზე მქონდეს ეჭვი, პირდაპირ დავადებდი ხელს. სახლში პირადი მოხმარების ნივთები აღარ დამრჩა. მოვუწოდებ პოლიციას მიხედონ ჩემს საქმეს," – ამბობს ჩეჩელაშვილი.
თუკი პოლიცია უმოქმედობას გააგრძელებს, რადიო „ძველი ქალაქის“ მუსიკალური პროგრამების რედაქტორის თქმით, ის იძულებული გახდება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქვას.