დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია
2013/05/07 12:54:54

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით დაძლია პრეზიდენტის ვეტო ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს მოქმედი შემადგენლობის შეცვლას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტით, ვადამდე უწყდება უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 13-ს.

 

 

საკანონმდებლო ორგანოს მიერ 5 აპრილს დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო 23 აპრილს დაადო. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებდნენ, პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინების გარეშე, კანონპროექტი  სასამართლო  სისტემის  პოლიტიზებას გამოიწვევდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებს არ დაეთანხმა საპარლამენტო უმრავლესობა.

ვეტოს დაძლევის პროცედურა კი ასეთი იყო: 1  მაისის  სხდომაზე  დეპუტატებს  არჩევანი  უნდა  გაეკეთებინათ  საკანონმდებლო  პაკეტის  ორ ვარიანტს შორის: პირველია ის, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა, ხელმოწერის ნაცვლად, ვეტო დაადო, და მეორე - პრეზიდენტის შენიშვნების შემცველი ვარიანტი.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი შენიშვნებით, კანონპროექტით, უფლებამოსილება შეუწყდებათ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და, აგრეთვე, იუსტიციის საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებიც არ არიან არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. რაც შეეხება სასამართლოს თავმჯდომარეებს, მათ მიეცემათ ვადა, არჩევანი გააკეთონ იუსტიციის საბჭოს წევრობასა და სასამართლოს თავმჯდომარეობას შორის,“ - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ პარლამენტის 1 მაისის სხდომაზე, როდესაც დეპუტატებს  პრეზიდენტის „მოტივირებული შენიშვნები“ გააცნო.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი  მოტივირებული შენიშვნა - საბჭოს წევრების ვადამდე დათხოვნა!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა არის ის  ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომლის გარშემოც უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ.   როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია  იტყობინებოდა  23  აპრილს,      „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც გამართლებული არ იქნებოდა მოსამართლეთა მაკონტროლებელი სტრუქტურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის სრული განახლება. ვენეციის კომისიის აზრით, ეს შეიძლება მავნე პრაქტიკად იქცეს და ასევე მოიქცეს ყოველი ახალი ხელისუფლება, რაც პროცესის პოლიტიკურ მარწუხებში მოქცევის საფრთხეს ქმნის.

ასევე, სადაო გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 6 წევრის საკითხი, რომლებიც, საზოგადოებრივი წრეების წარდგინებით, პარლამენტმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს. დამტკიცებული პროექტის მიხედვით, ეს ექვსი წევრი პარლამენტმა ხმების 2/3-ით უნდა დაამტკიცოს, რაც ქმნის უმცირესობის დეპუტატთა ხმების საჭიროებასაც.

მაგრამ ჩიხური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით, თუკი პირველ ტურში კანდიდატები 2/3-ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ, გაიმართება მეორე ტური, რომლის დროსაც საბჭოს წევრის დასამტკიცებლად 76 ხმა იქნება საკმარისი. ეს პროცედურა შეეხება ექვსიდან ოთხ ადგილს, ხოლო დანარჩენი 2 კანდიდატის შემთხვევაში აუცილებლად  ხმათა 2/3 იქნება საჭირო. რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, მისი მიხედვით, ექვსის ნაცვლად, ოთხი არამოსამართლე წევრი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა.

ყველა კანდიდატი ხმების 2/3-ით უნდა დამტკიცდეს, მაგრამ თუ ეს ორი ტურით ვერ მოხერხდა, მაშინ მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება.

 თავიდანვე ცხადი იყო, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მოახერხებდა, რადგანაც ამისთვის 89 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საკმარისი. 1 მაისს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 91 ხმით იმ კანონპროექტების მხარდაჭერით დაძლია, რომელიც 5 აპრილს იყო მიღებული. ვეტოს დაძლევამდე პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის შენიშვნების შემცველ ვარიანტსაც და პაკეტში შემავალ თითოეულ კანონს 80-ზე მეტი მოწინააღმდეგე დეპუტატი გამოუჩნდა.

 

საჯარო დებატები მინისტრსა და სასამართლოს შორის

პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს საჯაროდ,  წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ ეს რეფორმა ქართულ კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს და ამას პრეზიდენტის ვეტო ხელს ვერ შეუშლის.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოდელი მოწონებულ იქნა საქართველოს არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტრუქტურების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მიერ, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის ახალი წესები შეაფასა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ამ ორგანოს დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში, ხოლო თავად რეფორმაზე განაცხადა, რომ ის ქართულ კანონმდებლობას ევროპულ სტანდარტებთან აახლოებს. რაც ყველაზე მთავარია, ამ რეფორმას იწონებთ თქვენ და საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი, რომელიც მოუთმენლად ელოდება კანონის დადებით ეფექტს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევის პროცესზე. ეს კანონი უახლოეს მომავალში შევა ძალაში და ამას პრეზიდენტის ვეტო ხელს ვერ შეუშლის,“ - წერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, გამჭვირვალედ ჩაატაროს მოსამართლეთა კოფერენციის მიერ იუსტიციის წევრების არჩევის პროცესი.

იუსტიციის მინისტრის საჯარო მიმართვის პასუხად, კონსტანტინე კუბლაშვილმა ყველა პოლიტიკოსს და განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუწოდა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განცხადებები არ გააკეთონ:

„მინდა მათ მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ და არ ჩაერიონ ცვლილებების განხორციელებაში; არ ჩაერიონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის პროცესში. ყველას მოვუწოდებ, რომ უნდა მივცეთ საშუალება ყველა მოსამართლეს, რომ მათ თავად, საკუთარი ინიციატივით დაასახელონ კანდიდატები და შემდეგ აირჩიონ ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; რომ მივცეთ საშუალება, თავისუფალი, დამოუკიდებელი არჩევნების შემდეგ მივიღოთ მართლაც ლეგიტიმური, საბოლოოდ დამოუკიდებელი ახალი იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

გარდა იუსტიციის საბჭოს წევრების უფლებამოსილებისა, პრეზიდენტის     „მოტივირებული შენიშვნების“ კიდევ ერთი თემა ნაფიცი მსაჯულები.  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე“ პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა არ დაძლია. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ კანონპროექტმა თავისი არსებობა დაასრულა.

ცოტნე პაატაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1543
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია