დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დღე უკანასკნელი - დღე პირველი
2013/03/11 12:21:16

ამირან ხვადაგიანი საკრებულოს თავმჯდომარის სკამზე თამაზ მარგველაშვილმა ჩაანაცვლა

 

ხმაურიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა 27 თებერვალი ქუთაისისათვის. საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ წინა დღით გავრცელებული ინფორმაცია დილით გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა. საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წარმომადგენელმა კი ხვადაგიანის გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა:

„ამირან ხვადაგიანი დიდი ხანია ფიქრობდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება იმ გახშირებულ ზეწოლებს, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. ვინაიდან ამირან ხვადაგიანი არ არის ის პიროვნება, ვინც პოლიტიკური წნეხის გამო თანამდებობას დატოვებს. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მან ცივი გონებით მიიღო და ჩვენც, უბრალოდ, მივიჩნიეთ საჭიროდ, მისი სურვილი გადადგომის შესახებ  ამ  ეტაპისათვის                      დაგვეკმაყოფილებინა,“ - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უცებ გაიზარდა საკრებულოს სხდომაზე დამსწრების მსურველთა რაოდენობა.  კოალიცია  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა სწრაფად გაიარეს რეგისტრაცია და საშვიც აიღეს, რათა საკუთარი თვალით ენახათ და ყურით გაეგონათ, როგორ ემშვიდობებოდა ხვადაგიანი შვიდწლიან თანამდებობას, მაგრამ მათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა ვერ შეძლეს, რის მიზეზადაც, დაცვის წევრები საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირეს ასახელებდნენ. ამან კოალიციის მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია, მათი განცხადებით, მიზეზი მათი არშეშვებისა ის იყო, რომ ნაციონალებს მათ კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურდათ. მოგვიანებით, მერიის გარეთ დარჩენილმა მოსახლეობამ შენობაში უნებართვოდ შესვლა სცადა, რაშიც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა შეუშალეს ხელი.

მართლაც უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩეოდა საკრებულოს რიგითი 28-ე სხდომა. გადაჭედილ დარბაზში ტაშით შეაცილეს ამირან ხვადაგიანი, ვინ - მის პიროვნებას, ვინ კი - მის გადაწყვეტილებას მიუძღვნა აპლოდისმენტები.

საკრებულოს აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს უწინდელი რიხი და შემართება ნამდვილად აკლდა, მისი შესავალი სიტყვა აღსარებას უფრო ჰგავდა ერისა  თუ  ბერის  წინაშე:  „რთული და ძალიან შრომატევადი იყო ეს შვიდი წელი. ეს იყო უდიდესი ტვირთი და მე დავიღალე ამ ტვირთით. ბოდიში ჩემს ყველა თანაქალაქელს, თუ რაიმე ვერ გავაკეთეთ. მადლობას ვიხდი ასევე იმ პასუხისმგებლობისათვის, რაც მე დამაკისრეს. მაქსიმალურად დავიხარჯე ქალაქის წინაშე, ვარ ბედნიერი და ამაყი ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი რამ არ გაკეთდა, მაგრამ ასეთი მოცულობის პროექტები ქუთაისის ისტორიას არ ახსოვს. მე ვრჩები საკრებულოს დეპუტატად და განვაგრძობ ქალაქის მსახურებას ისე, როგორც დღემდე გამიკეთებია. რაც შეეხება ჩემს სამსახურს, იმედია, იმდენი დამსახურება მაქვს ჩემი ქალაქის წინაშე, რომ ერთი სამსახური მექნება,“ - განაცხადა ამირან ხვადაგიანმა.

მან საკრებულოს დღის წესრიგში გაწერილი საკითხები უსწრაფესად და უკანასკნელად ჩაიკითხა და დაამტკიცა. განსახილველ საკითხთაგან შედარებით მნიშვნელოვანი იყო ფრაქცია „ქუთაისისათვის“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელის მინიჭება. ასევე, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს, ნოე კუხიანიძეს უფლებამოსილება შეუწყდა და იმავე სხდომაზე ის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა კი ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო საკრებულოს წევრებს და იქვე დასძინა: „ჩემი გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ მე რომელიმე სხვა პარტიაში გადავალ, რისი სურვილიც აქვს რამდენიმე მათგანს. მე ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად და გავაგრძელებ საქმიანობას სამეურნეო კუთხით. ვინაიდან დიდ პოლიტიკოსობას არც არასოდეს დავიკვეხნიდი, მე უფრო მეურნე კაცი ვარ.“

მოგვიანებით ხვადაგიანმა საკრებულოს წევრებს თავისი შემცვლელის - „ნაციონალური მოძრაობის“ საორგანიზაციო მდივნის, თამაზ მარგველაშვილის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად.  შესაბამისად, 16 მომხრით და 8 მოწინააღმდეგით, თამაზ მარგველაშვილი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, რომელმაც, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ მისი წინამორბედის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელი იქნება და დაკისრებულ პასუხისმგებლობას პირნათლად შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ, სხვა თუ არაფერი, კოჰაბიტაციის კრიზისი ნამდვილად არ შეიმჩნეოდა 27 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე. ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილების პატივისცემის თუ სხვა მიზეზთა გამო, საკრებულოს სხდომებზე აქტიურობით გამორჩეულმა მამუკა მღვდელაძემ თავად მოუწოდა დარბაზში მყოფთ თავშეკავებისა და პატივისცემისაკენ. მაგრამ მღვდელაძეს პოზიცია არ შეუცვლია და ხვადაგიანის მარგველაშვილით ჩანაცვლება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ სპექტაკლად შერაცხა.

მამუკა მღვდელაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი: „ვინაიდან ფრაქცია „ქართული  ოცნების“  და  „დემოკრატიული საქართველოს“ წევრები მივიჩნევთ, რომ საკრებულოს ეს საკადრო ცვლილება არის მორიგი აფიორა და ერთი კაცის თეატრი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვაღიარებთ „ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს“, ამიტომ ჩვენი გუნდი კატეგორიულად ემიჯნება და მხარს არ უჭერს ამ ცვლილებას. ზოგადად, ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას იმერეთის ვიცე-გუბერნატორს, გოჩა თევდორაძეს ვაკისრებთ.“

მღვდელაძის განცხადებას, თავის მხრივ, აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრები.

ხვადაგიანის წასვლით, იქ მყოფ მოქალაქეთა ნაწილის აზრით, საკრებულოში არაფერი შეიცვლება. სხდომები კვლავ უინტერესოდ ჩაივლის და დღის წესრიგის სწრაფად განხილვის და დამტკიცების მიზნით, წევრთა უმრავლესობა კვლავ მწვანე შუქს აუნთებს თავმჯდომარის მიერ წამოჭრილ საკითხებს, კენჭის ყრაში ისევ არ მიიღებენ მონაწილეობას მათი ოპონენტები, ზოგი - ხელის ტკივილს, ზოგი კი საკითხისადმი უნდობლობას მოიმიზეზებს. ისევ გააგრძელებენ „ცელქობას“ საკრებულოს დეპუტატები, ისევ აიწევს პოლიტიკური თუ ოთახის ტემპერატურა... მაგრამ, სავარაუდოდ, ქუთაისელთა ცხოვრებას ამით არც არაფერი დაეტყობა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია