დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფშავ-ხევსურეთს შესაძლოა დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭონ
ავტორი:
2013/09/10 11:10:02
ფშავ-ხევსურეთს შესაძლოა დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭონ. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად ერთი კვირის წინ წარუდგინა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებში მოექცევა პირიქითა ხევსურეთის ეროვნული პარკი, როშკის ბუნების ძეგლი, ასას აღკვეთილი და ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფშავ - ხევსურეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 79 879 ჰექტარია. კანონპროექტის „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ კავკასიის ოფისმა მოამზადა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი ზეპირი შეფასებით მოწონებულ იქნა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების ექსპერტების მიერ. კანონპროექტის მიხედვით, მისი დამტკიცების შემთხვევაში ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნის გარდა, მოწესრიგდება ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები. დოკუმენტის თანახმად, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადება ხელს შეუწყობს მისი ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფერონების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვას, აღდგენას და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას. „ასევე კანონის ძირითადი მიზნებია, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის და ეკოტურიზმისა მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას; უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება. ასევე, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენა. უნიკალური ეკოსისტემების, ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანტროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარება-დაღუპვისაგან დაცვა. უზრუნველყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლთა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების შენარჩუნება. ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის და სხვა დარგების მდგრადი განვითარება. ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებას და განვითარებას“, - ნათქვამია კანონპროექტში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას იქონიებს. „იგი ხელს შეუწყობს ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიებზე ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეკრეაციული პოტენციალის სრულად გამოყენებას, რაც თავის მხრივ, რაციონალური დაგეგმვისა და მართვის პირობებში უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყაროდ შეიძლება იქცეს, როგორც საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც“, - აღნიშნულია კანონპროექტში. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში 44 ადგილობრივი მცხოვრების დასაქმება იგეგმება. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძემ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიად გამოცხადების შემთხვევაში ადმინისტრაციის შექმნა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით მოხდება, სხვა ხარჯებისთვის კი 2014 წელს, ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 293 000 ლარი გამოეყოფა. აქედან, 243 000 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება, 50 000 ლარი სხვადასხვა მომსახურების შესყიდვაზე დაიხარჯება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია