დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში საფრანგეთს დაუპირისპირდება
ავტორი:
2013/09/06 14:03:42
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ბრაზილია 2014-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მეექვსე მატჩს გამართავს. მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები საფრანგეთია.სტუმართა თავკაცმა დიდიე დეშანმა გუშინ, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჟურნალისტებს უმასპინძლა. პრესკონფერენცია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მწვრთნელმა საქართველოსთან და ბელარუსთან მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა. 10 სექტემბერს ფრანგები მინსკში ბელარუსს გაეჯიბრებიან.დეშანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ორ მატჩში მისი გუნდი 6 ქულას მოიპოვებს: „საქართველო ესპანეთის მსგავსად ძლიერი გუნდი არ არის, მაგრამ სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. ყაზახეთთან საქართველოს ნაკრების მატჩი ვნახე. რა თქმა უნდა, იმ შეხვედრაში ქართველები კარგად არ გამოიყურებოდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალ სულ სხვა მეტოქე გვეყოლება. ეს შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით 3 ქულა მოვიპოვოთ".დღევანდელი მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში 182-ეა. აქამდე გამართული 181 საერთაშორისო ამხანაგური თუ ოფიციალური პაექრობა საფრანგეთის ნაკრებთან 3 დაპირისპირებას ითვლის.პირველად ამ ორი გუნდის გზა ევრო 2008-ის შესარჩევ ტურნირში გადაიკვეთა. 2006 წლის შემოდგომით ფრანგები თბილისს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სტატუსით ესტუმრნენ, ფეხბურთის სპეციალისტების აზრით კი იმ დროს ფრანგებზე ძლიერი არავინ იყო. მათ ეს მოსაზრება მსოფლიოს ჩემპიონ იტალიასთან პაექრობაშიც მალევე დაამტკიცეს - იმავე შესარჩევში სენ-დენიზე უმასპინძლეს აპენინელებს და 3:1 სძლიეს.თბილისში გამართული თამაში კი რაიმონ დომენეკის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა - 3:0. დიდებულად ითამაშეს ბომბარდირმა ტიერი ანრიმ, იმ დროს ჯერ კიდევ გუნდის ახალმა წევრმა ფრანკ რიბერიმ და შუახაზელებმა: ფლორენ მალუდამ, კლოდ მაკელელემ და პატრიკ ვიეირამ. დაცვაში შეუვალნი იყვნენ ვილიამ გალასი, გუნდის კაპიტანი ლილიან ტურამი და ერიკ აბიდალი. ეს უკანასკნელი დღეს კვლავ ნაკრებშია.ერთი წლის შემდეგ საფრანგეთი ოსერში დაუხვდა საქართველოს და მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მხოლოდ 1:0 გაიმარჯვა. მხოლოდ სამირ ნასრიმ დაასრულა მასპინძელთა უამრავი შეტევა ზუსტი დარტყმით.წელს, 22 მარტს ეს გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. საფრანგეთი ქვეყნის მთავარ სარბიელზე დაუხვდა საქართველოს და კვლავ გაიმარჯვა - 3:1. მასპინძელთა მესამე გოლი ფრანკ რიბერიმ გაიტანა, რომელიც ახლახანს უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.რიბერი ერთადერთი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სამივე შეხვედრაში იასპარეზა. სავარაუდოდ, დღეს მას კვლავ ვიხილავთ მოედანზე.რაც შეეხებათ საქართველოს ეროვნული ნაკრების იმ მოთამაშეებს, რომლებმაც ფრანგებთან სამივე შეხვედრაში იასპარეზეს და დღეს კვლავ მთავარი მწვრთნელის რჩეულთა შორის არიან, ასეთი ორია: ზურაბ ხიზანიშვილი და დავით კვირკველია.დაუპირისპირდებიან თუ არა ისინი ფრანგებს მეოთხედ, ამას დღეს, 22:15 საათზე გავიგებთ. თამაში დინამო არენაზე სწორედ ამ დროს დაიწყება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია