დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბათუმის თეატრის დასის ნაწილი ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება
ავტორი:
2013/08/29 11:26:02
ბათუმის თეატრის დასის ნაწილი ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" მსახიობმა მაია ცეცხლაძემ განუცხადა , სარეკომენდაციო საბჭოს წარდგინებით აჭარის კულტურის სამინისტრომ თანამდებობაზე არაკვალიფიციური პირი დანიშნა. ცეცხლაძის ინფორმაციით, დასი ორად არის გაყოფილი და თეატრში ვითარება დაძაბულია. "სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურებს განიხილავს და დასამტკიცებლად მინისტრს წარუდგენს, არაკომპეტენტური თეატრმცოდნეებისგან არის დაკომპლექტებული. ჩვენ პრეტენზია გვაქვს აჭარის კულტურის სამინისტროსთან, რომელმაც დაგვინიშნა არაკვალიფიციური სამხატვრო ხელმძღვანელი და თანამდებობიდან გაათავისუფლა გიორგი თავაძე, რომელიც თეატრში 7 წელი საქმიანობდა. მის ნაცვლად დანიშნულია ჩემთვის გაურკვეველი პროფესიის ადამიანი, ვინმე თემურ კეჟერაძე, რომელიც ჩვენთან მენეჯერად მუშაობდა. ვფიქრობთ, საკმაოდ ბინძურ თამაშს თამაშობენ", - განაცხადა ცეცხლაძემ. მსახიობთა ნაწილის ბრალდებას არაკვალიფიციურობის შესახებ, უსაფუძვლოს უწოდებს თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი. როგორც თემურ კეჟერაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პროფესიით თეატრმცოდნეა და თეატრში მუშაობის სულ მცირე, 20-წლიანი გამოცდილება აქვს. "დამთავრებული მაქვს დოქტორანტურა და გამოქვეყნებული მაქვს სამეცნიერო ნაშრომები არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო გამოცემებში. თეატრში ვმუშაობდი მსახიობად, დირექტორის მოადგილედ და მმართველადაც. გავიარე კონკურსი და სარეკომენდაციო საბჭოს კენჭისყრის შედეგად გავიმარჯვე. არა მგონია, სამინისტროს დაეშვა შეცდომა და არაკვალიფიციური პირი დაენიშნა. მითუმეტეს, აჭარის კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს ოთხი წევრი საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრია. არა მგონია, 7 პროფესიონალ ადამიანს შეცდომა დაეშვა. ვფიქრობ, მათ ჩემი კვალიფიკაცია და გამოცდილება გაითვალისწინეს", - განაცხადა კეჟერაძემ. ბათუმის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი მსახიობთა ნაწილის პოზიციას მის წინააღმდეგ მიმართულ "ბინძურ და ცილისმწამებლურ" კამპანიად აფასებს და აცხადებს, რომ ამის მიუხედავად ყველა მათგანთან კონსტრუქციული თანამშრომლობა სურს. "მე მათი მესმის. მსახიობების ნაწილი გაგულისებულია იმის გამო, რომ გათავისუფლდა გიორგი თავაძე, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე თითქმის 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. ისინი მიიჩნევენ, რომ თავაძემ თეატრი ფეხზე დააყენა და ჭაობიდან ამოიყვანა, თუმცა თეატრი ჭაობიდან ამოყვანილი არ არის. ამ რვა წლის მანძილზე თავაძემ მხოლოდ ხუთი სპექტაკლი დადგა და დღეს ბათუმის თაეტრის რეპერტუარში მხოლოდ ექვსი სპექტაკლია. ეს ძალიან ცოტაა და ვფიქრობ, თავაძის საქმიანობის პერიოდი თეატრისთვის შემოქმედებითაც ცუდი იყო", - აღნიშნა კეჟერაძემ. ბათუმის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მსახიობები დღეს 12:00 საათზე დაგეგმილ შეკრებაზე იმსჯელებენ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია