ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალინმა, დღეს ჭომაში ყოფილი „ტურბაზის“ შენობაში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
შენობა 134 ოჯახზეა გათვლილი, თუმცა ამ დროისათვის იქ 84 ოჯახი ცხოვრობს.
დევნილების უმთავრეს პრობლემას შენობის თავზე დამონტაჟებული კომპანია „ბილაინის“ ანძა წარმოადგენს. ადგილობრივები ანძის სხვაგან გადატანას მოითხოვენ.
დევნილებმა მერთან შენობაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე და თავიანთ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს.
კოპალინი მოსახლეობას დაპირდა, რომ შეეცდება კანონის და ბიუჯეტის ფარგლებში მათ დახმარება აღმოუჩინოს.
ქალაქის მერმა ასევე სურვილი გამოთქვა შეძლებისდაგვარად ბიუჯეტში მოიძიოს თანხები და დაეხმაროს „ტურბაზის“ შენობაში მცხოვრებ ქალბატონს, რომელიც წლებია, საწოლსაა მიჯაჭვული და სახსრების არარსებობის გამო, საჭირო ოპერაციას ვერ იკეთებს.