დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობენ აფხაზეთიდან დევნილები რუსეთ-აფხაზეთის „სამოკავშირეო“ ხელშეკრულებაზე?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/03 15:23:09

ემზადება თუ არა რუსეთი აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისთვის?

 

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ. შეთანხმების პროექტი, რომელიც 6 თავისა და 25 მუხლისგან შედგება, „აფსნიპრესის“ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.

შეთანხმების პროექტის მე-5, „თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ“ მუხლი ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას  „აგრესიის მოსაგერიებლად გაეროს წესდების მე-5 მუხლის თანახმად და ამ დაჯგუფების სამმართველოს ინფორმირებას“.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნას და ერთობლივ მოქმედებებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.

 

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნას.


ამავე პროექტით, რუსეთი ყოველმხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას, მათ შორის იმ სახელმწიფოების წრის გაფართოებას, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასევე, შექმნის წინაპირობას აფხაზეთის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის.

 

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, რომელიც ამ შეთანხმების პროექტის დე ფაქტო პარლამენტში განხილვას დაესწრო, შეთანხმება რუსეთის მხარემ მოამზადა და აფხაზეთში დიპლომატიური არხებით ჩაიტანეს.

 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს გაფართოებულ და შევსებულ ვარიანტს აფხაზეთთან 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებისა.

 

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ შეთანხმების უდიდესი ნაწილი სოხუმში ნეგატიურ რეაქციას არ გამოიწვევს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტმა“ რუსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების“ პროექტის საკუთარ ვარიანტში ცვლილებები შეიტანა და ის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაუგზავნა. აფხაზურ ვარიანტში მოქალაქეობის შესახებ მე-14 პუნქტი მთლიანად ამოღებულია, ცვლილებებია შესული თავდაცვისა და საბაჟო სფეროებში და შეცვლილია ხელშეკრულების სახელწოდებაც - დოკუმენტს რუსების მიერ შეთავაზებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთახმების“ ნაცვლად „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება“ ჰქვია. მიიღებს თუ არა რუსეთი ამ შეცვლილ ვარიანტს, ჯერ უცნობია.

რუსეთი აფხაზ ხალხს, ფაქტობრივად, მიერთებას სთავაზობს, მაგრამ მის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს  სახელად რუსეთ-აფხაზეთს შორის დაახლოების ხელშეკრულება ჰქვია.

 

 

ემზადება თუ არა რუსეთი აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიისთვის და არის თუ არა აღნიშნული ხელშეკრულება აფხაზური ეთნოსის გადაშენების წინაპირობა?

 

 

ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტი გახდა ცნობილი.

 

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების შდეგი კი ასეთი იქნება: 

 

აფხაზეთზე თავდასხმა ავტომატურად ჩაითვლება რუსეთზე თავდასხმად; ე.წ.

აფხაზური ჯარი გადავა რუსების მმართველობის ქვეშ; სამხედრო ინფრასტრუქტურა და მთლიანი სამხედრო მოწყობა ჩამოყალიბდება რუსეთის სამართლებრივი სისტემის მიხედვით; გაუქმდება „რუსულ-აფხაზური საზღვარი“; ძალები გადმოიწევს ენგურზე; რუსები გააკონტროლებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს; საბაჟო კანონმდებლობა და რეგულაციები მოეწყობა რუსული კანონმდებლობისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიხედვით; საგადასახადო კანონმდებლობა მოეწყობა რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით...

 

ამ თემასთან დაკავშირებით  საქართველოში 28 ოქტომბერს პრეზიდენტის მოწვევით ჩატარებულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს. საბჭოს სხდომაზე აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების მოსალოდნელი გაფორმების საკითხი და პრემიერ-მინისტრის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ავტონომია განიხილეს.

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ოქტომბერს, ორწლიანი მუშაობის წარდგენისას, აფხაზების და ოსების მისამართით განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის მოთხოვნა განუხორციელებელი გეგმაა და მათ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია შეთავაზა.

 

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, თუ რას გულისხმობს ირაკლი ღარიბაშვილის შეთავაზება და რითაა განსხვავებული აფხაზეთისთვის მანამდე არსებული ავტონომიისგან:

 

„მან შეთავაზა ავტონომია ევროპული კონტექსტით, პერსპექტივებით. ჩვენ დღეს კონსტიტუციაში გვაქვს ავტონომიური რესპუბლიკა, ასე გვიწერია. უცნაურია თავისთავად, 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია მიღებული იქნა, აფხაზეთი იყო ცალკე სახელწოდება ყოველგვარი ავტონომიის გარეშე და, თუ არ ვცდები, 2006-07 წელს უკვე შეიცვალა კონსტიტუცია და ჩაიწერა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.

 

 

პრემიერი იქნება, თუ ვინც იქნება, ჩვენ ვალდებული ვართ, ვემორჩილებით კონსტიტუციას, ამ ტერმინოლოგიით ვილაპარაკოთ. იყო ავტონომია და იქნება ევროპული ავტონომია, ევროპული ხედვებით, ევროპული კონტექსტით და ფორმატით, როგორც ეკადრება და ღირსია ევროპული სახელმწიფო,“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ავტონომია გამოყენებულია, როგორც ფართო ცნება, რადგან ევროპაში ავტონომიურობის უამრავი ფორმა არსებობს.

 

 

შეურიგდება თუ არა აფხაზი საზოგადოება რეგიონის დე ფაქტო ანექსიას? რატომ ვარაუდობენ სოხუმში სისხლისმღვრელ დაპირისპირებას და რას უპირისპირებს ქართული მხარე რუსეთის ზრახვებს?

 

 

ქართული მხარე, როგორც მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, ეწინააღმდეგება მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას რუსეთ-აფხაზეთს შორის.

ამის   ნათელი   დადასტურებაა      „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია.

 

განცხადებები გაკეთდა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი აფხაზ ხალხს მიმართა და ავტონომია შესთავაზა, რაც შედარებით მისაღები წინადადება გახდა აფხაზებისათვის. ამბობენ, რომ, თუ კრემლის ზეწოლით ხელისუფლება შეთანხმებას ხელს მაინც მოაწერს, აფხაზეთში აუცილებლად დაიწყება ომი, რადგან მოსახლეობის 80-85 პროცენტს არ უნდა რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა.

 

ექსპერტები კი  ვარაუდობენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა აფხაზეთში დიდ არეულობას გამოიწვევს, დაიძაბება სიტუაცია და სისხლისღვრა გარდაუვალი იქნება, რომ ეს ახალი ხელშეკრულება მიმართულია აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ეს რეგიონი ხდება რუსეთის საერთო ეკონომიკური და სამხედრო სივრცის ნაწილი.

 

როგორც ცნობილია, ამ ხელშეკრულებით უკმაყოფილო არიან აფხაზებიც...

 

 

აქვს თუ არა აფხეზეთს სხვა არჩევანი? აქვს თუ არა ქართულ ხელისუფლებას ჩამოყალიბებული სტრატეგია, თუ რა უნდა გავაკეთოთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?

 


აშკარაა, რომ მათი პოზიციები ერთიანი არ არის, ამაზე ქართული მხარის საჯარო განცხადებებიც მეტყველებს. რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების“ პროექტს სახიფათოდ მიიჩნევენ აფხაზეთშიც. პროექტს უკვე მოჰყვა როგორც პოლიტიკოსების, ასევე რიგითი მოქალაქეების მღელვარება.

 

საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა.

ჩავატარეთ გამოკითხვა  საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი დევნილების განთავსების ადგილზე, ქალაქ წყალტუბოში.

 

 

სოფია ნავერიანი: „წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ყველანაირი კავშირის. მათი მიზეზით ვართ დღეს დევნილები და, როცა რუსეთი ოფიციალურად დაიქვემდებარებს აფხაზეთს, ჩვენი მშობლიური მიწის დაბრუნების იმედის მცირე ნაპერწკალიც გაგვიქრება. აფხაზები არ დაუშვებენ ამ ხელშეკრულების გაფორმებას.“

 

 

ნათელა გელაშვილი: „ჩვენი ოჯახის წევრები აფხაზეთის მიწის დაცვას შეეწირნენ. რამდენმა დედამ დღემდე არ იცის მისი შვილის, მამის, ძმის საფლავი, რომ დაიტიროს მაინც. აქამდე გულს იმით ვიიმედებდით, რომ  იქ დაღვრილი ქართული სისხლი უშედეგოდ არ ჩაივლიდა, რომ აფხაზეთის ომი არ იყო უაზრო ომი, თუმცა დღეს იქეთ მიდის საქმე, რომ ამაო ყოფილა ამდენი სისხლისღვრა. რუსეთი თუ აქამდე ნელ-ნელა გვაგუებდა აფხაზეთის დაკარგვას, ახლა ოფიციალურად უნდა მისი ქვეშევრდომი გაიხადოს.“

 

 

თამაზ კვირიკაშვილი: „ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი აფხაზეთის დაკარგვის სიმწარე, დღემდე ჩემი მშობლიური მიწის მონატრებით მიდგას სული, ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვაიმედებ და ვუნერგავ, რომ სადღაც, მათთვის უცხო მიწაზე მამაპაპური კუთხე ელოდებათ, რომელიც დროებით დავტოვეთ, თუმცა გამოდის, რომ ვატყუებდი საკუთარ თავს, ვატყუებდი მომავალ თაობას. ამ ხელშეკრულების გაფორმებას ნამდვილი აფხაზი არასოდეს დაუშვებს, რუსეთის მმართველები კი სისხლით გაუმაძღრები არიან, ამიტომ მშვიდობა ნამდვილად არ მოჰყვება ამ ვითომ „ურთიერთშეთანხმებას.“

 

 

თამარ ჩიკვაიძე: „რუსები ყველანაირად ცდილობენ, ოფიციალურად ჩაიგდონ ხელში აფხაზეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი მაინც აკონტროლებს აფხაზ ხალხს,  მათ საბოლოო ანექსიას ვერავინ შეეგუება.“

 

 

ჯუმბერ გურჩიანი: „ახალი ხრიკი მოუგონებია პუტინს აფხაზეთის დასამორჩილებლად. ჩვენ, აქ გადმოხვეწილ აფხაზებს, არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი, თუმცა იქ დარჩენილები არ დაუშვებენ აფხაზეთის საბოლოო ანექსიას. სისხლი დაიღვრება და ეს სისხლი უკვალოდ არ დაიკარგება.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია