22 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სასტუმო „რედისონში“ მასშტაბური პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, ის ამგვარ შეხვედრებს ჟურნალისტებთან თვეში ერთხელ მოაწყობს. პრემიერის რანგში ივანიშვილის პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციას 150-მდე აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრებოდა.
არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯებით კმაყოფილია. გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციის დასაწყისში 45 წუთი ისაუბრა მონოლოგის რეჟიმში, ხოლო შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და, როგორც თვითონ ხუმრობით აღნიშნა, უსადილოდაც დარჩა...
„ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე, პირადად, შესაძლებლობის მაქსიმუმს ვხარჯავ. მე არ ვიცი, ხშირად მავიწ-ყდება, დღე რომელია, შაბათი, კვირა... ასევეა, სამინისტროებში. ჩვენ ძალიან ბევრი დაპირებები გავეცით და ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევასრულოთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის კვლავ გეგმავს წელიწადნახევრის შემდეგ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში გადასვლას, თუმცა ეს არასწორად იქნა გაგებული.
„პოლიტიკიდან ჩემი წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება და, როგორც ჩანს, ბევრი კითხვა ჩნდება. მე მინდა, ყველა მათგანზე ერთდროულად გავცე პასუხი.
თუ წელიწადნახევრის შემდეგ ჩემს მიერ დატოვებული გუნდიდან არ იქნება მზაობა, დაპირებები შესრულდეს და კვლავ გაჩნდება კითხვები, მე პოლიტიკიდან არსად არ წავალ. დავრჩები ბოლომდე და, თუ საჭირო გახდება, მომავალ არჩევნებზეც ვიბრძოლებ. მაგრამ ეს იქნება ის ცუდი ვარიანტი, რომელიც არ მინდა, განხორციელდეს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რა თემებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა?!
ეკონომიკურ აღორძინებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე
„ჩემი იდეაა და ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ, რომ ორი ფონდი შევქმნათ. ერთი - ესაა საინვესტიციო ფონდი ყველა მდიდარი ქართველისთვის, ვისაც სურვილი ექნება და აქ არცერთ შემთხვევაში დაძალება და თხოვნა არ იქნება. ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება საინტერესო თანხების მობილიზება. ეს ფონდი დაეხმარება ყველა კერძო ინვესტორს და დაეხმარება ყველას, ვისაც სურვილი ექნება - იქნება ეს საქართველოს მოსახლე თუ უცხოელი ინვესტორი. ეს უცხოელებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როცა ადგილობრივი კაპიტალი პარტნიორად ხდება. ეს იდეა ეკონომიკური ჯგუფის წევრებს მოეწონათ, რომ საქართველოში მოსახლეს თუ მის გარეთ ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც 25%-იან ინვესტიციას ახორციელებს და საინტერესო პროექტი გააჩნია, ამ ფონდიდან პარტნიორი ეყოლება. ეს ფონდი 75%-ს და უფრო ქვემოთ დააფინანსებს. ეს იქნება სუფთა კომერციული. ამ ფონდთან იქნება ძალიან ძლიერი ბიზნეს ჯგუფი, რომელიც ფინანსებში ძალიან კარგად ერკვევა,“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას დააჩქარებს.
მისივე თქმით, შეიქმნება მეორე ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ დარგში იქნება საინტერესო კაპიტალის დაბანდება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთთან ურთიერთობაზე
„ვფიქრობ, საქართველო უნდა გახდეს მიმზიდველი ქვეყანა აფხაზებისა და ოსებისათვის. ამაში ეკონომიკურ აღზევებას ვგულისხმობ. რუსეთთანაც ამ საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყება და შედეგის მიღწევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი მგონია და, ვფიქრობ, ასევე ცოტა ნაადრევია იმაზე ლაპარაკიც, რას მივანიჭებთ აფხაზებს ან ოსებს, როგორი სახელი ერქმევა და რა პირობებში მოხდება შემორიგება. პირველ ეტაპზე ჩვენ ჯერ ვცდილობთ, მათ ვაჩვენოთ, რომ ხელისუფლებაში სხვა ხალხი მოვიდა. მთავარია, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ეს საქართველოა და ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ,“ - ამბობს ივანიშვილი.
რაც შეეხება რუსეთში ვიზიტს, როგორც პრემიერმა აღიარა, ჯერჯერობით, ეს ვერ შედგება. მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან რაიმე სახის შეხვედრა რუსეთის ფარგლებს გარეთ, თუნდაც ევროპაში შეიძლება მოხდეს. „ჩვენ არჩევანის საშუალება არ გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგით ზურაბ აბაშიძის დანიშვნით, თუმცა რუსეთისგან შესაბამის ნაბიჯი არ არსებობს და რაიმე სახის ვიზიტზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
დაპატიმრებების პოლიტიკურ სარჩულსა და პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე...
პრემიერის განცხადებით, არ იგეგმება პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება, თუმცა ახალი მმართველი ძალა შეეცდება, ახალი კონსტიტუცია, პრეზიდენტის განსხვავებული უფლებებით, ძალაში შევიდეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე - 2013 წლის ოქტომბრამდე.
„მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ კანონი ყველაზე ერთნაირად უნდა მოქმედებდეს... რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დაპატიმრებების პროცესი ასე მასობრივი რომ არ იყოს და საქართველოც უფრო იოლად მოიხვეჭდა დემოკრატიული ქვეყნის სახელს, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ხელოვნურად, ჩემთვის წარმოუდგენელია. მე არ დავუძახებ არც ერთ პროკურორს და, მით უმეტეს, არც ერთ მოსამართლეს და არ ვეტყვი, რომ რომელიმე საქმე მიჩქმალონ,“ - განაცხადა ბატონმა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მას ევროპაში „მსუბუქი განმარტებების“ მიცემა მოუწია დაპატიმრებებთან დაკავშირებით, თუმცა ევროპაშიც და ამერიკაშიც კარგად იციან ძველი ხელისუფლების ხელწერა. მისი აზრით, არასწორია, როდესაც ჩინოსნების დაჭერებთან დაკავშირებით ოპონენტებს ტიმოშენკოს მაგალითი მოჰყავთ, რადგან მას ხელისუფლება, პრაქტიკულად, არ ჰქონია. საქართველოში კი უამრავი მკვლელობა გამოუძიებელი, უამრავი ქონებაა წართმეული და მთელ ქვეყანაში შემოსავალი, რაც იყო, ერთი ჯგუფი ინაწილებდა.
„დღეს გამოდიან და თავს ისე წარმოგვიდგენენ, თითქოს ანგელოზები არიან, დაპატიმრებებს იმ წამს პოლიტიკურ სარჩულს უდებენ, ეს კი ასე არაა. ნუ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ყრუა. მათ საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ ნაწილობრივ მაინც იგრძნეს და განიცდიან იმ დანაშაულს, რომელიც მათ ჩაიდინეს. სააკაშვილს როდესაც შევხვდი, ვუთხარი, რომ ამის გასაღები აქაა. რჩევა მივეცი, რომ გამოდი, ბოდიში მოიხადე და გადადექი... და მერე ეს ჩემი ნათქვამი ულტიმატუმად გადათარგმნეს. გამოსავალი აქაა. მე აქ მოვედი, ჩემს ქვეყანას დავეხმარო და ამის ვალდებულება მქონდა. დღეს აქ ვიყო და ზურგსუკან შეთანხმებები მქონდეს, ამას არცერთ შემთხვევაში არ ვიკადრებ. ეს რომ არ მომხდარიყო, დანაშაულებებიც არ უნდა არსებობდეს, მე არ მინდა წინასწარ ამაზე ვილაპარაკო და თუ ეს ასე არის, ამის სხვა კონტექსტში გადატანა, ან პატიება არ მოხდება. ჩემი სურვილია, რომ ეს პროცესები არ გაღრმავდეს და, რაც შეიძლება, მალე დამთავრდეს. ამისთვის, ჩემი აზრით, გასაღები მხოლოდ მათ აქვთ, ვინც დანაშაულში მონაწილეობდნენ, კეთილი ინებონ და დღეს მაინც თქვან, რომ მათ რაღაც შეეშალათ. საზოგადოებას აცნობონ, რომ საკუთარ დანაშაულს განიცდიან ნაწილობრივ მაინც.“
ამნისტიასა და კრიმინალის მოსალოდნელ გაზრდაზე
პრემიერ-მინისტრი ფართო ამნისტიის თემასაც შეეხო, რომელიც მომავალში იგეგმება. მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას მშვენივრად ესმის ის რისკი, რაც ამ ამნისტიას ახლავს - შესაძლოა, კრიმინალი გაიზარდოს, თუმცა საზოგადოებას სთხოვს, გაგებით მოეკიდოს ამ ამბავს.
„რა თქმა უნდა, ამის ეჭვი არსებობს, რომ შეიძლება, იქ ვიღაც გამოიპაროს, რეალური კრიმინალი იყოს და კრიმინალიზაცია რაღაც ეტაპზე გაიზარდოს სახელმწიფოში. ამისთვის არსებობენ ორგანოები და, ალბათ, შესატყვის რეაგირებას გააკეთებენ, მაგრამ პროცესი ეჭვის ქვეშ არ დგება, რომ პოლიტიკური პატიმრები, რაც შეიძლება, მალე უნდა გათავისუფლდნენ... რა თქმა უნდა, ეს რაღაც ეტაპზე და გარკვეული დრო გაზრდის კრიმინალს, საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს, უნდა გავიჭირვოთ. იქ ძალიან ბევრი და უმრავლესობა იმსახურებს ამას, ვიღაცეები გამოგვეპარებიან, ვიღაცეებს უკან შებრუნება მოუწევს. ეს ჯანსაღი პროცესია და, მე მგონი, საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ,“ - განაცხადა ბრიფინგზე ივანიშვილმა.
ტარიფები არ განახევრდება...
პრემიერი კომუნალური ტარიფების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ კომუნალური გადასახადების ტარიფები ვერ განახევრდება.
„რაც შეეხება ტარიფებს, პროცესი გაგვიჭიანურდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ვერ მოვახერხეთ გარკვევა, ბოლომდე ფასის წარმოქმნა როგორ ხორციელდება ელექტროენერგიაზე და ასევე გაზზე. უახლოეს დროში განვმარტავთ. შემიძლია გითხრათ, რომ განახევრება ტარიფების, რასაც ველოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და, როგორც ჩანს, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით... შეიძლება, ტარიფების შემცირება მოვახერხოთ, თუმცა განახევრება ვერ მოხერხდება,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება სხვა სოციალურ საკითხებს, ივანიშვილის განცხადებით, ჯანდაცვის პროექტებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა - ეს პროცესი იანვრის ბოლოდან დაიწყება. 67 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია იზრდება 125 ლარამდე, 2013 წლის სექტემბრიდან კი პენსია საქართველოში არსებულ საარსებო მინიმუმს, 150 ლარს, გაუტოლდება.
სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდიდან დაფინანსდება ტექნიკის შესყიდვა, ხოლო თითო რეგიონში თითო ქარხანა აშენდება.
პოლიტიკური ოპონენტების შეფასება ასეთია - შოკისმომგვრელი აღიარება...
„ჩვენ მოვისმინეთ შოკისმომგვრელი, გულწრფელი აღიარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. დღეს გაირკვა, რომ მთელი ის საუბრები, თითქოს იქ ტარდება შემოწმება, ყალბი იყო, რაც ბევრისთვის ისედაც ნათელი გახლდათ... დღეს ითქვა პირდაპირ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მოსწონს პრემიერ ივანიშვილს და სურს ამ არხის შერწყმა საკუთარ, პირად ტელევიზიასთან, „მეცხრე არხთან“, რომელიც, ყველამ იცის, რომ იყო მისი პოლიტიკური პარტიული პროპაგანდის ორგანო.
შეიძლება ვინმე ამაში შემედავოს და ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი, მაგრამ ამაში არ არის საქმე: საქმე იმაშია, როგორ შოკისმომგვრელად პირდაპირ გვეუბნება პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი საკუთარი ამოცანების და ამ ამოცანების მოტივების შესახებ,“ - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.
უშიშროების საბჭოს მდივანი თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები არის უაღრესად საგანგაშო სიგნალი დემოკრატიისათვის და ამ განცხადებებით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას.
„ის, რაც ჩვენ პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე მოვისმინეთ, არის უაღრესად საგანგაშო სიგნალი ჩვენი დემოკრატიისთვის. პრაქტიკულად, ძალიან გამჭვირვალედ, პირდაპირ და მკაფიოდ ითქვა შემდეგი, რომ პოლიტიკური ოპონენტების, იმ ხალხის, ვინც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, დაპატიმრებები, იმ დაჭერების მოტივი, რომელთაც ჩვენ ყველანი ვადევნებთ თვალყურს, არის არა სამართლიანობისთვის ბრძოლა, არა კონკრეტული დანაშაულის გამოძიება, რაც საჯარო გამოსვლებში ზოგჯერ გვესმოდა, არამედ, პირდაპირ რომ ვთქვათ, გაღიზიანება იმ ფაქტით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ოპოზიცია, არსებობს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ხმას იღებს, ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებს. პირდაპირ ითქვა, რომ ხალხს აღიზიანებს ეს რიტორიკა, რასაც გონებრივი აგრესია ეწოდა. ვერ გეტყვით, ზუსტად ეს რას ნიშნავს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მოხდა მოტივების სრული ლუსტრაცია. თან დაზუსტდა ის, რომ აქ რომელიმე კონკრეტულ დანაშაულზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ასამართლებენ, ოღონდ სისხლის სამართლებრივი დევნის გამოყენებით, პოლიტიკურ ჯგუფს, პოლიტიკურ ოპოზიციას,“ - განაცხადა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრს სერგო რატიანს კი პრემიერ-მინისტრის განცხადებები ამნისტიასთან და კრიმინალთან დაკავშირებით, ჯაბა იოსელიანს ახსენებს.
„გუშინდელმა პრესკონფერენციამ ჩემზე შემაშფოთებელი შთაბეჭდილება დატოვა. როცა ვიხსენებ, ვის შეეძლო გაეკეთებინა ასეთი განცხადება, ერთადერთი, ვინც მახსენდება, არის ჯაბა იოსელიანი,“ - განაცხადა რატიანმა პრესკონფერენციის დროს. მისივე თქმით, ამნისტია უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანების საზოგადოებაში რეინტეგრაცია და არა - კრიმინალის ზრდა და ამაზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება შეუერთდეს ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიას, ეს არის წარმოუდგენელი. მე მგონი ივანიშვილს ვიღაცამ უნდა აუხსნას, თუ რას ნიშნავს დემოკრატია. ეს გაკვეთილები ვიღაცამ უნდა ჩაუტაროს. შეიძლება ფსიქიკური ბალანსი დაირღვეს, მაგრამ უნდა ვეცადოთ,“ - ასევე განაცხადა სერგო რატიანმა.
ექსპერტების შეფასება - პრემიერმა გულწრფელობის მაღალი ხარისხი აჩვენა...
„ჩემი აზრით, თავად ფორმა და პერიოდულად ჟურნალისტებთან ურთიერთობის პირობა მიმზიდველი უნდა იყოს მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან, როგორც ყოველთვის, გულწრფელობის მაღალი ხარისხის მოწმე გავხდით. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ამ რეჟიმში ურთიერთობა საინტერესოც და შედეგიანიც იქნება. ალბათ, ერთი თვე უნდა გავძლოთ ხოლმე და ვეცადოთ, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო ინფორმატიული და კიდევ უფრო კარგად ორგანიზებული იყოს“ - ამბობს „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრის დროს.
ექსპერტის განცხადებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია ზოგიერთი საკითხი, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის. ამ უფლებამოსილების განმახორციელებლად დღეს წარმოდგენილია ბატონი ბოკერია, მაგრამ სრულიად მკაფიო იყო ივანიშვილის ნათქვამი, რომ მმართველი ძალა ბოკერიას მიერ წითლად გაფერადებული ხაზების დაცვას არ აპირებს.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის წელიწადნახევარში წავიდოდა პოლიტიკიდან, ცოტა არასერიოზულია, რადგან საზოგადოებამ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ივანიშვილის ნდობით დაუჭირა მხარი და არა მის მთელ გუნდს. არა მგონია, რომ წელიწადნახევარში მკვეთრი ცვლილების განხორციელება იყოს შესაძლებელი. ხელისუფლება ოთხი წლის ვადით არის არჩეული და ვადის გასვლის შემდეგ თუ მივიღებთ იმას, რომ ყველა შტო დამოუკიდებელი იქნება, მაშინ, კი ბატონო, რადგან ვინც მათ მერე მოვა ხელისუფლებაში, თავიანთ ნებაზე ვერაფერი შეცვალონ და კიდევ ერთი, არ მგონია, რომ წელიწადნახევრის შემდეგ თუნდაც მის გუნდს, თვითონ ივანიშვილის კონტროლი არ დასჭირდეს,“ - განაცხადა ესპერტმა კახი კახიშვილმა „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.