დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რელიგია კანონიერების ჭრილში
2013/06/10 14:01:24

უნდა გახდეს თუ არა მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია?

 

 

რელიგიის თემა ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც, ტაბუდადებულია და მასზე საჯარო საუბარი არ შეიძლება, თუმცა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მდგომარეობამ, ანალიზის თუ არა, კომენტარის გაკეთების უფლება ყველას მისცა.

17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს რამდენიმე სასულიერო პირის არაადეკვატური რეაქცია გახდა მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ეკლესიის როლი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ მომხდარი თავის სასარგებლოდ გამოიყენა და, ნებსით თუ უნებლიეთ, მორწმუნეთა გაღიზიანება გამოიწვია.

ასევე რთული საკითხია რელიგიური უმცირესობების და მართლმადიდებელი ქართველების თანაცხოვრება. აღნიშნული საკითხი გაცილებით მწვავედ დგას რაიონებსა და სოფლებში, სადაც, საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებულობის გამო, პრობლემა უკიდურესად მწვავე ხასიათს იღებს და საკითხი ხელჩართულ ჩხუბში გადადის ხოლმე.

მართლმადიდებლები ეწინააღმდეგებიან მათ სიახლოვეს მეჩეთის თუ სხვა რელიგიის სალოცავების მშენებლობას და ითხოვენ მათი, როგორც ამ ქვეყნის ძირითადი ნაწილის, უფლებები დაცული იქნას, თავის მხრივ კი რელიგიური უმცირესობები სახელმწიფოს მიერ აღიარებული კანონიერი უფლების დაცვას მოითხოვენ.

სწორედ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, 5 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის - „დასავლეთ საქართველოს სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის“ ფარგლებში გაიმართა დისკუსია  თემაზე „რელიგიის თავისუფლება კანონმდებლობასა და რეალობაში.“

როგორც მომხსენებელმა ნათია გოდუაძემ აღნიშნა, „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დამსწრე საზოგადოებისათვის რელიგიის თავისუფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების გაცნობა და საქართველოს რეალობაში ამ გარანტიების განხორციელების ანალიზი.“

შეხვედრაზე განიხილეს ეკლესიისა და სახელმწიფოს სამართლებრივი ურთიერთობის რამდენიმე მოდელი. საუბარი შეეხო აღმსარებლობის თავისუფლების თემას, კონსტიტუციით მონიჭებულ გარანტიებს და რეალობას - რელიგიურ ნიადაგზე მოხშირებულ ძალადობის ფაქტებს.

კანონმდებლობაში რელიგიის თავისუფლებაზე ისაუბრა საია-ს ქუთაისის ორგანიზაციის პროგრამების დირექტორმა ნოდარ ჯიქიამ: „დღეს შეკრებილი  აუდიტორია არის როგორც სტუდენტ-ლექტორები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მისასალმებელია, რომ სტუდენტების ინფორმირება ხდება. სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ეს თემა ძალიან პრობლემურია. რაც შეეხება „საია“-ს დამოკიდებულებას რელიგიურ საკითხებთან და სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევართა უფლებების დაცვასთან, ამაზე მუშაობა დღეს არ დაგვიწყია, დღიდან დაფუძნებისა ვეხებით ამ თემას. ყოველთვის გვქონდა ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოში უმცირესობების უფლებების დასაცავად. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა ძვრები ხელისუფლების მხრიდან.  რელიგია და სახელმწიფო უნდა განცალკევდნენ ერთმანეთისგან. აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან იყო მინიშნება საპატრიარქოსათვის  მანქანების გადაცემასთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან კარგ ჟესტად არ იქნა აღქმული.  მისასალმებელია, რომ ახალი ხელისუფლება აღიარებს  ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის კანონიერ უფლებას, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური წარმოშობისა და სოციალური სტატუსისა. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამ მხრივ სიტყვა და საქმე მაინც და მაინც ერთი არ არის.“

ეკლესიის უფლებებსა და ვალდებულებებზე საუბრობს საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძეც: „ეკლესიას გააჩნია უფლებები, მაგრამ ამ უფლებებს არ მოჰყვება ვალდებულებები. იგივე ანგარიშვალდებულება საბიუჯეტო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რაც აუცილებლად უნდა გადაწყდეს.

კონკორდატის არსებობაში პრობლემა და დარღვევა  არ არის, თუმცა დარღვევაა იმ მხრივ, რომ ეკლესიას ამ კონკორდატით ბევრი პრივილეგია გააჩნია, მათ შორის - საგადასახადო შეღავათები, რითაც ვერ სარგებლობენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. კარგი იქნება თუ მოხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არა მხოლოდ ვიწრო ორგანიზაციების კუთხით, არამედ მოხდება იგივე რაიონებში და სოფლებში მოსახლეობის ინფორმირება მათ უფლებებსა და მოვალეობებზე, რათა მივიღოთ ტოლერანტული საზოგადოება. სწორედ ინფორმაციის არქონა ხდება დაპირისპირების მიზეზი.“

შეხვედრას  ესწრებოდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, სახელმწიფო მათი დაცვის კუთხით გარკვეული სახის სისუსტეებს იჩენს. შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ სასულიერო პირები, თუმცა, დისკუსიას  მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.

საუბარი შეეხო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხს. იურისტებს მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მეტი უფლება მიეცემა, ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, რაც თავის მხრივ, ეკლესიასაც ბევრ ვალდებულებას დააკისრებს.

მცირე გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ეკლესიის როლი სახელმწიფოში იმდენად დიდია, რომ ვერც ლგბტ პირებთან და ვერც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან მომხდარმა პრობლემებმა ამ როლის შესუსტება ვერ მოახერხა, საზოგადოების დიდ ნაწილს  იურისტებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს და მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდეს და მისი უფლება ქვეყანაში უზენაესი უნდა იყოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია