თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 4-დღიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, ამერიკის პრეზიდენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრი თურქეთ-სირიის კონფლიქტს განიხილავს.
„ეს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ობამასთან შეხვედრისას ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ პრობლემის მოსაგვარებლად. ბუნებრივია, უნდა გამოინახოს პოლიტიკური გზები ამ კრიზისის გადასალახად, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებების დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა წარმატება ვერ მოგვიტანა,“ – განაცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე განცხადებით, დამოკიდებულება ანკარასა და დამასკოს შორის განსაკუთრებულად დაიძაბა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ რეიხანლიში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რასაც 51 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტის ორგანიზებაში ერდოღანი სირიის მთავრობას ადანაშაულებს. თავის მხრივ, ოფიციალური დამასკო თურქეთის პრემიერ-მინისტრს მკვლელსა და ჯალათს უწოდებს.