დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება
2013/03/21 15:49:26

ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი საქართველოს პარლამენტში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მოწვევით ჩამოვიდა. ელჩი საკანონმდებლო ორგანოში საგარეო კომიტეტის წევრებს შეხვდა. მან ასევე ცალ-ცალკე შეხვედრები გამართა დავით უსუფაშვილთან და დავით ბაქრაძესთან. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრიდან გამოსულმა რიჩარდ ნორლანდმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მისთვის დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა. ა.შ.შ.- ის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა გაგრძელდება მიუხედევად იმისა, თუ ვინ იქნება ქვეყნის ხელისუფლებაში. ნორლანდის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიის კუთხით ძალიან დიდი პროგრესია: „ქვეყანას ჰყავს არჩევნების გზით მოსული ხელისუფლება, ძლიერი და დიდი გამოცდილების მქონე ოპოზიცია და ასევე თავისუფალი მედია და სასამრთლო,“ - აღნიშნა მან. ნორლანდმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში გამოხატული თავდადებისთვის და მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც საქართველოს ამ მისიის შესრულების განმავლობაში ჰყავს. ელჩი დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასაც შეეხეო. ის აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს შიდა საკითხია. „თუმცა, რამდენადაც მედიისგან გავიგე, ორივე მხარეს აქვს მზაობა ამ  ცვლილებების განხორციელებისათვის, მაგრამ ორივე მხარე იცავს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს, აქ გასაკვირი არაფერია, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიულო პროცესია,“ – ამბობს ნორლანდი.

კომენტარები შეხვედრებიდან გამოსულმა  დეპუტატებმაც გააკეთეს. მათი თქმით, საგარეო კომიტეტმა ელჩის შეხვედრის მთავარი  თემები: საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, საგარეო კურსი და, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იყო.

ეკა ბესელიამ შეხვედრა შეაფასა, როგორც ძალიან საინტერესო. „ელჩის მიერ გამოხატული პოზიცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ელჩმა აღნიშნა, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ასევე ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისკენ არის მიმართული. მე გავაკეთე კომენტარი, რომ ადამიანის უფლებების დაცვა  ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. ის კრიტიკული ანგარიშები, რომლებიც იწერებოდა 2010-2012 წლებში ადამიანის  უფლებების დაცვის კუთხით, მოკლე პერიოდში გამოსწორდება,“ - აღნიშნა ბესელიამ.

თედო ჯაფარიძის თქმით, განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჯაფარიძის განცხადებით,  აშშ. აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც და ამ თემაზე  დებატებს. „თუმცა, ამერიკა არ აპირებს ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას. უბრალოდ, ის მიესალმება ამ პროცესების დემოკრატიულად გაგრძელებას,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.

უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა კი ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ახალ  ხელისუფლებას ურჩევს, გაითვალისწინოს ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნაც „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონპროექტზე.

ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, არ ისაუბრა უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დეტალებზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია