დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
9 მაისი, სტალინი
2013/05/13 13:02:43

68 წელი გასულა 1945 წლის 9 მაისიდან. 68 წელია, კაცობრიობა ვერ ივიწყებს ამ უდიდესი ომის პერიპეტიებს, პერსონაჟებს, უცნობ ჯარისკაცებს,საკონცენტრაციო ბანაკების დანომრილ პატიმრებს, მოურჩენელ ტკივილებს და უდიდეს შეძრწუნებას - თუ რა შეუძლია აკეთოს შეშლილმა მსოფლიომ... და მაინც, რა იყო ეს? „ომი გადაარჩენს გერმანელ ხალხს, ეს ღმერთის განაჩენია!“ - ამბობდა ფიურერი. „ომი საშინელი სტატისტიკაა!“ - ამბობდა საბჭოთა დიქტატორი. ღმერთის ამ საშინელმა „განაჩენმა“ და საშინელმა „სტატისტიკამ“ შეიწირა მილიონობით სიცოცხლე, საუკუნით შეაფერხა ცივილიზაციის სვლა და მაინც, დღემდე ჭკუა ვერ ასწავლა კაცობრიობას.

ომმა, რომელმაც მსოფლიოს ყველა კუთხე მოიცვა, ძირითადად ჰიტლერის, მუსოლინის, სტალინის, ჩერჩილის, რუზველტის ხელში გაიარა. ინტერესი ამ ადამიანების მიმართ დღემდე არ ჩამქრალა. ვინ, რატომ, როგორ - ალბათ, ესაა ძირითადი მაკონტროლებელი კითხვები. შეფასებები არაერთგვაროვანია. ისტორია თავისას ამბობს. დრო არაფერს ივიწყებს.

იტალიაში ყოფნის ცხრა წელმა სულ სხვა თვალით დამანახა იტალიური ფაშიზმი, გერმანული ნაციზმი და საბჭოური ბოლშევიზმი. ათიათასობით დოკუმენტურ მასალას იეროგლიფების ცოდნა არ სჭირდება. აშკარად, გარკვევით იკითხება და ანალიზდება ყველა დეტალი. ამ მასალების მიხედვით, ჰიტლერი იყო: „გენიალური მატყუარა“, „კრიმინალი“, „ჭკუით ავადმყოფი“, „სიკვდილის სამეფოს ბატონი“, „ნგრევის უდიდესი კომენდანტი“, „ყველაზე საშიში კაცი მსოფლიოში“. იგივე დოკუმენტური მასალებით, სტალინი - „უჭკვიანესი დიქტატორი“,   „რკინის ნებისყოფიანი სტრატეგი“, „შოკისმომგვრელი, მაგრამ უღალატო პიროვნება“, „ლაპარაკობდა ცოტას, აკეთებდა ბევრს“, „თავის ჩრდილში ამყოფებდა დიდ და პატარა პოლიტიკოსებს“, და ბოლოს, „იყო კავკასიელი, ქართველი, ესე იგი, თავისი სიტყვის პატრონი, ესე იგი, სიტყვის კაცი“. ამას არ ამბობს საბჭოური ისტორია, ამას მსოფლიო ისტორია ამბობს. „როცა კულტი კულტურად იქცევა, იწყება ფანატიზმი“ (ენრიკო კარუზო). ამ ომმა ორი ფანატიკური სამყარო დაუპირისპირა ერთმანეთს. ამ ომმა ორი უღმერთო ადამიანი შეახვედრა ერთმანეთს და ღმერთის განაჩენმა 1945 წლის 9 მაისს რაიხსტაგზე საბჭოთა დროშა აღმართა.

აუხსნელი საოცრებებიც არის ამ ომის ისტორიაში. ნახევრად შეშლილმა, ავადმყოფმა კაცმა შეძლო გერმანელი ერის მობილიზება მსოფლიო ბატონობისათვის. ფეხზე დააყენა და მომართა ნახევარი მსოფლიო მეორე ნახევრის დასაპყრობად... მან შეძლო მსოფლიოს აგონიაში ჩაგდება და ჯოჯოხეთის კარუსელის დატრიალება...

„უღმერთო დიქტატორმა“ ფეხზე დააყენა უღარიბესი და გაუნათლებელი რუსეთი. უსწრაფესი ტემპებით აშენა, აკეთა, შეაიარაღა, გააერთიანა ქვეყანა და არნახულ ქარიშხალს ღირსეულად დაახვედრა. „რაიხის ბედი ჩემზეა დამოკიდებული!“ - ჰიტლერი. „ომის ბედი საბჭოთა ჯარისკაცზეა დამოკიდებული!“ - სტალინი. „ბოლშევიზმი გერმანელი ხალხის მტერია, კომისრები უნდა გაიწყვიტოს!“ - ჰიტლერი. „ჩვენ არ ვებრძვით გერმანელ ხალხს, ჩვენ ვებრძვით ფაშისტურ გერმანიას!“ - სტალინი. „ჩემ სიცოცხლეში ხელს არ მოვაწერ კაპიტულაციას!“ - ჰიტლერი. „ჩვენ ომს ბერლინში დავამთავრებთ!“ - სტალინი. და ასე დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. ბოლოს, ნიუბერგის პროცესზე  გერინგის ცნობილი ფრაზა -„ოჰ, ეს რუსები!“  დიახ, რუსები, რომლებმაც შეუძლებელი შეძლეს და ომი დაასრულეს იქ, სადაც მსოფლიოს ბატონობის, მსოფლიოს დასაკუთრების, გადანაწილების იდეა ჩაისახა. ნიუბერგის პროცესის  ნომერ პირველ სკამზე მჯდომმა გერინგმა, რომელიც ოქროს ფილებით მოპირკეთებულ აბაზანებს, ოქროს სახელურიან კარ-ფანჯრებს, ძვირფასი ქვებით მოჭედილ შანდლებს, უნიკალური სურათების კოლექციებს (და ასე შემდეგ), უზარმაზარ სიმდიდრეებს ფლობდა, ზიზღით განუცხადა კაცობრიობას: „ჩვენი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ომი წავაგეთ“. თუ რას უპირებდნენ საბჭოთა კავშირს ომის დამთავრების შემდეგ, გერინგმა სიამაყით აღიარა: „მე ძველი მონადირე ვარ და ვიცავ წესს - დათვის ტყავი მას შემდეგ უნდა გაანაწილო, როცა მას მოკლავ“.  ტყავის განაწილება იმის მიხედვით  მოხდებოდა, თუ რა ღირებულებების იქნებოდა ეს ტყავი.

იტალიაში ყოფნის დროს ვცდილობ, იტალიელებს ვათქმევინო ბენიტო მუსოლინის უარყოფითი, ცუდი, საწყევარი, ავადმოსახსენებელი. თქვენ წარმოიდგინეთ, უმრავლესობა დუმს, უმცირესობას უძლიერეს ხელისუფლად მიაჩნია.  მუსოლინის შვილიშვილი, ალექსანდარა მუსოლინი, პარლამენტიდან სიამაყით აცხადებს: „თავი დაანებეთ ბაბუაჩემს, მას თავისი ადგილი აქვს იტალიის ისტორიაში“. საქართველოში კი არავინ ამბობს - თავი დაანებეთ სტალინს, მან მსოფლიოს ერები იხსნა ერთიანი ფაშისტური სიკვდილისაგან. ქვეყანა, რომელსაც სამასი ათასი შინმოუსვლელი დაუტოვა ამ ომმა, არად აგდებს ღიმილის ბიჭების ხსოვნას, ამ ომში გამარჯვების მეთაურის უდიდეს ღირებულებებს, და თუ სადმე ძეგლი და ბიუსტი ნახა, ყველგან მოთხარა, საღებავები გადაასხა, აგინა, ლანძღა, დახვრიტა, ჩამოახრჩო, ისტორიის სანაგვეზე გადააგდო... და მაინც - ის არის! ის აოცებს მსოფლიოს თავისი უდიდესი გონებით, თავდაჭერილობით, შორსმჭვრეტელობით, ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარით. „დიქტატორი“ - ამაზე მეტ ბრალდებას მას მსოფლიო ისტორია ვერ უბედავს. ალბათ იმიტომ, რომ ეს „დიქტატორი“ დირიჟორობდა ომს და მის სამართლიან დასასრულს...

ერთხელ, ერთ-ერთ ექიმთან ვიზიტის დროს, კაბინეტში შესვლისთანავე მკითხა: „შენ (?) სტალინის ქვეყნიდან ხარ?“ „დიახ“- იყო ჩემი შეცბუნებული პასუხი. „ტიროდი როცა მოკვდა?“ „არა, ჩემი მშობლები ტიროდნენ“. „შეგიძლია წახვიდე, მე არ მიგიღებ“. არ გავღიზიანებულვარ, პირიქით, საოცარი სიამაყე ვიგრძენი. პირველი, სტალინის ქვეყნიდან ვარ! მეორე, სტალინის ვიღაცებს დღესაც ეშინიათ!

მეორე შემთხვევა. ავადმყოფ ქალბატონს საავადმყოფოში თავზე ვადგავარ. ექთანმა გამომიცხადა, რომ მკურნალი ექიმი მიბარებდა. შევედი  უზარმაზარ კაბინეტში. საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და გამომიცხადა: „გავიგე, რომ ქართველი ხართ, სტალინის ქვეყნიდან. მიხარია, რომ გაგიცანით. როდესაც სამშობლოში ჩახვალთ, იმ პატარა ქოხში, ჩემს სახელზე ყვავილები მიიტანეთ“. თვალები ცრემლებით ამევსო, მადლიერებით შევხედე და შევპირდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი.

სამშობლოში დაბრუნებულს აღარც სტალინის ქოხი დამხვდა, აღარც სტალინის ძეგლი და აღარც სახსენებელი.

ყოჩაღ, ქართველებო! ღირსეულ შვილებს ასე ადვილად რომ ასხვისებთ, ასე ადვილად რომ კლავთ. და მაინც, „საბჭოთა დიქტატორი“ არის! იქნება! და ყოველთვის მოსვენებას დაუკარგავს ისტორიას. ფაშიზმზე გამარჯვების სამოცდამერვე წელს აღნიშნავს მსოფლიო და ისევ    „საბჭოთა დიქტატორის“ ღირსებებს იხსენებს. მე კი მინდა აქედან ვიყვირო: თავი დაანებეთ სტალინს, მას თავისი ადგილი აქვს მსოფლიოს ისტორიაში!

 

პატივისცემით, ცისანა იობიძე,

იტალია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია