ქუთაისის ავტოქარხნის მართვის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარე კახა ხვარეშია მოქალაქისათვის მიყენებული ტრავმის გამო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
ხვარეშია მეზობლის, ნარგიზა ნემსაძის მიმართ გინებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ დასჯერდა და ქალბატონს რკინის ბოძზე მიარტყმევინა თავი. როგორც სასამართლოს მასალებიდან ირკვევა, ამ ყველაფერს საჯარო მოხელე გამართლებას თურმე იმით უძებნის, რომ ახლა მისი ხელისუფლებაა და, რასაც უნდა, იმას იზამს - დაზარალებულს ეს ფრაზა მან რამდენჯერმე გაუმეორა.
ნაციონალური მხარდაჭერით დაიმედებული ავტოქარხნის „ბოსი“, როგორც მართვის ტერიტორიულ ორგანოში აგვიხსნეს, ახლა შვებულებაშია და, შესაბამისად, მოქალაქეებთან ურთიერთობასაც გარიდებულია. არადა, კომუნიკაციის პრობლემები მას ადრეც რომ ჰქონდა, ამაზე ჩვენი გაზეთიც წერდა.
კახა ხვარეშია სამსახურში ვერა, მაგრამ, მოულოდნელად, ხალხში გასული კი ვნახეთ - იქ, სადაც ქუთაისელები საქართველოს მთავრობისაგან ისმენდნენ „ანგარიშს“.
... ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი მისი გამამტყუნებული განაჩენი 2009 წლის 16 ივნისს გამოიტანა.
ინციდენტი ერთი წლის წინ, 2008 წლის 8 სექტემბერს მოხდა. დაზარალებული ნარგიზა ნემსაძე ყვება, რომ ის ჯიბლაძის ქ. ?29-ში, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში იმყოფებოდა, როცა მასთან კახა ხვარეშია შევარდა. პირდაპირ გინებაზე გადავიდა და ეკამათებოდა, თუ რატომ დაუნგრია მას აგურებით შეკავებული საყვავილე. თავად ქალბატონი ნარგიზა ამტკიცებს, რომ საყვავილე მისი სახლის წინაა და ხვარეშიას მასთან შეხება არ აქვს. ის კი იმუქრებოდა, რომ თავის თავზე პასუხს არ აგებდა და მოკლავდა. „მითხრა, აგკუწავ და ვერავინ ვერაფერს მიზამსო,“- იხსენებს დაზარალებული ქალბატონი.
მოგვიანებით ნარგიზა ნემსაძე თავად კახა ხვარეშიას სახლში იმ იმედით მივიდა, რომ ეგონა, მეზობელი ამასობაში დამშვიდდებოდა და გაარკვევდა მის პრეტენზიებს. „ხვარეშიას შევეკითხე, რატომ მაგინა, მაგრამ იგი იერიშით წამოვიდა ჩემკენ და, როდესაც მომიახლოვდა, თავი დამარტყა შუბლის არეში. ინერციით სახლის საყრდენ ბოძს დავარტყი თავის უკანა მხარე და გონი დავკარგე. იგი ამ დროს გასახლებითაც მემუქრებოდა,“ - გვიამბო ნარგიზა ნემსაძემ. ინციდენტი მას შემდეგ დამთავრდა, როცა ხალხი შეიკრიბა.
მეორე დღეს კი დაზარალებულმა ქალბატონმა შემაწუხებელი ტკივილების გამო ქუთაისის საოჯახო მედიცინის ცენტრს მიმართა. მკურნალმა ექიმ-ნევროპათოლოგმა გოჩა ტოფაძემ მას ასეთი დიაგნოზი დაუსვა - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ცერებრალური ანგიდისტონიით.
სასამართლო სხდომაზე კახა ხვარეშიამ თავი დამნაშავედ არ სცნო და ამ ამბის საკუთარი ვერსია წარმოადგინა: 8 სექტემბერს სოფლიდან დაბრუნებულმა შეამჩნია, რომ ნარგიზა ნემსაძეს ფილა დაეზიანებინა და წყალი მიშვებული იყო მისი სახლისკენ, რის გამოც ის მივიდა მაღაზიაში მასთან და გააფრთხილა, რომ დაზიანებული შეეკეთებინა. მათ შორის ჩხუბი ნემსაძის მიერ დედის შეგინებას მოჰყვა, თვითონ მას კი დაზარალებულისთვის არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია. სასამართლომ განსასჯელის ეს ჩვენება შეაჯერა წინასწარ გამოძიებასა და და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და ჩათვალა, რომ ხვარეშიას ჩვენება მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.
სასამართლოს დადგენილებით, კახაბერ ხვარეშია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
უცნაურია, მაგრამ სასამართლოს მიერ ამ განაჩენის გამოტანის შემდეგაც კი, როგორც ქალბატონი ნარგიზა ამბობს, მასზე თავდასხმა სულ რამდენიმე დღის წინ, ღამის სამ საათზე შინ შემოვარდნით და სიტყვიერი შეურაცხყოფით განმეორდა. მისი თქმით, ის პატრულის გამოძახებას მოერიდა, იმ დღის შემდეგ კი ხვარეშია ოჯახთან ერთად საკუთარ სახლს გაეცალა.
თავად კახა ხვარეშია სულაც არ თვლის, რომ ჭირვეული მეზობელია და საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციოში ასაჩივრებს. რაც შეეხება მის ახლანდელ თანამდებობრივ სტატუსს, როგორც აგვიხსნა, განცხადება თავად დაწერა და სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ავტოქარხნის მართვის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. მეზობლურ კონფლიქტთან დაკავშირებით იგი აღნიშნავს: არარეალური რომაა ბრალდება, იმიტომ გავასაჩივრეო. შეკითხვაზე - თუ კონფლიქტის ამბავი არარეალურია (მის რეალურობას რამდენიმე მოწმე ასაბუთებს) და ასევე ბრალდებაც, მაშინ მეზობელს რა მოტივით შეიძლებოდა ეჩივლა? - ის პასუხობს: „ეს განსჯის საგანი არ არის, ძაან შინაურული და პირადულია, სამეზობლო დავაა და სამსახურთან არანაირ კავშირშია. სამწუხაროა, საქმე სასამართლომდე რომ მივიდა, მაგრამ იმედია, გადაწყდება ისე, როგორც გვერდით მეზობელს შეეფერება, თორემ მეზობელი შეიძლება იყოს ქუჩის თავშიც. მე ვცდილობ, მასთან გამოვძებნო ის ურთიერთობა, რაც ადრე გვქონდა, როგორც ძმას და დას“.
დაკარგავს თუ არა დედმამიშვილური გრძნობებით აღსავსე ხვარეშია ორიათას ლართან ერთად თანამდებობას ქუთაისის თვითმმართველობაში, ამაზე ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის.