დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ, რა, ადამიანები არ ვართ?!
2011/03/21 12:57:39

1992 წელს აფხაზეთიდან ასობით დევნილი ქუთაისის გარეუბანში, საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული ტურბაზა „რიონის“ ხის კოტეჯებში ჩაასახლეს. დღეს მდგომარეობა უმძიმესია, კოტეჯები, ფაქტობრივად, დაშლის პირასაა მისული. აქამდე 15 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა საცხოვრებელი პირობებიც ვერანაირ კრიტიკას უძლებს. ისინი სასწრაფოდ საჭიროებენ ალტერნატიულ განსახლებას, თუმცა არც ამ შემთხვევაში არის ცნობილი, როდის და სად იგეგმება მათი გადაყვანა.

ჩვენ ადგილზე ვესტუმრეთ დევნილებს და მათი პრობლემები მოვისმინეთ.

ელვირა მამფორია: „აი, თქვენი თვალით ნახეთ, 18 წელი როგორ სახლში ვცხოვრობ, დანგრეულია აქაურობა. ვირთხებით და ქვეწარმავლებითაა ოთახი სავსე. კატეგორიულად, ახალი ფართის გამოყოფას მოვითხოვთ. დახმარება მხოლოდ 24, პენსია კი 80 ლარი მაქვს. ამით ვირჩენ თავს, სხვა მეტი არაფერი გამაჩნია. ამასწინათ ელექტროენერგიის ვაუჩერი მოიტანეს, შუქის დავალიანება მაქვს და იმას მაინც გადავიხდი“.

მერი დიხამინჯია: „ორი წლის წინ აქედან რამდენიმე ოჯახი შეარჩიეს და ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანეს, ჩვენ კი, ყველაზე გაჭირვებულები, უპატრონოდ დაგვტოვეს. ხალხი უმძიმეს პირობებში ვცხოვრობთ, ზაფხულში ქვეწარმავლები ოთახში დაძვრებიან. რამდენიმე კვირის წინ მთელი ტურბაზა წყალმა დატბორა.

ჩემო კარგო, სამინისტროდან არავინ მოსულა. იმ დღეს მხოლოდ ადგილობრივი მთავრობა, ზოოპარკში რომ ცხოველებს ათავალიერებენ, ისე გვაკვირდებოდნენ გარედან. რად მინდა მაგათი ნახვა, მარტო აქ მოსვლა არაფერს ნიშნავს! მე მინდა რეალური საქმე და არა - დაპირებები. დავით აფციაურს კი ვიცნობ, ჩემი ნათესავია, მაგრამ რას აკეთებს, არ ვიცი. ჩემთან არასოდეს მოსულა. ამასწინათ წერილი გავუგზავნე, თუმცა დღემდე პასუხი არ მიმიღია. 17 წელი დირექტორი ვიყავი, ალბათ, რომ მოვხუცდი, მის მერე აღარ ვარ საჭირო. დღეს კი სახლი არ მაქვს, საწოლად ჩავარდნილი მოხუცი დამტოვეს ამ გაუბედერებულ შენობაში. არასოდეს მიმიღია დახმარება, ჩვენ დაყოფილი ვართ, „შევარდნაძისა და სააკაშვილის დევნილებად“. მე იმას კი არ ვამბობ, რომ არ დაეხმაროთ, მაგრამ იმათ დასამუშავებელი მიწები დაუკანონეს და ჩვენ საკუთარი ჭერი არ გვაქვს. საერთოდ, აფხაზეთიდან დევნილებს ნაკლებად გვაქცევენ ყურადღებას და რატომ არის ასე, ნამდვილად არ ვიცი. ვის მივმართო, სიარული არ შემიძლია, ფეხი მაქვს მოტეხილი. საავადმყოფოში პოლისი შევიტანე, მაგრამ კაცმა არ დამირეკა, ყოველდღე გამაყუჩებლებს ვსვამ. სანამდეც გავძლებ, ვიქნები ასე და მერე ღმერთია მოწყალე. სუბელიანი მხოლოდ ტელევიზიიდან ვიცი, ჩვენი მინისტრია, მე ვიცნობდი დევნილთა მინისტრს, ვალერი ვაშაკიძეს. იმის მერე მინისტრი თვალით აღარ მინახავს. არც შუქის და სურსათის ვაუჩერი მიმიღია. როგორ არის, მართლა მაინტერესებს ეგ. ერთ კაცზეა, თუ ოჯახზე? სხვათაშორის, 30 ლარით ოჯახი რომ ვერ დანაყრდება, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ მივიღე, მაინც სასარგებლოა. 24 ლარი მაქვს დახმარება და წამლებში აღარ მყოფნის და კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა, საერთოდ აქ დასატოვებელი არ ვიყავით, რადგან უმძიმესი პირობებია. ამაზე ცუდი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს“.

ნინო ბენიძე: „ამ დასახლებაში 87 ადამიანი ვცხოვრობთ, სადაც 16 ოჯახამდე ვიქნებით. ზოგიერთები ლუკმა პურის საშოვნელად ბაზრობაზე ვაჭრობენ. ნეტავ, ვინმე მყავდეს, რომ ბავშვი დავუტოვო და მეც გავიდოდი საჭმელის მოსაპოვებლად. აქ ხალხი 24 ლარით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დახმარებით ვირჩენთ თავს. დღეში ერთხელ ვჭამთ, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ. მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, უბინაობა, უჭმელობა, მეტი რა ვთქვა, არ ვიცი (ტირის). ოცი დღის წინ, წყალში იყო მთელი ტურბაზა და სასწაულად გადავრჩით. ვთხოვეთ ჩვენს მთავრობას, პირადად კობა სუბელიანს, რომ მოგვცენ ალტერნატიული ფართი და ბოლოსდაბოლოს, ადამიანებს დავემსგავსებით. ფართის გარდა, უმუშევრობაც გვაწუხებს. ელემენტარული სამუშაო ადგილი რომ იყოს, პურის ფულს მაინც ვიშოვნიდით და ჩვენს ჯოჯოხეთურ ცხოვრებას გავიუმჯობესებდით. თუ კი შვილს პური ვერ ვაჭამე, ჩაი არ დავალევიე, რაღა მშობელი ვარ მაშინ“.

ნათელა აბულაძე: „მეტი რა გითხრა, შვილო, შეხედე - ეს ერთჯერადი კოტეჯები თავზე გვენგრევა. ჯერჯერობით არავის შემოუთავაზებია და მომავალში რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი“.

ნათელა ფაღავა: „პრობლემების მეტი რაა, შვილო, მთელი ტურბაზა წყალში ვცურავთ. დავრეკეთ სამინისტროში, მოვიდნენ მერიიდან, მაგრამ არაფერი შედეგი არ მოუტანია ჩვენთვის. ისევ რომ გაწვიმდეს, მდინარე რიონი კიდევ შემოგვივარდება და გვეშინია, არ წაგვლეკოს. იქნებ გადაგვიყვანონ აქედან. ჩვენ რა, ადამიანები არ ვართ! ზემოდან გვაწვიმდა, დასახლება წყლით იყო სავსე, ვერ გამოვდიოდით გარეთ. ჩვენი ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, ისეთი ტექნიკა არ გაგვაჩნია, რომ წყალი ამოვტუმბოთო. შემოგვთავაზეს ახლო მანძილზე, ასეთივე კოტეჯში გადასვლა, კიდევ კაი, რომ არ წავედით. სულ რამდენიმე კვირის წინ, ის შენობა ქარმა დაამსხვრია. ამ ინციდენტს სუბელიანს ვინ გააგებინებდა, ჩვენი შტაბის ხალხი აფციაურიდან დაწყებული, მერით დამთავრებული, ყველა იყო. რა ვიცი, კაცო, ტელევიზიით ყველაფერს კარგს აცხადებენ, დევნილებს საკმაოდ ეხმარებიან. ალბათ სააკაშვილმა ტურბაზის შესახებ არაფერი იცის, თორემ ასეთ დღეში არ დაგვტოვებდა. მოვხუცდი და, ნეტავ ამ ქოხში, აქ უნდა მოვკვდე?! ეჰ, ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. ვინ იცის, რა ცხოვრება დავტოვეთ აფხაზეთში, 18 წელი აქ ვართ და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.

 

***

ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსს, ბატონ დავით აფციაურს ვესტუმრეთ სამსახურში. ადგილზე დაგვხვდა, თუმცა ტრადიციულად, კაბინეტის კარი ჟურნალისტისათვის კვლავ დაკეტილი აღმოჩნდა. დევნილთა სამმართველოს პრესსამსახურის დახმარებით, დარაზული კაბინეტიდან კიდევ ერთხელ გამოვიტანეთ აფციაურის ნაწყალობევი კომენტარი, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

დავით აფციაური: „ტურბაზის ჩასახლებაში მყოფი ნაწილი ოჯახები ალტერნატიული ფართით დავაკმაყოფილეთ. ისინი „სატრაქტოროში“ გადავიყვანეთ, შენობების რეაბილიტაცია გრძელდება და, როდესაც ჩაგვბარდება ობიექტები, რასაკვირველია, პირველ რიგში იქ დარჩენილ ადამიანებს გადავიყვანთ“.

 

P.S. იქვე ახლოს, აფციაურის თანამშრომელი „კარმას“გამათბობლის გაფუჭებას დარდობდა... ხოლო გაყინული, უმწეო დევნილები, რომელთაც სახლში შეშის ღუმელიც კი არ აქვთ, არავის ახსოვს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1384
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია