დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბარამიძის ინიციატივა „საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ პარლამენტში ამ წუთებში განიხილება
2013/02/18 14:06:23

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების დღევანდელ ერთობლივ სხდომაზე გიორგი ბარამიძის ინიციატივა განიხილეს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის თქმით, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება: პირველი საკითხი ეხება საქართველოს კურსის უცვლელობას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მეორე პუნქტია საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომ მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკა გაგრძელდეს. მესამე მოთხოვნაა, რომ საქართველო არასოდეს გაწევრიანდეს ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა დ.ს.თ, ევრაზიული კავშირი და სხვა ისეთი ორგანიზაციები, სადაც დომინანტი ქვეყანა ოკუპანტია.

„ჩვენი ამოცანაა ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გაჟღერება და დღეს წარვადგენ მე ამ კანონპროექტს. იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს კონსტიტუციური კანონის ინიცირებისთვის საკმარისი ხმები, ამიტომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება კომიტეტის სხდომაზე. უკვე მიმდინარეობს ამ პრინციპების კონსტიტუციაში დაფიქსირების პროცესი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ, ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, არ შეიცვალოს ქვეყნის საგარეო კურსი. ოპოზიციის აზრით, ეს საკითხები უნდა იყოს დაფიქსირებული არა ფრაქციათა და პიროვნებების შეთანხმების დონეზე, არამედ საკონსტიტუციო დონეზე. იმედი მაქვს, ერთობლივი შეთანხმებით მოგვეცემა საშუალება, რომ აღნიშნული პრინციპები დავაფიქსიროთ კონსტიტუციაში,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

ბარამიძის ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ანი მიროტაძემ ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა: „მართლა გულწრფელად მაინტერესებს, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რატომ არ შეიტანეთ ეს ცვლილება კონსტიტუციაში?“.

მიროტაძეს გიგი წერეთელმა უპასუხა. მისი განცხადებით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არ არსებობდა მსგავსი ცვლილებების განხორციელების საჭიროება.

„ახლა კი, ზოგიერთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადებების გამო, ოპოზიცია ვითხოვთ გარანტიებს ხელისუფლებისგან, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვალოს“. - განაცხადა წერეთელმა.

დისკუსია ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით, კომიტეტის ხდომაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ნათია მატარაძე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1325
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია