დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უმცირესობა ზეწოლაზე საუბრობს
2013/02/06 18:52:08

დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლებმა ახალი ხალისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა. მისი თქმით, მის ერთ დას პროკურატურა ემუქრება, ხოლო მეორე - სამსახურიდან დაითხოვეს:

ირმა ნადირაშვილი: „ჩემი საუბარი ნეპოტიზმზე პარლამენტში გამოსვლისას ძალიან მოხვდა გულზე უმრავლესობას. მათ ახსენეს ჩემი ერთი და, რომელიც ქვემო ქართლში, სოციალურ სამსახურში მუშაობს და მას ყოველდღე პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებენ და ემუქრებიან. უმრავლესობას გამორჩა, მე კიდევ ერთი და მყავს, ვეტერინარულ დეპარტამენტში მუშაობდა. ის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ მას აუხსნა, რომ ჩემი გამოსვლა არ მოსწონთ პარლამენტის სხდომებზე."

ნადირაშვილის თქმით, აუცილებლად გააგრძელებს აღნიშნულ საქმიანობას და მომდევნო სასეიო სხდომაზე ნეპოტიზმის გამოვლინების ახალი სიით მოვა.

ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მთავრობის საკადრო პოლიტიკაში ნეპოტიზმის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრის - თამაზ თამაზაშვილის გარეშე დამლაგებლის დასაქმებაც კი შეუძლებელია. ნადირაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად დანიშნა თამაზაშვილის დისშვილი.

უმცირესობის წევრმა ასევე განაცხადა, რომ ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის დამ დაიჭირა აფხაზეთის მთავრობაში მინისტრის მოადგილის პოსტი, ეკა ბესელიას მეუღლე დასაქმდა მთავარ პროკურატურაში, ვიქტორ დოლიძის ძმა არის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის - მაია ფანჯიკიძის შვილი ენერგეტიკის სამინისტროში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ნადირაშვილმა ასევე წაიკითხა ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ახლობლებისა და ნათესავების მიერ აჭარაში დაკავებული თანამდებობების ჩამონათვალი.

ნადირაშვილის განცხადებებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა და უმცირესობის წევრს ირმა ნადირაშვილს მისი დის, მარინა ონიანის CV-ის ნახვა და კარგად წაკითხვა ურჩია.

„მინდა, ირმა ნადირაშვილს ვუთხრა, როდესაც ჟურნალისტი ხარ და ამ პროფესიიდან მიდიხარ, უფრო კარგად უნდა ჩაიხედო, როცა რაიმე ინფორმაციას იძიებ. დიახ, ნამდვილად დაინიშნა ორი დღის წინ ჩემი და მარინა ონიანი აფხაზეთის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ, თუმცა ვურჩევ, მისი CV ნახოს და კარგად წაიკითხოს, რომ ის აფხაზეთთან რეინტეგრაციის საკითხებში უკვე ძალიან დიდი ხანია, ჩართულია, ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც ექიმმა, არაერთი აფხაზი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. მას მუშაობის 25-წლიანი სტაჟი აქვს და თუ ის არის ჩემი და, ეს დანაშაული არ არის. სხვათა შორის, მას ორჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, ვიდრე ექიმობისას ჰქონდა“, - განაცხადა კობახიძემ.
„რაც შეეხება „ლუკოილს“, ის რომ იქ ჩემი ნათესავი მუშაობს, სულაც არ არის ეს ტენდერების მოგების გარანტი, „ლუკოილი“ ისედაც ტენდერებს იგებდა, ვიდრე მე ხელისუფლებაში ვიქნებოდი“, - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მახარაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა მოსთხოვეს და თან დაემუქრნენ. 

„მემუქრებოდნენ, რომ თუკი მხარს არ დავუჭერდი საკონსტიტუციო ცვლილებას, ჩემს ოჯახზე აისახებოდა. ყველა პიროვნება თავის ოჯახში მაღალ რანგშია. ზნეობას მოკლებული პოლიტიკა მარცხისთვის არის განწირული. როცა პრემიერი ამბობს, რომ მხოლოდ ის წყვეტს ყველაფერს, ეს უკვე დიქტატურაა“, - განაცხადა მახარაძემ.

უმცირესობის გამოსვლებმა უმრავლესობის გაღიზიანება და ირონია გამოიწვია. უმცირესობის წევრის ლონდარიძის გამოსვლას დარბაზში მცირე ინცინედნტიც მოჰყვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია