დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„გურამ თიკანაძეს შხარა აუღია, რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა...“
ავტორი: ნანული ცხვედიანი
2013/02/05 13:22:18

ნანა ივდითი, პატარა ლელა, ბექნუ ხერგიანი და გურამის სხვა სვანი მასპინძლები

 

აგვისტოში 50 წელი შესრულდება იმ ტრაგიკული დღის შემდეგ, რაც შხარადან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა უნიჭიერესი ფოტოხელოვანი და მთამსვლელი გურამ თიკანაძე. დრომ ვერ გაახუნა კაშკაშა სახელი - მომდევნო თაობებიც უდიდეს პატივს მიაგებენ 30 წლის ასაკში აღსრულებულ  სპორტსმენსა და შემოქმედს. მის განსაკუთრებულ პოპულარობაში კი არცთუ მცირე წვლილი მიუძღვის მურმან ლებანიძის შედევრს „ვოი...“ - რითმებად, რიტმებად, პოეტურ სახეებად  აჟღერებულ ნამდვილ სვანურ ზარს. 1976 წელს პოეტმა ასევე გამოსცა მის მიერ შედგენილი კრებული „გურამ თიკანაძე“, რომელშიც დაიბეჭდა გურამის პატარა მასპინძლის, უშგულელი გოგონას, ლელა ნიჟარაძის შესანიშნავი წერილიც - „დაუვიწყარი სტუმარი“.



დღეს ლელა ნიჟარაძე, დიდი აკაკი შანიძის უსაყვარლესი შეგირდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის  ინსტიტუტთან  არსებული ძველი ქართული ხელნაწერების შემსწავლელი სამეცნიერო ლაბორატორია „ორიონის“ (ხელმძღვანელი მზექალა შანიძე) მეცნიერ-თანამშრომელი, სვანურის ღვაწლმოსილი მკვლევარია. მისმა მეხსიერებამ ფერუცვლელად შემოინახა ადრეულ ბავშვობაში მიღებული უმძაფრესი შთაბეჭდილებები, მათ შორის - ისეთიც, წიგნში დაბეჭდილ მოგონებაში რომ არ არის  შეტანილი. გაზეთ  „P.S.“-ის მკითხველს იგი ბევრ საინტერესო რამეს უამბობს. 

 

- ქალბატონო ლელა, როგორი გახსოვთ გურამ თიკანაძე? 


- 8-9 წლის ვიყავი, მესამე კლასში... მახსოვს, ჩვენს დიდ აივანზე როგორ იდგა ხოლმე ულამაზესი, ოქროსფერთმიანი, ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა კაცი. გარედან სულ ეცვა სპორტული, ე.წ. „პლაშოვკის კურტკა“.

 

მე რომ დამინახავდა, გამომიშვერდა შეკრულ ხელს, რომელშიც მუდამ ქიშმიში ჰქონდა, და მეტყოდა: ხომ გინდა ეს? ახლა წადი და პატარა სულგუნი მომიტანეო. მეც სიხარულით გავრბოდი - სულგუნი რაში მაინტერესებდა, მთავარი იყო, რომ ქიშმიშს მაძლევდა. ხან სავარცხლით დამდევდა,  თმები  უნდა  დაგვარცხნოო,  -  ალბათ, სულ გაწეწილი მქონდა თმა...

 

მას ახლდა კიდევ ოთხი ალპინისტი (ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ცნობილი მთამსვლელი დიმიტრი ობოლაძე), ისინიც მახსოვს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ, რატომღაც, ნაკლებად მქონდა.

 

მერე, მე ვუკრავდი გარმონზე (თვითნასწავლი „მუსიკოსი“ გახლდით...), ესეც ძალიან მოსწონდა და დედაჩემს ეუბნებოდა: დეიდა ნატო, ეს ბავშვი მე უნდა წავიყვანო თბილისში, მუსიკალურ სკოლაში უნდა მივაბარო, ჩემთან იქნებაო; კი არ წაგართმევთ, მერე დაგიბრუნებთო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ თბილისს ვნახავდი!.. დედაც დაითანხმა, მაგრამ, ვაი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ნათქვამად  დარჩა!

 

ერთ საღამოს შინაური კონცერტი გავმართეთ. გურამი აცხადებდა თითოეული ჩვენგანის სახელსა და გვარს. ხუმრობით, გვართან ერთად ამბობდა: უშგულის დამსახურებული მსახიობიო. ჩვენ ეს უზომოდ გვიხაროდა. განსაკუთრებით მოსწონდა გურამს სვანური სიმღერა ილია გაბლიანზე. მე მას ხმამაღლა ვმღეროდი:

 

- მი ხვი მუშვან გაბლიანი, 

ტიანშანიშ კოჯარს ძერდე, 

ამე გუშაგდ მი ამგანეხ, 

ეჯღა მარ მი კოჯრეშ სერდე


(მე ვარ სვანი გაბლიანი,

ტიანშანის კლდეების ბინადარი,

აქ გუშაგად დამაყენეს,

ამ კლდეების გულშემატკივარი)...

 

ამ ლექსის თარგმანი მთხოვა. დავუწერე. გახარებულმა მითხრა, დავბეჭდავ და გამოგიგზავნიო. ეს პირობაც შეუსრულებელი დარჩა...

 

გურამს აინტერესებდა ყველაფერი ჩვენს ოჯახში. ჩვენ და ივდითი ნიჟარაძე, ბიცოლაჩემი, თავისი ოჯახით, ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით. დედას და ივდითს სულ აკვირდებოდა, პურებს როგორ აცხობდნენ ღუმელში, ან სხვა საოჯახო საქმეს როგორ აკეთებდნენ... ჩემს დედმამიშვილებს და სოფლის ბავშვებს ყველას ერთად შეგვკრებდა და სურათებს გვიღებდა. რა ცუდია, რომ არც ერთი ფოტო არ მაქვს, არც დაბეჭდილა ეს სურათები, რადგანაც ის უკვე თბილისში აღარც დაბრუნებულა...

 

- ისეთი პატარა გოგონა იყავით, და მაინც - გაგახსენდებათ ის მომენტი, როცა გურამი შხარას ასაღებად გაემართა?


- დიახ, კარგად მახსოვს. გურამი უშგულში იმ მიზნით წამოვიდა, რომ შხარა დაეპყრო. ამ ლაშქრობას ნებართვა სდომებია თბილისიდან, შესაბამისი უწყებებიდან. მაშინ ამდენი საკომუნიკაციო საშუალება არ არსებობდა და, მით უფრო, ეს უშგულიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ მას რამდენჯერმე მოუხდა უშგულიდან მესტიაში ჩასვლა, რომ ეს შესაბამისი ნებართვა ჰქონოდა... ბოლოს, როცა ჩავიდა მესტიაში (თუ არ ვცდები, ეს უკვე - მესამედ), ცოტა შეაგვიანდა, ანუ რამდენიმე დღე. ჯგუფის დანარჩენი წევრები ჩვენს სახლში იყვნენ და ისინიც ელოდებოდნენ პასუხს. მე ძალიან მოვიწყინე, სად წავიდა ამდენი ხნით, რატომ არ მოდის-მეთქი, დედას ვთხოვდი პასუხს.

 

ერთ დღეს მე და ჩემი დედმამიშვილები, ყველანი ერთად, ვიყავით დედასთან ოთახში და, უცებ, ხმაური შემოგვესმა, უფრო სწორად, რახუნი... გავიხედეთ და, რას ვხედავთ: გურამი შემოსულა ჩვენს ეზოში, ოღონდ არა - შემოსასვლელი კარიდან, არამედ, პირდაპირ ყორეზე „შემოალაჯა“ თავისი დიდი ნაბიჯებით და ქვებიც გადმოყარა ღობიდან. შემოვარდა შინ და გახარებულმა დედას უთხრა: დეიდა ნატო, შხარაზე ასვლის ნებართვა ავიღეო.

 

ეს შემდგომ ჯგუფის წევრებმაც და ნანა ივდითის ოჯახის წევრებმაც, ყველამ შეიტყო.

 

ასე იყო ის დღე... შეუდგნენ სამზადისს, რომ მეორე დღეს გამგზავრებულიყვნენ შხარას მიმართულებით...

 

მეორე დილით ჯგუფი აიბარგა, გადაიკიდეს თავიანთი ზურგჩანთები და აღჭურვილობა... წინ გურამი მიუძღოდათ...  ყველანი გამოვედით ეზოში, რათა ჯგუფი გაგვეცილებინა. უცბად, ვხედავთ, ის გურამი, რომელიც წინა დღით აღფრთოვანებული და გახარებული იყო, თავჩაქინდრული, მძიმე ნაბიჯებით გაუდგა გზას.

 

ნანა ივდითი ბავშვებს იქით მიგვერეკებოდა, წინ „ცუდი ფეხით“ არავინ დაუხვდესო, ასე მივაცილეთ სოფლის ბოლომდე...

 

- იშვიათად ჰქონია ვინმეს სიკვდილს ისეთი რეზონანსი, როგორიც მაშინ გურამ თიკანაძის დაღუპვას მოჰყვა. რას გაიხსენებდით?


- მეხის გავარდნას ჰგავდა შემზარავი ამბავი, გურამი დაიღუპაო... მთელი უშგული შეიკრიბა, მოდიოდნენ ჩვენს სახლშიც. მერე შეიკრიბნენ მთელი სვანეთის ალპინისტები, როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის, ცნობილები და გამოცდილები, გამოიძახეს თბილისიდან მაშველთა რაზმი და 40-კაციანი ჯგუფი უნდა წასულიყო შხარაზე გურამის ნეშტის ჩამოსასვენებლად. ჩვენს სახლში დიდი ხალხმრავლობა იყო, თბილისელებმა თუ ადგილობრივებმა, ყველამ ჩვენთან მოიყარა თავი. მაშველთა რაზმის ხელმძღვანელი საკმაოდ ცნობილი და ჭარმაგი ბექნუ ხერგიანი გახლდათ.
სვანეთში დიდი მითქმა-მოთქმა იყო, მას უღალატეს და ეს ამბავი მოუწყ-ვესო, ჭორებს ბოლო არ უჩანდა (ეს, უბრალოდ, თქვენთვის...). როცა ალპინისტები მივიდნენ შხარის ძირში, გადაწყდა: კლდეზე უნდა ასულიყვნენ მხოლოდ სვანი მთამსვლელები და ერთი კაცი, თბილისელი თამაზი - გვარი არ მახსოვს - რომელიც იმ ტრაგიკულ დღეს გურამთან იყო თოკში შებმული... თბილისელი მაშველები კი შხარას ძირში უნდა დარჩენილიყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაიხმარდნენ. ასე ავიდნენ შხარაზე, წინ - ბექნუ ხერგიანი, უკან - ჯგუფი  (თუ არ ვცდები, 20 კაცი)...

 

როცა ასულან შხარაზე, გურამის ნეშტი ძალიან რთულ და მიუვალ ადგილზე ყოფილა... ნეშტისათვის რომ გადაუხედავთ, გრიშა გულბანს (რომელიც ძალიან ცნობილი, დიდი მთამსვლელი იყო) იმ თამაზისთვის (რომელიც გურამთან ერთად იყო თოკში შებმული) მოუთხოვია, დაწვრილებით აღეწერა ის გარემოება, რომელშიც გურამი დაიღუპა, როგორ მოხდა ეს ყველაფერიო,  მან კი, თურმე, დეტალურად აუხსნა, თუ როგორ გადმოგორდა კლდიდან დიდი ქვა და როგორ ჩაჭრა გურამის ბაწარი, - ასე მოწყდაო კლდიდან. ის მთამსვლელი, თამაზი, გურამის დაღუპვის მერეც ხშირად ამოდიოდა უშგულში ჩვენთან.

 

დადგა საკითხი გურამის ჩამოყვანა - არჩამოყვანაზე. მერე ბექნუს უთქვამს (ყურში არ ესმოდა ბექნუს და ხმამაღლა უყვიროდნენ ხოლმე): დავჭრი, დავაკონსერვებ, ჯიბეებში ჩავიწ-ყობ გურამის ნეშტს და ისე ჩავიტან, აქ მაინც არ დავტოვებო...

 

ასე იყო თუ ისე, ნეშტი ჩამოასვენეს. მას არც კი აკადრეს რაიმე ტრანსპორტზე, მაგალითად - მარხილზე, ან დიდ მანქანაზე დასვენება, ისე ატარეს სულ ბეჭებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბრგე და ახოვანი ვაჟკაცები, არც სამგლოვიარო სვანური ზარი შეუწყვეტიათ და ამგვარად ჩამოიყვანეს 5-6 კილომეტრის მანძილზე. დაასვენეს ჩვენი სახლის წინ, კოშკთან, პატარა მოედანზე, იქ გაუმართეს სამგლოვიარო ცერემონიალი. იყვნენ ქალები, ადგილობრივები (ორი ქალი - ერთი პედაგოგი იყო, მახსოვს - უკლება-ჩარქსელიანი), რომელთაც ქართულად დაიტირეს, რათა სიტყვების შინაარსი სტუმრებსაც გაეგოთ, რადგანაც გურამის უამრავი ახლობელი თუ მეგობარი იყო ჩამოსული თბილისიდან უშგულში პატივის მისაგებად. 

 

გამონაკლისი იყო ბიცოლაჩემი ივდითი, რომელიც, როგორც მურმან ლებანიძე აღწერს, მართლაც კივილით გამოვარდა სახლიდან და ასე პოეტურად დაიტირა სვანურად, კაცები კი ზარს ამბობდნენ.

 

მერე დიდი დავა გამოიწვია ადგილობრივ, სვან მთამსვლელებში იმან, თუ რომელი გზით წამოესვენებინათ გურამი, ლენტეხის თუ მესტიის... არ დათმეს მესტიელმა მთამსვლელებმა: ეს ჩვენკენ უფრო მოდიოდა და ამიტომ ეს გზა ეკუთვნისო... გადაწყდა, გურამი მესტიით ჩამოესვენებინათ თბილისში. ამასობაში დაღამდა კიდეც და მთვარიანი ღამით, ზარით წამოასვენეს გურამი მესტია-უშგულის გზით... აქაც პატივით დაკრძალეს, სვანური ქვა „კა“ და სვანური ზარი აქაც თანმდევი იყო მისთვის... ასე იყო ეს ისტორია, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა. დღემდე მახსოვს და მტკივა გურამი...

- ვიცი, რომ გურამ თიკანაძის ოჯახთან თქვენი ურთიერთობა გაგრძელდა...


- დიახ, მე დედამისთან მას მერე სულ მქონდა ურთიერთობა, სანამ გარდაიცვლებოდა. უკვე სტუდენტი, ხშირად დავდიოდი მასთან. მირეკავდა, მე მისთვის სასურველი სტუმარი ვიყავი, მიყვებოდა გურამზე ამბებს... ბოლოს რომ მიდიოდა სვანეთში, ვუთხარიო: შვილო, რა დაკარგე ამ სვანეთში ასეთი, რომ ყოველ წელს დადიხარ! შემომხედა და მითხრა: დედა, ერთხელ წაგიყვან სვანეთში და ამ კითხვას არასოდეს დამისვამო.

 

ძალიან კარგი ქალი იყო გურამის დედა, ტანია დეიდა, ულამაზესი ქალი! გურამი დედას ჰგავდა ძალიან; გურამიც და მისი დაც, რუსიკო (ახლაც ლამაზი ქალია!). გურამის დედის მეგობარმა მითხრა, ეს და-ძმა მთაწმინდაზე როცა ჩამოივლიდნენ, გეგონებოდა, მზე და მთვარე მოდიან ერთად, ისეთი ლამაზები იყვნენო...

 

კარგად ვიცნობ გურამის ქალიშვილს, ია თიკანაძეს, უკვე სახელოვან ქალს - მამამისის ასლია. მას მამა არ ახსოვს. ჰო, გამახსენდა, იას ვუთხარი კიდეც: ალპინისტის წერაყინი რომ არის, გურამს იმის ბუდეში ჰქონდა იას სურათი (ია მაშინ ერთი წლის იყო), გახსნიდა იმ ბუდეს და მიჩვენებდა ხოლმე: აი, ჩემი იაო, ეს ჩემი გოგონა არისო.

 

- მურმან ლებანიძემ თქვენი ბიცოლას - ივდითი ნიჟარაძის - ისეთი შთამბეჭდავი პორტრეტი შექმნა, ქართველი მკითხველის მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება: „უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე, შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა, ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცი საკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა: „თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა? შხარაზე რა გინდოდა, გმირო?! ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა - რამ დაგაპატარავა, შვილო?!“


მაინც, ვინ იყო გურამ თიკანაძის უბადლოდ დამტირებელი ეს სვანი ქალი?


- მან ქართული არცთუ ისე კარგად იცოდა, უშგულში გახლდათ დაბადებული და გაზრდილი. არაჩვეულებრივი ქალი იყო და გურამიც ისე უყვარდა, როგორც საკუთარი შვილი. ივდითი განთქმული გახლდათ, როგორც უბადლო მომტირალი ქალი. ახლა რომ ვფიქრობ, მისი სიტყვები ნამდვილი პოეტისა იყო...

 

აი, მან ასეთი რამეც დაატირა გურამს (რასაკვირველია, სვანურად): საბრალო გურამის დედაო, გურამი შხარას დიდ კედლებს წასასმელად (როგორც კარაქიო - იგულისხმებოდა) არ ეყოო.

 

ჩვენ, მამაჩემის შვილები, მას დედას, ანუ ნანა ივდითს ვეძახდით, მის ხელში ვართ გაზრდილები.

 

ივდითი ნიჟარაძე 84 წლისა გარდაიცვალა და ჭაღარა არ ჰქონდა. მისი პორტრეტი დახატული აქვს ცნობილ ქართველ მხატვარს ირაკლი თოიძეს.

 

- თქვენი მამისეული სახლი გამორჩეულია უშგულში თავისი სიდიდით და ფასადზე შემორჩენილი ეთნოგრაფიული ორნამენტიკით. ამავე დროს, ის მთამსვლელთა თავშესაფარი და ოჯახური კერაც იყო წლების მანძილზე. სწორედ აქედან გავიდა შხარას დასალაშქრად გურამ თიკანაძეც. ამიტომ, მოდით, ცოტა მეტი გვიამბეთ ამ სახლზე, თქვენს ოჯახზე...


- ჩვენი სახლი მართლაც გამორჩეულია, ძალიან დიდი ხნის წინათ არის აშენებული. ამდენი წელი გავიდა მას მერე და უშგულში დღესაც ვერავინ ააშენა ასეთი სახლი.

 

მამაჩემი, ლეონტი ნიჟარაძე, თუ ტრაბახში არ ჩამეთვლება, გამორჩეული და სხვა მასშტაბების კაცი იყო - თბილისის უნივერსიტეტიდან უშგულში წასული კაცი! ყველაფერი ის გახლდათ: სკოლის დირექტორი, წარმოების დირექტორი, „მიშიაკის“ ქარხნის დირექტორი და რა ვიცი... ჩემს დროს უკვე მათემატიკას ასწავლიდა უშგულის სკოლაში. უშგულისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ოთხი შვილი ვყავდით - სამი ქალი და ნაბოლარა ვაჟი (მოგეხსენებათ, სვანისთვის ბიჭი რას ნიშნავს!). დედას არასოდეს უმუშავია, ძალიან ლამაზი და სათნო ქალი იყო, მთელი მისი  საზრუნავი ოჯახი და ბავშვები იყო. გაგვზარდეს, ოთხივე შვილს უმაღლესი განათლება მიგვაღებინეს, რაც მაშინ არცთუ ისე ადვილი იყო, თანაც - უშგულიდან!

 

როცა მამაჩემმა ეს სახლი ააშენა, უცოლო იყო. მისი ძმა, მოსე, მშრომელი  კაცი გახლდათ, მას და მის მეუღლეს, ივდითს,  დიდი წვლილი მიუძღვით ამ  სახლის მშენებლობაში, ამიტომ ეს სახლი შუაზე გაიყვეს, ნახევარ სახლში ჩვენ ვცხოვრობდით, ნახევარში - ისინი. მაგრამ ჩვენ გაყოფილი თითქმის არაფერი გვქონდა, ერთი ოჯახი ვიყავით, ისინიც ბევრნი იყვნენ, სახლიც დიდი იყო, 12 ოთახი დიდი აივნებით...

 

რაც შეეხება იმ ბორჯღალოებს და ჩუქურთმებს, რომლებიც სახლის უკანა მხარეს შემორჩა, მამას ცნობილი ხელოსნები წაუყვანია რაჭიდან და იმათ გააკეთებინა თურმე. ადრე წინა ფასადსაც ჰქონდა ესენი, მაგრამ შეცვალეს წინ, ამოაშენეს (კლიმატური პირობების გამო).

 

სახლის უკან წარწერაც შელახულია, მაგრამ მაინც იკითხება: „ეს სახლი მოაწყო 1939 წ. ტორია თედორეს ძე გავაშელმა“ და მისი ხელიც და  სამუშაო იარაღიც ამოტვიფრულია...

 

ახლა იქ ჩვენ არავინ ვართ, ზაფხულობით თუ წავალთ ხოლმე... დედ-მამა ცოცხლები აღარ არიან. ისე მენატრება ხოლმე ის სახლი, არ ვიცი!.. ყველა მთამსვლელის, თუ ისე ჩამოსული სტუმრის მუდმივი მასპინძლები ვიყავით... ახლა ძალიან ბევრი უცხოელი დადის უშგულში,-  მოგეხსენებათ, ტურიზმი სვანეთში ძალზედ განვითარდა და ხალხის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა. იქ დღეს უკვე კერძო სახლი-სასტუმროები აქვთ. ჩემს დროს კი ეს ყველაფერი უსას-ყიდლოდ და უანგაროდ იყო...

 

- იმ მემორიალურ ნივთებზეც გვიამბეთ, რომლებიც უშგულში, თქვენს დიდ სახლში ინახება...


- პალო, რომელზეც გურამ თიკანაძე მოსწყდა, ცნობილმა მთამსვლელმა  დიმიტრი დანგაძემ მომდევნო წელს ჩამოიტანა შხარადან, როცა მწვერვალი დაიპყრო (ალბათ, იმავე მარშრუტით წავიდნენ, გურამმა და მისმა ჯგუფმა რომ გაიარეს). ეს პალო ერთხანს ჩვენს სახლში იყო. მგონი, მალევე წამოიღეს თბილისში. რაც შეეხება გურამის წერაყინსა და საძილე ტომარას, ისინი იქ არის, ჩვენს სახლში...

 

*** 

- ასე დამთავრდა გურამის სტუმრობა სვანეთში, რომელიც ასე უყვარდა! სამწუხაროდ, ეს სტუმრობა უკანასკნელი და საბედისწერო აღმოჩნდა, - დაასრულა თხრობა ქალბატონმა ლელამ.

 

მე კი ინტერვიუს დროს არაერთხელ მიცოცხლდებოდა თვალწინ მურმან ლებანიძის ლექსში გადმოცემული გლოვის აპოთეოზი:

 

„ასი ცხენოსნით უშგული მახლავს და მიტივტივებს შენი საკაცე...“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5913
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია