რუსეთისა და საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლებს შორის საუბარი დაიწყო. გრიგოლ კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვა, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი თქვა. ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება კარგია, თუმცა გააჩნია - რის ფასად.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
„საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა სიტუაცია ჩიხში შეიყვანა და, სიმართლე გითხრათ, კარგად არ მესმის, ამ სიტუაციიდან როგორ უნდა გამოვიდეთ. რუსეთი საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას ვერ შეძლებს, საქართველოს კი არ შეუძლია დაეთანხმოს იმას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ვერ წარმომიდგენია, აქ რისი გაკეთება შეიძლება. ჩვენ რეალურად გვსურს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ საქართველო უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე ჩვენ,“ - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ორ ერს შორის ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს.
„ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს, ძალიან თავშეკავებულს, თუმცა მაინც პოზიტიურს. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, ჩვენ ამას არა მხოლოდ ვხედავთ, არამედ მივესალმებით და, როგორც ხედავთ, იმავეთი ვუპასუხეთ,“ - განაცხადა პუტინმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. დიპლომატები დიალოგის გაგრძელებაზე შეთახმდნენ.
„ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის უშუალო მითითებით გაიმართა. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები, ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით, ამიტომ დასაწყისისათვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ ისეთი თემები, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენა. მოვილაპარაკეთ, რომ დიალოგი ამ ფორმატით გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე,“ - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება საქართველოს გააძლიერებს, აქ არ არის საუბარი მხოლოდ ციფრებსა და ღვინოზე, არამედ ბევრ ადამიანზეა საუბარი. არის გარკვეული რისკებიც, თუმცა ეს არის ბიზნესის რისკი, რომელიც არსებობს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ - სხვა ქვეყნებში. „ხელისუფლება ბიზნესმენებს პოლიტიკურ გარანტიებს ვერ მისცემს. ჩვენი საქმეა, გავხსნათ ეს ბაზარი და შემდეგ თავად ბიზნესმენებმა განსაჯონ, რამდენად უღირთ ამ ბაზარზე გასვლა,“ - თქვა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების სანაცვლოდ, რაიმეს დათმობის საკითხი არ დგას და, პირიქით, ვინაიდან საქართველო დაეხმარა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში, ახლა ეს არა კეთილი ნება, არამედ რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებაა.
„ჩვენ მივესალმებით რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას, თუ ეს ეფუძნება პრინციპებს. მთავარი პრინციპი არის საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა. ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში მქონდა ბევრი იმედი და ილუზიაც, ალბათ. სამწუხაროდ, ისინი არ გამართლდა და დამთავრდა, როგორც დამთავრდა იმ ეტაპზე. მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა იქნება, თუ ჩვენ იზოლირებული აღმოვჩნდებით დანარჩენი სამყაროსგან. რუსეთის ამოცანა, როგორც ვხედავ, დღეს არის მხოლოდ ეს. რატომ დაიბარეს აბაშიძე ჟენევაში? იმიტომ, რომ კარასინი იყო იქვე და ჟენევის ფორმატი დაესუსტებინათ, სადაც, რუსების განცხადებით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ განიხილება საქართველოსთან თანასწორად და ეს არ არის სამართლიანი. ჟენევის ფორმატის მოკვლა უნდათ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიმაჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევძლოთ ცივილიზებული მსოფლიოს მხარდაჭერის შენარჩუნება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილის ელენე ხოშტარიას აზრით, რუსეთი, კარასინი-აბაშიძის ფორმატის გაძლიერების ფონზე, ჟენევის დისკუსიების დასუსტებას შეეცდება. ხოშტარიას აზრით, ე.წ. tête-à-tête შეხვედრები საქართველოს წარმომადგენელთან რუსეთისთვის უფრო მისაღებია საერთაშორისო წნეხის შესუსტების თვალსაზრისით.
„ასე რომ, მე მექმნება შთაბეჭდილება, რუსეთი, უბრალოდ, თამაშობს ამ თამაშს - ასუსტებს ჟენევას და ეცდება, რომ გააძლიეროს კარასინი-აბაშიძის ფორმატი. რა თქმა უნდა, ჯერ ამაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე, საუბარი არ შეიძლება, მაგრამ ტენდენცია იკვეთება. სახეზეა პირველი ნიშნები, რომელიც ქართულმა დელეგაციამ უნდა გაითვალისწინოს და ძალიან ფრთხილად იყოს, რათა ამ სცენარით არ წავიდეთ,“ - განუცხადა „პირWელს“ ხოშტარიამ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, „რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებით ჟენევის ფორმატის არათუ დასუსტებასა და დაკნინებას, არამედ, პირიქით, მის ხელშეწყობასა და გაძლიერებას ვცდილობთ.“
მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში თავისუფალი არჩევანის საკითხები განსჯის საგანი არ და ვერ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ დათმობს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცალმხრივ აღიარებას, რესურსი არსებობს იმისა, რომ ეს საკითხი მაინც მოგვარდეს და გადაწყდეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკან კი არ უნდა წაიღოს აღიარება, არამედ ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას და იმას, რომ ეს კონფლიქტი იქამდე მივიდეს, სადაც უკვე რუსეთის აღიარება-არაღიარება აღარ იქნება აქტუალური და თვითონ ოსები, ქართველები და აფხაზები შეთანხმდებიან რაღაცაზე. სხვა საკითხია, რამდენად სანდოა ის, რომ რუსეთი რეალურად ამას გააკეთებს. განცხადებით, რომ ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს ინტერესებში უფრო მეტად შედისო, პუტინი მიანიშნებს, რომ ეკონომიკური კუთხით საქართველო რუსეთს იმდენად არ აინტერესებს, რამდენადაც საქართველოს - რუსეთი... რეალურად რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა არ არის ჩვენთვის გადამწყვეტი. ჩვენი საბოლოო მიზანი მაინც, რა თქმა უნდა, რუსეთთან კონფლიქტის მოგვარება და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციაა,“ - ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.