სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში არასამთავრობო სფეროში მოღვაწე განათლების სპეციალისტები ჩაერთნენ. – ამის შესახებ იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელოსათვის გრიფირების მინიჭების შესახებ შემთანხმებელი კომისიის შემადგენლობაში, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურადაა წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.
2012 წლის დეკემბრიდან გრიფირების კომისიის შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), PH International, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), ორგანიზაცია „სკოლა, ოჯახი, საზოგადოება“ და ა.შ. ასეთი შემადგენლობით კომისიის შექმნის მიზნია განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა.– აღნიშნავენ სამინისტროში.
(ბ.ი.)