საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2019/09/24 14:51:41

 

თბილისი გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ და გეოგრაფიული აღნიშვნების გლობალური ალიანსის  OriGIn ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის პოპულარიზაციას, ამ კუთხით ქართველ მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას, უცხოელ პარტნიორებთან  კომუნიკაციის დამყარებას და  ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაცნობას.


კონფერენცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, გენადი ლებანიძემ და  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გახსნეს.

როგორც გარემოს დაცვისა  და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის  განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. 

„საქართველო, აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანაა. ახალი კანონმდებლობით და თანამედროვე მიდგომებით, რომლებიც გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვას უკავშირდება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ტრადიციების შენარჩუნება. ამასთან, მნიშვნელოვანია შევქმნათ კონტროლის ქმედითი მექანიზმებიც, რომლებიც მოგვცემს საშუალებას აღნიშნული პროდუქტების სანდოობა გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროდუქციის მარკეტინგული დამატებითი ღირებულება, მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების სწორად მართვით და შენარჩუნებით შეგვიძლია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, გენადი ლებანიძემ განაცხადა, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საქართველოსთვის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა, საერთაშორისო დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კუთხით პროგრესი ნამდვილად არსებობს. საქართველო ლიდერი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებებისა თუ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კუთხით, არაერთ საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა.

საქართველოში, დღეის მდგომარეობით დაცულია 48 გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება. მათ შორის,  20 - ღვინო (ატენი, ახაშენი, წინანდალი, გურჯაანი, არდენახი, კახეთი, კოტეხი, ყვარელი, მანავი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, სვირი, თელიანი, ტიბაანი, ტვიში, ვაზისუბანი, ხვანჭკარა, ხაშმის საფერავი, ბოლნისი), 8 - მინერალური წყალი (ბორჯომი, საირმე, ნაბეღლავი, მიტარბი, უწერა, სქური, ზვარე, ბოლნისი), 13 - ყველი (სვანური სულგუნი, კობი, იმერული ყველი, მესხური ჩეჩილი, დამბალხაჭო, თუშური გუდა, გუდა, მეგრული სულგუნი,  ქართული ყველი, ტენილი, აჭარული ჩლეჩილი, ჩოგი), ასევე ჭაჭა, მაწონი, ჩურჩხელა, ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწვანილი, ტყიბულის ჩაი, მაჭახელას თაფლი.

საქართველო, როგორც OriGIn”-ის ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა, სამი დღის განმავლობაში,  გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო ცენტრად იქცა. საქართველოში იმყოფებიან ისეთი ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტების მწარმოებლები, როგორებიცაა: ,,ტეკილა“, ,,პროსეკო“, ,,ბავარიული ლუდი“, ,,ყველი პარმიჯანო რეჯანო“, ,,მოდენას ბალზამიკოს ძმარი“, ,,პარმას  ლორი“ და სხვა.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართული და უცხოური გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა.

გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ  ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის (EUIPO), გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის შვეიცარიის ინტელექტუალური საკუთრების ცენტრის, იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს  სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 69
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია