დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტები „პრივილეგირებული“ კოლეგების შესახებ
2012/11/12 13:34:55

არიან თუ არა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჟურნალისტები, რომლებიც სასჯელაღსრულების  დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფში შედიან? - ეს კითხვა ისმოდა „საქართველოს ჟურნალისტური  ეთიკის ქარტიის“ მიერ მოწყობილ დისკუსიაში, რომელშიც ქარტიის წევრი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

 

 

შეხვედრა მოეწყო კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ქარტიის საბჭოსა და ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის ჯგუფის წევრის, გელა მთივლიშვილის ინიციატივით. მან აღნიშნა, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრი ჟურნალისტების მიმართ რამდენჯერმე უკმაყოფილება გაჟღერდა იმ კოლეგების მხრიდან, რომლებიც არ იყვნენ ამ ჯგუფის წევრები.

 როგორც გაირკვა, სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომლის ინიციატივითაც მოხდა მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბება ყოფილი მინისტრის - გიორგი ტუღუშის ხელმძღვანელობის დროს, არანაირი დებულება ან სხვა დოკუმენტი არ დაუმტკიცებია, რომელიც განსაზღვრავდა ამ ჯგუფის წევრების უფლება-მოვალეობებს და მოქმედების რეგლამენტს. ვინაიდან მონიტორინგის 51 კაციან ჯგუფში  შედიან ჟურნალისტებიც (6 ჟურნალისტი), ჟურნალისტების ნაწილმა რეპორტაჟები მოამზადა როგორც საპატიმროში არსებულ  მდგომარეობაზე, ისე ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაწერა კონკრეტულ პატიმართან.  ჟურნალისტების  იმ  ნაწილმა კი, რომელიც მონიტორინგში არ მონაწილეობს, თავი არათანაბარ პირობებში იგრძნო, რადგან მას არ აქვს შესაძლებლობა, რომელიმე პატიმრისგან, ან საპატიმროს სიტუაციაზე თავად მოიპოვოს ინფორმაცია და საკუთარ მედიასაშუალებაში გამოაქვეყნოს.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს, თუ რა არის მონიტორინგის ჯგუფში მყოფი ჟურნალისტის დანიშნულება - მონიტორინგი თუ ჟურნალისტური საქმიანობა.

როგორც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ აღნიშნა, თუკი ჟურნალისტს სურს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სტატიის მომზადება, ამის შესაძლებლობა ყველა ჟურნალისტს უნდა მიეცეს გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია და ამ კუთხით მონიტორინგის ჯგუფის წევრი და არაწევრი ჟურნალისტი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. ხოლო თუ საუბარია ციხეში არსებული მდგომარეობის მონიტორინგზე, ეს სრულიად სხვა შემთხვევაა და ამის თაობაზე ჟურნალისტები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორ მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას - სტატიების თუ ანგარიშის სახით.

დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, ამ საკითხის დარეგულირება თავად ჟურნალისტებმა მოახდინონ ეთიკური ნორმების შემუშავებით, ვიდრე სასჯელაღსრულების სამინისტრომ საერთოდ ამოიღოს ჟურნალისტები მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობიდან, რისი საფრთხეც არსებობს.

 

პაატა ცნობილაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1396
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია