დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვარდებიდან „ცოცხებამდე“
2012/09/24 12:14:24

პატიმართა წამების შემზარავი კადრები და ჩიხში მომწყვდეული ხელისუფლება

 

წამება და არასათანადო, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი მოპყრობა - ეს ის მშრალი იურიდიული ტერმინებია, რომელიც არაერთხელ  გაგვიგონია ტელეეკრანებიდან მაინც... ეს ის მშრალი იურიდიული ტერმინებია, რომელიც არაერთხელ, თვალისგადავლებით და ზერელედ მაინც წაუკითხავთ საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებს უფლებადამცველთა ანგარიშებში. თუმცა, საკუთარი თვალით ამის ნახვა შოკის ეფექტის  მქონე აღმოჩნდა საზოგადოებისათვის.  

სისტემის მარცხი - ამ სიტყვას იყენებენ დღეს ყველაზე ხშირად მმართველი ძალის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ამ სიტყვამდე ამბობენ - მე ვარ ძალიან გაბრაზებული და სულით  ხორცამდე  შოკირებული, შეძრწუნებული ამ დანაშაულით.

ყველაფერი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული, პატიმრების ცემა-ტყეპის კადრებით დაიწყო.

 

როგორ დაიწყო

18 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომ გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. სამინისტროს ვერსიით, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე,  ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე  და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის მიზნით, ახორციელებდა პატიმართა  მიმართ   არაადამიანურ მოპყრობას,  რასაც  იღებდნენ  ვიდეოფირზე. დამკვეთთან კონტაქტს კი ციხის თანამშრომლები ამავე საპყრობილის პატიმრის თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით ახორციელებდნენ.  თამაზ თამაზაშვილი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია. კოალიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს არის აბსურდი, ოპოზიციის მიმართ ანგარიშსწორება და თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.

თუმცა, ამ ვერსიის გავრცელების შემდეგ მოხდა ის, რამაც თამაზ თამაზაშვილზე საუბარი ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკაში ან საერთოდ მიიჩქმალა, ან ფრთხილად იკვეთებოდა ხოლმე.

 

როგორ გაგრძელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიება საზოგადოებისათვის შოკური თერაპიით გაგრძელდა - როგორც აღმოჩნდა, ვლადიმერ ბედუკაძეს საათნახევრიანი ვიდეოფირი ჰქონდა ბრიუსელში წაღებული, რომელზეც პატიმრების წამების, გაუპატიურების და მათ მიმართ არაადამიანური მოპ-ყრობის ფაქტები იყო ასახული. ბედუკაძის განცხადებით, ამ ფაქტების გადასაღებად მას კამერა თავად საპყრობილის დირექტორმა მისცა და ასეთი ვიდეოების მთელი არქივი ჰქონდა სეიფში ბაჩო ახალაიას, რომელიც, ერთი პერიოდი, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს ხელმძღვანელობდა და რომელსაც ქვე-ყნის პირველი პირი ხშირად აქებდა,  მადლობას  უხდიდა „ქურდული სამ-ყაროს“ განადგურება-მოსპობის საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

 

წამების ამსახველი ვიდეოების ტელევიზიით გავრცელების დროს ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და სასჯელაღსრულების სისტემასთან თითქოს არანაირი შეხება არ ჰქონდა, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მისი გავლენა დღესაც იყო ციხეებში და ამ სისტემას არა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ლამაზი მინისტრი მართავდა, არამედ - ისევ ბაჩო ახალაიას კადრები, რომლებსაც სრული ავტონომიით სარგებლობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ვიდეოები უკვე სამი თვეა, რაც ევროპულ სტრუქტურებს მიეწოდათ და დღესაც მიმდინარეობს შეხვედრები წამების კომიტეტში და ამ ვიდეოების გამჟღავნება ჯერ არ იგეგმებოდა ბედუკაძის ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ასევე, როგორც აღმოჩნდა, წამების დამადასტურებელი ფაქტების ამსახველი ვიდეოები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა მიაწოდა ჟურნალისტ ირმა ინაშვილს და შემდეგ ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ევროპაში მუშაობს და ამჟამად არის ტელეკომპანია „ტვ.9“-ს კორესპონდენტი ბრიუსელში. როგორც გიორგი ფოფხაძე აცხადებს, ტელეკომპანიას წარმოდგენაც არ ჰქონდა ასეთი ვიდეოების არსებობაზე და ის იძულებული გახდა, გამოექვეყნებინა ისინი მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზემოხსენებული ვერსია გავრცელდა.

რა თქმა უნდა, სკეპტიკოსები ამ ვერსიასაც გამოუჩნდნენ და ყველაფერი წინასაარჩევნო ბრძოლას დააბრალეს, მმართველმა ძალამ და მისმა მომხრეებმა ოპოზიცია პატიმრების ბედით სპეკულაციაში დაადანაშაულეს. თუმცა, ეს თემა ისე აქტიურად ვეღარ გაშალეს, როგორც ეს სხვა შემთხვევაში ჩვეოდათ ნაცმოძრაობას და მის მხარდამჭერებს. ამის უბრალო მიზეზი კი ვიდეოებზე ასახული ფაქტები იყო, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების მოთმინების ფიალა უცბად ააფეთქა...

 

გლდანის მე-8 საპყრობილე - ქართული აბუ ღრაიბი

გავრცელებული ვიდეოების შინაარსი ამაზრზენი და მართლაც შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. ტელევიზიით გავრცელებულ ვიდეოებზე სასჯელაღსრულების  ჩინოვნიკები ცემდნენ, უდიერად და დამამცირებლად ეპყრობოდნენ და, რაც ყველაზე საშინელი იყო, დუბინკით და ცოცხით აუპატიურებდნენ. ასეთნაირად ნაწამებ პატიმრებს შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ. ნანახმა მართლაც შოკში ჩააგდო ყველა...

ხალხი  პროტესტის ნიშნად მაშინვე ქუჩაში გამოვიდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუდენტები, და არა პოლიტიკური პარტიები. ახალგაზრდების პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის და პროფესიის  წარმომადგენლებმა და ფირზე ასახული პირების უმკაცრესი დასჯა მოითხოვეს. პროტესტანტები, ასევე პოლიტიკური პირების პასუხისმგებლობასაც ითხოვდნენ, უპირველეს ყოვლისა - ბაჩო ახალაიასი.  სტუდენტები და აქციის მონაწილეები პროტესტს სიმბოლურად, ცოცხების დაწვით გამოხატავდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ „ცოცხების რევოლუციის“ საჭიროებამდე მივედით...

 

ხელისუფლების ოფიციალური ვერსია

პატიმრების წამებისა და გაუპატიურების დანაშაული  მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 20 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე კატეგორიებად  დაყო:

„კარანტინიდან პატიმრების განაწილების ფირი, სადაც ბევრი თანამშრომელი ახდენს პატიმრების მიმართ ფიზიკურ ძალადობას,  ეს არის პირველი კატეგორიის ფირი, სადაც სახეზეა სისტემური ხასიათის დანაშაული და ამ დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებული არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.“

რაც შეეხება მე-2 კატეგორიის დანაშაულს, მთავარი პროკურორის თქმით, ეს კატეგორია აერთიანებს სასტიკ ფაქტებს, დაკვეთით ჩადენილსა და გადაღებულს გლდანის მე-8  საპყრობილის  „საკნებში და სხვა ადგილებში“, რისთვისაც, მაგალითად, ამჟამად ძებნილმა ვლადიმერ ბედუკაძემ 2 მილიონი დოლარი მიიღო. ყოფილ მორიგე ინსპექტორთან, ვლადიმერ ბედუკაძესთან ერთად, რომელსაც დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მურთაზ ზოდელავამ ამ  ჯგუფს პირობითი სახელიც დაარქვა. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ხელისუფლებამ მძიმე სისტემური შეცდომა დაუშვა:

„ყველა შეძრწუნებული და შოკირებულია იმ მასალით, რაც გავრცელდა და არანაკლებ - იმ პრობლემით, რომელიც ნათლად იქნა გამოვლენილი.  ჩვენ, ხელისუფლებამ, დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები,  რომლებიც მოდიოდა სახალხო დამცველისგან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან, ამ სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ.“

 

სამოქალაქო საზოგადოების შეფასება

„რა „ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი?“ რის „სისტემური პრობლემა?“ არანაირი სისტემური პრობლემა არ ყოფილა. სისტემას პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ვიდეოები გამოაქვეყნეს. მანამდე გამართულად მუშაობდა. ზუსტად ისე, როგორც შემქმნელებს უნდოდათ,“ - წერს ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე რადიო  „თავისუფლების“ ბლოგზე.

ადვოკატ ვახტანგ მჭედლიშვილის თქმით ეს მოვლენა მხოლოდ პოლიტიკურ ან სამართლებრივ ჭრილში არ უნდა შეფასდეს და მისი ამოძირკვა თუ გვინდა, საზოგადოებამ ადეკვატური აღშფოთება უნდა გამოხატოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არის განსაზღვრული დანაშაულად კანიბალიზმი. ეს ნორმა არ არსებობს მის გამო, რომ ამ დანაშაულის მიმართ ჩვენი საზოგადოების აღშფოთება იმდენად დიდია, რომ ასეთი რამ საქართველოში ვერ იარსებებს, - ის დანაშაული, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დღეებში ვნახეთ, რომლის აღმოსაფხვრელად საჭიროა საზოგადოების ადეკვატური აღშფოთება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ადამიანები უნდა გაემიჯნონ ამ უზნეობას. აქ არის საუბარი უკვე არა სამართლებრივ შეფასებებზე, არამედ - მორალურ, ზნეობრივ ეტალონებზე. მე მიხარია, რომ სტუდენტებმა დაიწყეს ეს და ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ ჩვენი ადეკვატური აღშფოთებით ეს დანაშაული საერთოდ ამოვძირკვოთ ჩვენი რეალობიდან,“ - განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა ადვოკატების აქციაზე, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ მოაწყო და მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას და სხვა მაღალი პოლიტიკური პირების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვა.

„როცა ლუკაშენკო ცნეს სამოქალაქო საზოგადოების მტრად, მე წარვადგინე ორჯერ მეტი მტკიცებულება ადვოკატთა ინსტიტუციის  დევნაზე. ვინაიდან ჩვენ, ადვოკატთა კორპუსი, დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მიდის პატიმრების წამება, გაუპატიურება. არავინ გვისმენდა. დღეს ეს დადასტურდა, ამიტომ  ყველა პერსონა ნონ გრატად უნდა ვცნოთ: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, კუბლაშვილი და ა.შ. ევროკავშირმა უნდა დაიკავოს მკაცრი პოზიცია და რეჟიმის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა შეწ-ყვიტონ,“ - აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

ზურაბ როსტიაშვილი, ადვოკატი:  „ამ სისხლიანი რეჟიმის წევრები ვინც არიან, ყველანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ამ ყველაფრის თავი და თავი არის მიხეილ სააკაშვილი. მან წააქეზა პოლიცია, სასჯელაღსრულებითი დაწესებულება, რაც გინდათ გააკეთეთ, გადაუარეთ, აწამეთ და ა.შ. ამის შედეგი იყო, რაც ახლა ციხეებში ხდება. მე შიმშილობის აქცია დაწყებული მაქვს, 22 დღეა. როდესაც დავიწყე შიმშილობა, ჩემი მოთხოვნების ერთ-ერთი პუნქტი იყო - შეწყდეს ზეწოლა, წამება, არადამიანური მოპყრობა პატიმრების მიმართ. აქედან გამომდინარე, ბატონ მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებ, თავისი ფეხით მივიდეს, შევიდეს მე-8 საპყრობილეში, წამების მეთოდი თვითონ აირჩიოს და გაიგოს, რა არის წამება.“

დიმიტრი გაბუნია, ადვოკატი: „როგორც იურისტი და ადვოკატი, შევაფასებდი, რომ ეს არის უმძიმესი საერთაშორისო დანაშაული, რომელიც ასე არ უნდა დარჩეს. ჩვენ, ადვოკატები, ყოველთვის ვიძახდით ამას და ყოველთვის ვაკრიტიკებდით ამ ადამიანების - პატიმების წამების და მათი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. აქ ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ, საჯაროდ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ის, რასაც ჩვენ ვიძახდით. ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ამისა კი ის არის, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს სასამართლო. სასამართლო იქცა აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად და სწორედ ის დაუსჯელობის სინდრომი - რომ არ არსებობს უწყება, სადაც პასუხს აგებინენებენ ამ მანიაკებს, - ამან მოგვიყვანა დღემდე. მე არ ვთვლი, რომ მხოლოდ მინისტრის გადადგომით უნდა დამთავრდეს ეგ ამბავი, აქ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დაისვას და ყველა ნორმალურ სახელმწიფოში მთლიანად მთავრობა და პრეზიდენტი უნდა გადადგეს, როდესაც ასეთი შემზარავი ფაქტები ხდება ქვეყანაში.“

როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას ყველა აფრთხილებდა, ყველა საუბრობდა ასეთ ფაქტებზე - ადვოკატები, არასამთავრობო-უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველიც კი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხოლოდ ამ ვიდეოების გავრცელების შემდეგ „აღმოაჩინა“, რომ სახალხო დამცველი და სხვები სამართლიანად აკრიტიკებდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას.... ეს ახლა აღმოაჩინა, თორემ მანამდე, ჩვეული ლექსიკით, „წკმუტუნს და წკავწკავს“ უწოდებდა ამ კრიტიკას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი, ბატონი დავით ბაქრაძე მხოლოდ ამ ვიდეოების შემდეგ გახდა უკიდურესად აღშფოთებული და გაბრაზებული, მანამდე არც კი წაუკითხავს სახალხო დამცველის მოხსენებებში ის კონკრეტული გვარ-სახელები, რომლებსაც ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი პატიმრების წამებაში ადანაშაულებდა. საერთოდაც, პარლამენტი ხანდახან არც კი უსმენდა სახალხო დამცველის ანგარიშს. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც სოზარ სუბარმა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა არ მოუსმინა, ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართა...

პოლიტიკური პირებისათვის ახლა უკვე ვალდებულებად იქცა, გაემიჯნონ ამ ყველაფერს, თუმც ერთია სიტ-ყვით გამიჯვნა და, მეორეა პასუხისმგებლობის რეალურად აღება. ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში კი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ხელისუფლებიდან წასვლას ნიშნავს და არა პირიქით. და კიდევ ერთი - ალბათ, ეს ამბავი მაღალი რანგის ჩინოვნიკების მხოლოდ გადადგომით არ უნდა დამთავრდეს და მხოლოდ ის „დუბინკიანი“ და „ცოცხიანი“ 10 კაცი არ უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, იმას უნდა მოეკითხოს, ვინც მათ „ცოცხები“ დაურიგა კრიმინალთან ბრძოლის საბაბით და ყველაფრის უფლება მისცა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია