დღეს ქუთაისში სტუდენტები აქციას მართავენ ლოზუნგით „არ აწამო“. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტიდან მერიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, შემდეგ კი კიკვიძის ბაღისკენ დაიწყეს მსვლელობა. სტუდენტები ითხოვენ, რომ შეწყდეს პატიმრების უფლებების დარღვევა. უნივერსიტეტთან გამართულ აქციას დაახლოებით 50-60 სტუდენტი ესწრებოდა, მათ მსვლელობას მძღოლები სიგნალის თანხმლებით მხარს უჭერდნენ. სტუდენტები აცხადებენ, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება.
პატიმრების უფლებების შელახვის გამო პრესის სახლის წინ აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმაც გამართეს, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტეს საპატიმროებში არსებული სიტუაცია.
არასამთავრობოები და ჟურნალისტები აქციას ხვალ 12:00 საათზე იუსტიციის სახლთან გეგმავენ.
მირიან ბერულავა