მიხეილ ნიკოლეიშვილის ხსოვნას
ამ ზაფხულს ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონის მიწამ მიიბარა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ღირსების ორდენის კავალერის, ათეული წლების მანძილზე სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ქუთაისისა და სამტრედიის საპატიო მოქალაქის - მიხეილ ნიკოლეიშვილის ნეშტი.
სადად, მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე გავაცილეთ იმქვეყნად ბატონი მიშა, სხვაგვარად მას არც ეკადრებოდა. იყო გულწრფელი უხმო ცრემლი, გულწრფელი ღრმა მოწიწება. დაკრძალვაზე ვინც მოვიდა, ყველა დიდმა სიყვარულმა მოიყვანა. არავითარი მოჩვენებითი წუხილი, არავითარი ვინმეს საამებლად გამოხატული თანაგრძნობა. ვაცილებდით მამულიშვილს, „სავსეს ქართული პატიოსნებით“. ამ ჩუმ, დიდი სევდით გაჯერებულ გამოთხოვებას გამოსვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუერთდა ხარების ტაძარში შემოფრენილი მტრედი. ღვაწლმოსილის ცხედარს დაფარფატებდა უფლის თეთრი ფრინველი და ცხადი ხდებოდა, რომ მიცვალებულის დამსახურებებს მიღმა გაბნეული იყო ღვთისნიერი ადამიანის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნათესი მადლი, რომლის წყალობითაც ჩიტის პატარა ფრთებით სული მსუბუქად მაღლდებოდა სასუფევლისაკენ.
ყველა ადამიანს ორი ბიოგრაფია აქვს: დაწერილი და დაუწერელი. ხშირად დაუწერელი დაწერილზე გაცილებით მართალი, საინტერესო, სიცოცხლისუნარიანი და, ზოგ შემთხვევაში, სრულიად მოულოდნელიცაა. მიხეილ ნიკოლეიშვილი იმ ბედნიერ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ე.წ. მეორე ბიოგრაფია არათუ თანხვედრაშია პირველთან, არამედ ბევრად აღემატება სიკეთისა და შეუბღალავი მორალის გამოვლენის მაგალითებით. ეროვნული საგანძურის თავდაუზოგავი მცველის მუხლჩაუხრელ შრომას საფუძვლად ედო მაღალი ზნეობა, უდიდესი თავმდაბლობა და ქრისტიანული კაცთმოყვარეობა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ბატონი მიშას გვერდით ყოფნით ვხდებოდი უფრო უკეთესი, ვიდრე მუზეუმში მოსვლამდე ვიყავი. ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩემი დირექტორი იყო და ახლა, როცა ცოცხალი აღარ არის, ვხვდები, რომ ეს არასასულიერო მოღვაწე ქრისტიანულ ცხოვრებას მასწავლიდა და პირადი მაგალითით მინერგავდა, რომ ყველა რეგალიაზე, ჯილდოსა და თანამდებობაზე მაღლა დგას მოკრძალება, უანგარობა, პატივმოყვარეობის უარყოფა და მიტევება. მიხეილ ნიკოლეიშვილმა თავისი ცხოვრების მანძილზე უამრავ განსაცდელს გაუძლო და დარჩა სპეტაკ ადამიანად. მან მუზეუმისადმი ერთგულება ყოველივე პირადულზე მაღლა დააყენა. ბატონი მიშა იყო ჰუმანურიც და პრინციპულიც, თავაზიანიც და სამართლიანად მკაცრიც.
პროფესორ მიხეილ ნიკოლეიშვილს გამოქვეყნებული აქვს 15 მონოგრაფია და 300-ზე მეტი მეცნიერული ნარკვევი. სამტრედიისა და ქუთაისის შესახებ დაწერილ შრომებში მას დღის სინათლეზე გამოჰქონდა ისეთი უცნობი დოკუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ამ ქალაქების ისტორია საერთაშორისო ჭრილში განიხილება. მისი წიგნები „სამტრედიის ისტორიიდან“ და „დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სარკინიგზო მშენებლობის ისტორიიდან“, რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ქუთაისის ისტორიული ძეგლების დაცვისა და ქალაქის არქიტექტურულ-კოლორიტული იერსახის შენარჩუნების საკითხებზე ბატონ მიშას მიერ გამოქვეყნებული წერილების სერია არის და სამუდამოდ დარჩება ამ საკითხებით დაინტერესებულ პირთა სამაგიდო წიგნად.
ბატონი მიშა მოღვაწეობდა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. მან გამოსცა სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის „ისტორიული მხარეთმცოდნეობა“. ასი წლის ისტორია აქვს ქუთაისის მუზეუმს და დღემდე ამ მსოფლიო მნიშვნელობის განძთსაცავის ისტორიისა და მასში დაცული მასალების შესახებ შრომები, არც რაოდენობრივად და არც თვისობრივად, არავის გამოუქვე-ყნებია ისე, როგორც ეს მიხეილ ნიკოლეიშვილმა განახორციელა. თაობიდან თაობას გადაეცემა წიგნები: „განძი და საგანძური“, „გელათის სახალხო აკადემია“, „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი“, „გელათის აკადემიის კულტურული, მეცნიერული მემკვიდრეობა“ და რამდენიმე გზამკვლევი. პეტრე ვაჭრიძე მის ნაშრომს „ქუთაისის მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლები“ აყენებს დიმ. ბაქრაძის, გ. წერეთლის, მ. ბროსეს, ექ. თაყაიშვილის, თ. ჟორდანიასა და გ. ბოჭორიძის პუბლიკაციების გვერდით. 2000 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა ბატონი მიშა 21-ე საუკუნის გამოჩენილ მკვლევართა სიაში შეიყვანა. დიდი მეცნიერები: ნ. ბერძენიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ო. ჯაფარიძე, მ. ლორთქიფანიძე, ვ. ბერიძე, ო. ლორთქიფანიძე, ა. ბოჭორიშვილი, ა. ბარამიძე და სხვები მიხეილ ნიკოლეიშვილს, როგორც საქართველოს განძის გულშემატკივარს, მცველს, მკვლევარსა და პოპულარიზატორს, მიიჩნევენ ექვთიმე თაყაიშვილის, სერგი გორგაძის, სარგის კაკაბაძის, გიორგი ბოჭორიძის, ტრიფონ ჯაფარიძის სადარ პიროვნებად. ეროვნული კულტურის ძეგლების გადარჩენა-აღორძინება კომუნისტურ ეპოქაში ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. რამდენი ურთულესი საკითხი გადაჭრა ბატონმა მიშამ მუზეუმის საკეთილდღეოდ! იგი ექვთიმე თაყაიშვილივით სამშობლოს ფარგლებს გარეთ თავგანწირვით არ დასდევდა კვალდაკვალ საქართველოს საუნჯეს, მაგრამ მას აქ, საქართველოში, მშობლიურ ქუთაისში უხდებოდა ბევრი ჭირ-ვარამის გადატანა საიმისოდ, რომ, შენობიდან შენობაში მრავალგზის გადაბარგებისას, უძვირფასესი ექსპონატები განადგურებისაგან გადაერჩინა და ერთ ადგილზე ყოფნის საკმაოდ არახანგრძლივ პერიოდში მათ დასაცავად შესაფერისი პირობები შეექმნა. მიხეილ ნიკოლეიშვილს, სრულიად დამსახურებულად 2002 წელს მიენიჭა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია. ბატონმა მიშამ საბჭოთა ეპოქაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო: XVII საუკუნეში შეწყვეტილი გელათის აკადემიის საქმიანობა მისი თაოსნობით 1970 წელს აღდგა გელათის სახალხო აკადემიის ფორმით. იქ ლექციებს კითხულობდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
მიხეილ ნიკოლეიშვილი უღალატოდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს და ამქვეყნიდან ვალმოხდილი წავიდა. თავისი ცხოვრების წესით სამოციანელთა ჭეშმარიტი მემკვიდრე იყო.
ბატონ მიშას მე სიცოცხლეშივე ვუწოდე ერთი ათთაგანი. აბრაამის სამი სტუმარი, ორი ანგელოზი და თვითონ ღმერთი, სოდომ-გომორის მიწასთან გასასწორებლად მიდიოდნენ. ათ მართალ ადამიანს შეეძლო ამ ქალაქების გადარჩენა, მაგრამ ამ დაწყევლილ ქალაქებში ისინი არ მოიძებნენ. არ ვიცი, რამდენი ასეთი ათეული ცხოვრობს დღევანდელ საქართველოში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მიხეილ ნიკოლეიშვილი ერთი იმ ათთაგანი იყო, რომელთა ზნეობაზეც დგას საქართველო.
მაია ქებულაძე