დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქეს
2009/07/22 15:35:12

2 წლის წინ ბათუმის „6 მაისის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის მონაწილეებს, რა დროსაც ახალგაზრდა გიორგი სხირტლაძე დანით მოკლეს, ბათუმის სასამართლომ მკაცრი სასჯელი გამოუტანა.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2007 წლის 14 ივლისს ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ირაკლი ინწკირველი და ლევან ბოლქვაძე მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე „6 მაისის პარკში“ მოძრაობდნენ, რა დროსაც მათ სკამზე ორი მათთვის უცნობი ახალგაზრდა - გიორგი სხირტლაძე და გიორგი შელია შენიშნეს. მივიდნენ მათთან და სრულიად უმიზეზოდ დაუწყეს კამათი, მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა. თავის მხრივ მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სხირტლაძემ და შელიამ, შედეგად ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, მათ ირგვლივ ხალხიც შეგროვდა... ირაკლი ინწკირველმა შარვლის ჯიბიდან ფიქსატორიანი დანა ამოიღო და გიორგი შელიას მოუქნია, რომელმაც დანა აიცილა და გაქცევას შეეცადა, მაგრამ ბალახზე ფეხი დაუცურდა და მიწაზე დაეცა. ინწკირველი მას ზემოდან მოექცა და მისთვის დანის დარტყმას ცდილობდა, თუმცა შელია მას ამის საშუალებას არ აძლევდა. ამ დროს კი ლევან ბოლქვაძე ინწკირველს აქეზებდა: „დაარტყი დანა, მოკალი...“ თავდამსხმელმა შელიას დანით ჭრილობა მაინც მიაყენა, თუმცა არა სასიკვდილო. ამ დროს შელიას შველის მიზნით გიორგი სხირტლაძემ ინწკირველს იქვე ახლოს მდებარე ნაგვის ურნა ზურგში ჩაარტყა, რის შემდეგაც დანამომარჯვებულმა ინწკირველმა მისკენ გადმოინაცვლა. მან სხირტლაძეს ერთი, მაგრამ საბედისწერო ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში, რის შედეგადაც გიორგი სხირტლაძე ადგილზე გარდაიცვალა. ბათუმის სასამართლომ ინწკირველს 17 წლითა და 6 თვით, ლევან ბოლქვაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან მათ გარდაცვლილი სხირტლაძის ოჯახისათვის 10 ათასი ლარის სოლიდარულად გადახდა დააკისრა.

აპელაციისათვის სასამართლოს დაზარალებულების ადვოკატებმა მიმართეს. ისინი მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრებასა და სამოქალაქო სარჩელის 50 ათასი ლარის ოდენობით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

განაჩენის შეცვლა მოითხოვეს მსჯავრდებულების ადვოკატებმაც. ინწკირველის შემთხვევაში 109-ე მუხლის შედარებით ნაკლებ მძიმე 108-ე მუხლით შეცვლას ითხოვდნენ, ბოლქვაძის ადვოკატები კი მისთვის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდების მოხსნას, რასაც დაზარალებულები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ მიზანშეწონილად ჩათვალა ბოლქვაძის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილება, ინწკირველის - ნაწილობრივ დაზარალებულთა საჩივრების დაკმაყოფილებაზე კი უარი თქვა. შედეგად ბოლქვაძეს, რომელიც, როგორც მოწმეების ჩვენებითაც ირკვევა, ინწკირველს მკვლელობისაკენ მოუწოდებდა, მხოლოდ ხულიგნობის ბრალდება აკმარეს. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად არ ჩათვალა დაზარალებული შელიასა და მოწმეების ჩვენება. იმის თაობაზე, რომ ბოლქვაძე მართლაც გაიძახოდა ფრაზას - „მოკალი, დანა დაარტყი...“ სასჯელი ინწკირველსაც შეუმსუბუქდა, ის 11 წელს დააჯერეს. ბოლქვაძეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში 4 წლის გატარება მოუწევს. ამასთან, ის გადასახადისაგანაც გათავისუფლდა. დაზარალებული სხირტლაძის ოჯახისათვის 10 ათასი ლარის გადახდა მხოლოდ ინწკირველს დაეკისრა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია