დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წერილი პრეზიდენტს ჩემი სათბურიდან
2012/07/23 13:00:50

გამარჯობათ ბატონო პრეზიდენტო. ამ წერილს გწერთ ხუთი შვილის დედა და ამასთანავე, კომანდოსის დედა წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანევიდან. ვარ მწერალი - აფხაზეთის ტრაგედიაზე დაწერილი წიგნის ავტორი და ვარ ჟურნალისტი, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს წერილი წაიკითხოთ. პირადად თქვენგან ვითხოვ პასუხს, იმიტომ რომ ჩვენი 11-სულიანი ოჯახიდან 7-მა სულმა ორჯერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს თქვენ მოგეცით ხმა არა სხვისი თხოვნითა და რჩევით, არამედ  -  საკუთარი   გულისხმისყოფითა და იმის იმედით, რომ თქვენ შეძლებდით ჩემი მსგავსი უამრავი ხელშეშლილი და დაქცეული ოჯახის ფეხზე წამოყენებას.

მოდით, დავიწყოთ ასე: მამაჩემმა, ჯემალ ფხაკაძემ, - ქუთაისის ინტელიგენციისათვის ცნობილმა პიროვნებამ სამშობლოს აჩუქა შვიდი შვილი. ის გახლდათ მგზნებარე პატრიოტი, ერუდიტი, დიდი ნიჭისა და ძალისხმევის პატრონი. ლექციებს კითხულობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მან პირველმა, ქუთაისში 1990 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელშეწყობით, შექმნა პირველი დემოგრაფიული საზოგადოება და მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი კომუნისტური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ამ ოჯახებს არ ეგრძნოთ მთავრობის მხრიდან უყურადღებობა, მან თავისი პატიოსანი შრომითა და ხელისუფლების ხელშეწყობით შვილებს (სამი ძმა მყავს) დაუტოვა ორი ოჯახი, არასოდეს უთქვამს ის, რომ კომუნისტური ხელისუფლება გახლავს კარგი: ის იმ დროინდელი ხელისუფლების მუდმივი ოპოზიციონერი გახლდათ.

 

***

მე ვარ მისი მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი ქალიშვილი, ხუთი შვილი მხოლოდ მისი თხოვნით გავაჩინე, რადგან მას სწამდა, რომ მის შვილიშვილებში აუცილებლად გამოერეოდა ერთი მაინც ისეთი, ვინც საქართველოს ბედნიერებისათვის იბრძოლებდა.

მე, პირადად, ჩემი მასწავლებლობის ხანა ჩემი ექვსი დედმამიშვილის გაზრდასა და აღზრდაში გავატარე. ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ, 1988 წელს დავქორწინდი და მეორე ვაჟი - ცოტნე ზარანდია, სწორედ იმ დღეს შემეძინა, როცა საქართველოს პრეზიდენტი გახდა ბატონი ზვიად გამსახურდია. პირველი ვაჟი - მათე ინასარიძე პირველი უიღბლო ქორწინებიდან უკვე მყავდა.

 

***

მე და ჩემმა მეუღლემ ახალი ცხოვრება მხოლოდ იმით დავიწყეთ, რაც ტანზე გვეცვა. ქუთაისი დავტოვეთ (ჩემი მეუღლე წარმოშობით ზუგდიდელია, პროფესიით მუსიკოსი). ქუთაისში მას ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური რეჟისორის თანამდებობა ეკავა მთელი 20 წლის მანძილზე და საცხოვრებლად ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში გადავედით, სადაც ჩემმა მეუღლემ ალგორ ზარანდიამ სოფლის სკოლაში მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მთელი თხუთმეტი წელი თხუტმეტლარიან ხელფასს იღებდა პენსიაში გასვლამდე. პენსიაც თხუთმეტი ლარი დაენიშნა. ბინა სოფლის მიტოვებულ, უკარ-უფანჯრო, იატაკაყრილ საბავშვო ბაღის შენობაში მიგვიჩინეს, სადაც ძალიან მალე, როცა უკვე სამი  შვილის  დედა      ვიყავი, დევნილების ხუთი ოჯახიც შემოასახლეს.

მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც შევარდნაძეს საქართველოს გასაპარტახებლად დასჭირდა, ჩვენ უსინათლობაში, უფულობაში, ვირულ შრომასა და სიდუხჭირეში გავატარეთ. ჩემი მეუღლე ღამღამობით ფოთის ბაზარში მტვირთავად მუშაობდა, დღისით ტილის წამალსა და თაგვის წამალს ყიდდა, დადიოდა დამცირებული, შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული. გულისხმიერ ადამიანებს ეცოდებოდათ და პატივს სცემდნენ, უგულოები - დასცინოდნენ. იქ, იმ სოფელში, გავზარდეთ ჩვენი ოთხი შვილი. იმისთვის, რომ მეუღლისათვის ცხოვრების მძიმე ტვირთი შემემსუბუქებინა, მეც ვშრომობდი. ჩვენი საერთო საცხოვრებლის გვერდით ტყე და ჯოგი გავკაფეთ, პატარა ბოსტანი მოვაწყვეთ და ხეხილი ჩავყარეთ. ერთადერთი ადამიანი, ვინც მძიმე შრომასა და შვილების გაზრდაში ხელს მიმართავდა, ჩემი უფროსი ვაჟი მათე-ბიჭი გახლდათ. ჩემმა მეუღლემ მას, მისთვის გერს, ნამდვილი მამობა გაუწია. არანაირი ხელშეწყობა და დახმარება არ მახსოვს არც ხელისუფლებისა და არც ნათესავების მხრიდან. ცალ ხელში ძუძუთა ბავშვით ყანას ვჭრიდი და მიწას ვთოხნიდი. მეუღლე სახლში მხოლოდ ღამღამობით შემოდიოდა გადაღლილი და გადაქანცული, ერთადერთი რაც მოჰქონდა თავისი შრომით, მხოლოდ მეორე დღის ლუკმა გახლდათ.

1990 წლიდან მოყოლებული უკვე ოცი წელია ჩემი შვილების გამოსაკვებად ხელიდან თოხი არ გამიგდია. განუწყვეტელი შრომით გადაღლილს იმ ლექსების უმეტესობა აღარ მახსოვს, აღარც ის ემოცია და მგზნებარება მაქვს, მაშინ რომ მქონდა, მაგრამ მახსოვს ერთადერთი სტროფი იმდროინდელი შხაპუნა ლექსებიდან:

„ჩვენ ყველა გვიყვარს, თუ დაგვიჯერებთ,

მარტო სამშობლო რა სათქმელია.

მაგრამ ეს სისხლი, გულს რომ გვიძგერებს,

მარტოკა მისთვის დასაღვრელია!

 

***

2006 წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ქუთაისში საცხოვრებლად დაბრუნება. მათეს უკვე სკოლა ჰქონდა დამთავრებული, უსახსრობისა და ხელმოკლეობის გამო მისი გზა უმაღლესისაკენ გადაიკეტა. ჩვენ, მშობლებმა, ფოთის ნესტიანი ჰავისა და მძიმე გლეხური ცხოვრების გამო ჯანმრთელობა დავკარგეთ. მეუღლე დამიინვალიდდა   -   მხედველობამ    უმტყუნა, მე ორივე ფილტვი დამიავადმყოფდა. ბავშვები განუწყვეტლივ ლუკმასა და საზრდოს ითხოვდნენ და, ჩვენი რჩევით, მათე-ბიჭი კომანდოსი გახდა. ერთ წელიწადში ის ერაყში გაიწვიეს, ჩვენ ქუთაისში გადმოვბარგდით, ჩვენი 15 წლის ნაშრომ-ნაწვალები დევნილებს შევატოვეთ ხელში, მაგრამ რადგან ქუთაისში საცხოვრებელი არსად დაგვხვდა, - დედის მრავალსულიან ოჯახში ვართ ჩაწერილები და ფართი არ გვყოფნის, ახლობელთა რჩევით, სოფელ ფარცხანაყანევში, ერთ მიტოვებულ კარ-მიდამოს შევეხიზნეთ.

აქაც გავერანებულ-გაპარტახებული დაგვხვდა ყველაფერი, ერთ ჰექტარ მიწაზე ქვა-ღორღისა და კაცის სიმაღლე მაყვლის ბურდის მეტი არაფერი დაგვხვედრია.  სანამ  მათე   ერა-ყიდან  დაბრუნდებოდა,  ამ  ეზო-კარს ვწმენდდით. წელიწადი მოვუნდით სახლ-კარის მოწესრიგებას, შემდეგ კი, მეზობლების რჩევით სათბურის დადგმა გადავწყვიტეთ.

ჩვენი მათე-ბიჭი 2006 წლის სექტემბერში დაბრუნდა ერაყიდან და გვითხრა: ეს ფული, მე რომ ჩამოვიტანე,  ამ  სახლის  შესაძენად არ გვეყოფა (სახლი 10 ათას ლარად იყიდებოდა). რაკი ამ სოფლის მკვიდრნი სათბურებით ირჩენენ თავს, მოდი, დაგიდგამთ მეც ერთ სათბურს, იმუშავეთ და ეს იქნება თქვენი სამსახურიც და შემოსავლის წყაროც, იქნებ ამ სახლის ფულის შეგროვებაშიც წაგვიკრას ხელიო.

დავეთანხმეთ, გახედ-გამოხედა სხვის აშენებულ სათბურებს, იყიდა ყველა მასალა, რაც სჭირდებოდა მის აშენებას და კუსტარულად, აკაციის ხეებით და საკუთარი ხელით დადგა 50 მეტრიანი სათბური. მხოლოდ ცოტნე დაიხმარა, მეტი არავინ შეუწუხებია, მთელი ზამთარი აშენებდა: სიცივეში, ყინვაში, ქარში, სუსხსა და წვიმაში მუშაობდა. არაფერს არ შეპუებია. ათასი ლარის სქელი ამერიკული ცელოფანი იყიდა და გაზაფხულისათვის, როცა უკვე პომიდვრის ჩითილები მიწაზე გადააქვთ, სათბურიც მზად ჰქონდა.

ჩვენი სათბურის მშენებლობამ 5000 ლარი მოითხოვა. ყველანი ძალიან გახარებულები ვიყავით. მას   ისე    შევყურებდით,   როგორც - ნოეს კიდობანს, რადგან მასზე ჩვენი ოჯახისა და არასრულწლოვანი შვილების არსებობა იყო დამოკიდებული.

ჩემი მეუღლე საკუთარი შვილივით უვლიდა იმ პომიდვრის ჩითილებს, რომლებიც ვიყიდეთ; უმღეროდა, რწყავდა, წმენდდა, თოხნიდა, საოცრად გახარებული იყო. ბევრი ვერაფერი მოგება ვნახეთ, მხოლოდ 200 ლარი გადავირჩინეთ და იმ ფულით „ელჯის“ ფირმის ტელევიზორი შევიძინეთ ჩვენი მარიამის დაბადების დღეზე - 28 აგვისტოს.

ყველანი კმაყოფილები დავრჩით, რადგან ამ ფულს ჩვენი შრომის სუნი ასდიოდა, - ჯანმრთელი მიწის სურნელი.

შემოდგომაზე ცერეცო დავთესეთ. შარშანდელი ზამთრის ცერეცომ 1000 ლარი  შემოგვიტანა  ოჯახში  და    კმა-ყოფილები დავრჩით. თუ ეს სათბური 5 წელიწადს გასძლებდა, და ასე იყო გათვლილი, დანახარჯებს ამოვიღებდით და საჯავრებელიც არაფერი დაგვრჩებოდა. ცერეცო ისევ კიტრით და პომიდვრით შევცვალეთ. კიტრმა ისევ გამოიჩინა თავი, კიდეც გვარჩინა და 120 ლარი სუფთა ნამატიც დაგვიტოვა, ამ ფულით ჰოლანდიური კიტრის თესლი ვიყიდეთ - 400 ლარის. საშემოდგომოდ 1000 ლარის მოგებას ვვარაუდობდით, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როცა არავინ ელოდა, 6 აგვიტოს ომი დაიწყო.

მათე-ბიჭი, მე-2 ბრიგადის 22-ე ბატალიონის კაპრალი, ცხინვალში წაიყვანეს. გზები გადაიკეტა, გლეხის ნაშრომს ფასი დაეკარგა. ჩვენს მეზობლებს ნიკეას ბაზრობაზე კილო 15 თეთრად ისეთი პომიდორი გაჰქონდა გასაყიდად, სათითაოდ რომ დაკოცნიდი და საჭმელად შეგენანებოდა.

ყოველ გაზაფხულზე სათბურის კვლავწარმოება და განახლება გლეხს ძალიან ძვირი უჯდება: ფირმისაგან შემოტანილი პომიდვრის თესლში  იხდის 120 ლარს, საუკეთესო ჯიშის თესლი 240 ლარიც ღირს, ერთი მანქანა ბუნებრივი სასუქი - ნაკელი - 350 ლარი, ხელოვნური სასუქი 100 ლარის მაინც სჭირდება. გლეხი, რომელიც აქ კატორღელივით, ამოსუნთქვის გარეშე შრომობს, დღევანდელ პირობებში მხოლოდ იმას იღებს, რასაც მასზე ხარჯავს.

 

***

სანამ იმას ვფიქრობდით, ჩვენი უკვე შემოსული ჰოლანდიური კიტრები სად და როგორ გაგვესაღებინა, სამდღიანი ომიც დამთავრდა. მათე ფეხით დაბრუნდა შინ. ცხინვალიდან დამარცხებული ჩამოვიდა, ნაცემი ძაღლივით კუდამოძუებული, ვიღაცის ნაწყალობევი, დახეული ფეხსაცმელითა და საღებავში მოთითხნილი სპორტულებით. ქუჩის მათხოვარს ჰგავდა - სახეშეშლილი, განადგურებული, რწმენადაკარგული. დამინახა და მითხრა: „თავი რად მინდა ცოცხალი, ომი წავაგეთ! ის ომი ჩვენ თითქმის მოგებული გვქონდა, მაგრამ წაგვაგებინეს, ჩვენი ბატალიონის და ბრიგადის ხელმძღვანელობამ მიგვატოვა. სამედიცინო ჩანთითა და დაჭრილი ამხანაგით გზაზე დამაგდეს და გაიქცნენ. ბრიგადის უფროსი და მისი მოადგილეები ჯიპებში ჩასხდნენ და ბრძოლის ველიდან პირველები გაიქცნენ. მე არ დავჭრილვარ, გზაზე რეგულარული რუსული ჯარის რეკრუტებმა გამომატარეს, წითელჯვრიან ჩანთას სცეს პატივი, „მაგრამ ის სისხლი გულს რომ გვიძგერებს, უაზროდ დააქციეს“. მეგობარი დამეღუპა. მინდორაშვილის ბიჭი, მუხლში დაჭრილი ვაშლის ბაღში დავტოვე, დახმარებას შევპირდი და ვერ დავეხმარე. მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ დაჭრილის იქიდან გამოყვანა ვერავინ შეძლო, სისხლი მოეწამლა და ვაშლის ხეების ქვეშ უაზროდ მიტოვებული დაიღუპა. მეგობრებს მესიჯებით ეხვეწებოდა, დედაჩემს ჩემს მდგომარეობას ნუ გააგებინებთო. ის ბიჭები, მართლა რომ უყვარდათ სამშობლო და ომის წაგება ვერ წარმოედგინათ, დაიხოცნენ: მათი დაგლეჯილი წელები ვნახე, მოწყვეტილი ხელები და ფეხები... მიცვალებულებს მარტოკა სოფლის ღობეებზე ვკიდებდი, ცხოველებს რომ არ დაეგლიჯათ და გაეფუჭებინათ. სამი დღე და ღამე ფეხით მოვდოდი გზაზე, სანამ გორში ჩამოვაღწევდი, მე უკვე აღარაფერი მჯერა იმ ხელისუფლებისა და იმ მთავრობისა, რომელსაც შეუძლია თავისი ჯარისკაცი ასე აიგდოს აბუჩად“.

ჩემმა მეუღლემ თქვენი აუგად ხსენება ვერ აიტანა, ნერვებაშლილი გერი, მისი ხელით და ლუკმით გაზრდილი, კინაღამ სახლიდან გამოაგდო. მამა-შვილმა ერთმანეთი ლამის დახოცეს თქვენი წაგებული ომის გამო, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია და მისი სულის ჭრილობებიც მოშუშდა.

ჩვენ ისევ გავაგრძელეთ მომავალზე ფიქრი, შემოდგომაზე სათბურში ისევ ცერეცო დავთესეთ, თუმცა უკვე ვხვდებოდი, რომ მისი რუსეთში გატანა ძალიან გაჭირდებოდა...

 

***

თქვენ უნდა იცოდეთ დაწვრილებით, თქვენს სახელმწიფოში თუ რა ხდება და რატომ (საქართველოს მეფეები მდაბიოს ტანისამოსს გადაიცვამდნენ და ისე დადიოდნენ ხალხში, ცდილობდნენ, სხვისი მოტანილი ენის გარეშე გაერკვიათ თავისი ხალხის ტკივილი და გასაჭირი).

ასე და ამგვარად, ამ ზამთარში ჩვენი ცერეცოს ბიზნესმა „ჩაისვარა“, მისი გამტანი ჩვენს ირგვლივ არავინ ჩანდა მაშინ, როცა შარშან ზამთარში  8-ჯერ მაინც გვქონდა გადაკრეფილი. 2008-2009 წლებში კი ცერეცოს კრეფას ჩვენს ოჯახში 50 ლარის მეტი არაფერი მოუტანია. ამასობაში ქარიშხალიც თავზე დაგვატყდა და ჩვენ 5000 ლარიანი სათბური ისე მოსპო და გადაზიდა თავის ხარიხებიანად მეზობლის ეზოში, რომ ჩვენთვის თავსატეხის და საჯავრებლის მეტი არაფერი დაუტოვებია. რაც ომმა დაგვაკლო, ქარმა შეგვისრულა.

ევროპის დღევანდელი ბოიკოტი რუსეთის ზრახვების მიმართ უკვე ამართლებს დავით ბაქრაძის მაშინდელ მტკიცებას: ეს ომი სამომავლოდ მოუტანს საქართველოს სიკეთესო. ჩვენ არ  გვჯერა, რომ თქვენი საგარეო და  საშინაო  პოლიტიკა   ჩვენს   ქვე-ყანას  პროგრესის  გზაზე  მიერეკება, მაგრამ ამ გლობალური პრობლემების მოგვარების პროცესში განზე რჩება და იჭყლიტება გლეხი და უბრალო მოქალაქე.

შეიძლება თქვენ არასოდეს გსმენიათ, რომ 1913 წელს, როცა აკაკი წერეთელი სოფელ მუხიანში სტუმრად იმყოფებოდა (წყალტუბოს რაიონის სოფლების საჯარო ბიბლიოთეკების გასახსნელად ჩამობრძანდა), მას შეხვდა იქაური გლეხი გოგია არეშიძე, იგი მუხიანის სადგურზე მატარებელში ჩატვირთავდა თავის ნაშრომ-ნაჯაფარს, საადრეო მწვანილსა და ხილს, ჩაჰქონდა როსტოვში და იქედან თავისი მრავალსულიანი ოჯახის სარჩოს ეზიდებოდა...

ხედავთ? მარტოოდენ - ცენტრების აშენებით ქართულ სოფელს დიდი არაფერი ეშველება, თუ ქართველ გლეხს იაფი საწვავი, იაფი თესლი, იაფი სასუქი და სახელმწიფო მხრიდან  ხელშეწყობა არ ექნება.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია