დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კაქტუსი
2012/07/23 12:58:05

ავტობიოგრაფიული ნოველა

 

ის სულ ერთი ციდა იყო, პაწია, უმწეო, სათუთი - დედის უბეს ახლადმოწყვეტილი. იმდენად უსუსური გახლდათ, რომ ფესვის მაგიერ ნახევარსანტიმეტრიანი, თითქმის უხილავი ძაფი ეკიდა. ახლობელმა მომიტანა:   აჰა,შენ ეს, ჩემი კაქტუსის შვილია, გჩუქნი. მოუარე, გაახარე და შემდეგ შენ გაგახარებსო.

ცოტა არ იყოს, დავიბენი, ასეთი უჩვეულო რამ ჩემთვის არასდროს უჩუქნიათ. არც კი ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. გადასაგდებად ნამდვილად დამენანა, ჭიქაში წყალი ჩავასხი და ჩავდგი, მის ნებაზე მივუშვი.

საერთოდ, ოთახის ყვავილები არასდროს მწყალობდნენ, რატომღაც, ყოველთვის მეღუპებოდნენ, ვიფიქრე - თუ გაიხარებს, ხომ კარგი, თუ არა და...

გამოხდა ხანი და ჩემმა პაწიამ ფესვები გამოიღო, ცოტა „ხორციც მოისხა“, მოძლიერდა, გალამაზდა... მიწით სავსე ქოთანში გადავრგე და აივანზე დავდგი. თანდათან ზრდაში წავიდა. პაწია ქოთანში აღარ დაეტია, მოდიდოში მივუჩინე ბინა. ისეთი  ლამაზი გახდა, რომ ავ თვალს არ ენახებოდა.

ერთ დღეს  ჩემმა  კაქტუსმა  მოიწყინა. გამიკვირდა, ისეთი რა დაემართა, თითქოს მოვლას არ ვაკლებდი! თურმე, მეზობელს ქიმიკატები ჩაუსხამს. ფრთხილად შემოვაცალე მიწა, ფესვები გავურეცხე და ახალ ქოთანში  გადავრგე. დავუყვავე, მოვეფერე, ვთხოვე, რომ  დაბრუნებულიყო, რამეთუ იმდენად შევეჩვიე ეკლებიან პატარა „ქალბატონს“, რომ ჩემი სულის განუყოფელი ნაწილი და ჩემი მესაიდუმლე გახდა...

დამიჯერა და დაბრუნდა...

შემდეგ კარგა ხანი გავიდა, თანდათან გაიზარდა და დამშვენდა და ერთ დღეს... შინმობრუნებულს ქოთანი ძირს გადმოვარდნილი და დამსხვრეული დამიხვდა, ჩემი „ბურძგლა“ მეგობარი - დანით აჩეხილი. ცრემლები წამსკდა. ფრთხილად მოვაგროვე ნარჩენი, ისევ ქოთანში  ჩავსვი, ისევ მოვეფერე, ისევ ვუწამლე და... ისევ დაბრუნდა.

... და შემდეგ მოხდა ისე, რომ მე მოვიწყინე - სიკვდილ-სიცოცხლესთან შერკინება მომიწია. მოიწყინა ჩემმა კაქტუსმაც, ჩამოჭკნა, გაფერმკრთალდა, დანაღვლიანდა, თანდათან ხმობა დაიწყო. ვგრძნობდი - მის ხმობასთან ერთად მეც ძალა მეცლებოდა და... არაადამიანურად  ვიბღავლე,  შევღაღადე:  „არა, არ წახვიდე, არ გახმე! მეც ხომ შენთან ერთად ვხმები! შენ არ უნდა მოკვდე, შენ ხომ დედა ხარ, ნახე, ირგვლივ რამდენი შვილი გახვევია, განა ესენი ცოდონი არ არიან სასიკვდილოდ? მეც დედა ვარ, მეც ვჭირდები ჩემს შვილებს, მოდი, ერთად ვიბრძოლოთ და უეჭველად გავუმკლავდებით!..“

და ვიბრძვით დღემდე. აღვსდექით ფერფლისაგან, არ ვნებდებით, ისევ ვეპოტინებით სიცოცხლეს...

ხარობს ჩემი „ბურძგლა“ მეგობარი და მეც მახარებს თავისი ულამაზესი ყვავილებით...

 

 

მანანა არონაშვილი

ქუთაისი-ისრაელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1403
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია