დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დასრულდა წუთისოფელი...
2012/09/24 12:07:25

თავზარდაცემული ვარ: საკუთარი სურვილით წავიდა ამქვეყნიდან დიდი ქალბატონი, რომლის გარეშეც ვერ წარმომედგინა ჩვენი ქალაქის ბოლო ათწლეულების ისტორია.

 

ცნობილი არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მოამაგე, მშობლიური ქუთაისის დიდი ქალაქური ტრადიციების მცოდნე... რამდენი რაკურსით ვიცნობდით მას - ქალბატონ ლონდა ჯიქიას!

არაერთგზის დამიწერია მის დედაზე - 30-იან წლებში რეპრესირებულ ქალბატონ ვერა გვანცელაძე-ჯიქიაზე, რომლის მოგონებებმაც გაუხუნებლად შემოინახა ძველი ქუთაისის კულტურისა და ყოფის ამსახველი მრავალი საინტერესო ფურცელი, მათ შორის - გვირილობის დღესასწაული.

დამიწერია მამაზეც - 1937 წელს დახვრეტილ სამხედრო ინჟინერ ბორის ჯიქიაზე, რომლის ხელმძღვანელობითაც გაჰყავდათ 30-იან წლებში რაჭა-ლეჩხუმის გზა; აშენდა ურავის დარიშხნის მომპოვებელი ქარხანა რაჭაში; შთამომავლობას შემორჩა მის მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოები.

დამიწერია ბაბუაზეც - ქუთათურ ოსტატ ხელოსანთა ამქრის წევრ ნიკიფორე გვანცელაძეზე, რომლის გაჭედილი ეტლითაც შემოიარა აკაკი წერეთელმა რაჭა-ლეჩხუმი 1912 წელს.

და ბევრჯერ ყოფილა ჩემი რესპონდენტი თავად ქალბატონი ლონდაც - შესანიშნავი მკვლევარი და მოქალაქე.

რამდენი საინტერესო რამ უამბია ჩემთვის, რა მიმზიდველად, შინაგანი არტისტიზმითა და კოლორიტული ფერადოვნებით გაუცოცხლებია ჩვენი ქალაქის მატიანის საინტერესო მონაკვეთები, ცნობილი ოჯახების უცნობი ამბები, ქუთაისის ძველი ტოპონიმები, ქალაქური კულტურისა და ტრადიციის ათასგვარი ნიუანსი...

მომაჯადოებელი თხრობა იცოდა! შესანიშნავად უჭრიდა კალამიც. ჩვენს საქალაქო გაზეთებში არაერთხელ გამოქვეყნებულა მისი აქტუალური პუბლიცისტური სტატიები.

მაგრამ, უპირველესად, იგი შესანიშნავი მეცნიერი და მკვლევარი იყო! მე, პირადად, ქუთაისის შემოგარენის არქეოლოგიურ ძეგლებზე შექმნილი მისი წიგნი ყოველთვის მაოცებდა თავისი სიღრმითა და დიაპაზონით.

ლონდა ჯიქიამ - ქუთაისის, ვანისა და კოლხეთის მრავალი სამეცნიერო არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილემ - ფასდაუდებელი ამაგი დასდო ჩვენს ისტორიას, არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი და მონოგრაფია მიუძღვნა მას.

სიცოცხლის ბოლო წლებში მშობლების ნამუშაკევი მოიძია, მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები წიგნად თუ ალბომად აკინძული დაუტოვა შთამომავლობას.

ცოტამ თუ იცოდა, რომ ქალბატონი ლონდა ლექსებს და მოთხრობებსაც წერდა ჩუმად, თავისთვის... ახალგაზრდულ ასაკში შექმნილი მხატვრული ნაწარმოებები, გაბედა და, 2008 წელს, „მწვანე რვეულის“ სახელწოდებით, წიგნად გამოსცა ავტობიოგრაფიულ წინათქმასთან და თარგმანებთან ერთად. იქ ბოლოდროინდელი ჩანაწერებიც მოხვდა. როგორ არ დაგამახსოვრდება ერთ-ერთი ლექსის სტროფი: „ქართველმა ქართველს ესროლა ტყვია... და ჩემი გული იყო სამიზნე! ღმერთო, უშველე ჩემს საქართველოს, მოაშლევინე ქართველს ავი ზნე!

ნატიფი, დახვეწილი გემოვნება ჰქონდა, მშობლიურ ქალაქზე უსაზღვროდ იყო შეყვარებული. ბოლო წლებში თითზე ჩამოსათვლელად შემორჩენილ მეგობრებთან, ოჯახური ტრადიციებით გამორჩეულ უხუცეს ქუთათურ ქალბატონებთან, 40-50-60-იანი წლების ქუთაისს ხშირად იხსენებდა. თავისი გაუხარელი ბავშვობის გარდა, მას ხომ ბევრი ლამაზი, კეთილი ისტორიაც ჰქონდა მოსაგონარი.

სამწუხაროდ, რიგრიგობით წავიდნენ ამქვეყნიდან ნინო (პუწა) ხათრიძე-ფილიპოვი, მედეა დევდარიანი და მისი სხვა უახლოესი მეგობრები.

უკანასკნელად სწორედ ქალბატონი მედეას დაკრძალვის დღეს ვნახე, საფიჩხიის სასაფლაოზე. აგვისტოს თაკარა მზე იდგა... შემომჩივლა, სუსტად ვარ, დედის დაბადების დღეს აქ ვეღარ ამოვალ და ბარემ ახლა მოვინახულებ, აქვეა, ახლოსო. გადაუხვია და საფლავებს შორის მიეფარა თვალს... მერე კი ისე მოხდა, როგორც ერთ თავის ლექსში აქვს ნათქვამი:

„მივყვები ამ გზას, მივიჩქარი,  ვიცი, ასეა: 

მხარდამხარ დგანან მწუხარება და სიხარული,

მე ტუსაღივით ბორკილების ჟღარუნი მართობს,

არსაითაა დასაწყისი და დასასრული.“

როგორ ტრაგიკულადაც დაიწყო მისი ცხოვრება, ისეთივე მძიმე აღმოჩნდა დასასრულიც...

„ხალხის მტრის შვილი“ უწოდეს 9 წლის ასაკში, როცა მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს და 11 თვის ძმასთან - დოდიკთან ერთად დედის მშობლების ოჯახში მიიყვანეს გასაზრდელად. მას შემდეგ ყველა წინაღობა გადალახა, საუკეთესო განათლება მიიღო, გახდა საზოგადოების ღირსეული წევრი, მკვლევარი, მეცნიერი, მოქალაქე, ადამიანი, რომლის სიტყვასაც ყველგან ფასი ედო. გახდა, უბრალოდ, ლონდა ჯიქია - ქუთაისის საზოგადოებისათვის ფრიად პატივსაცემი და დასაფასებელი ქალბატონი.

და დასრულდა წუთისოფელიც 84 წლის ასაკში - მაინც მძიმედ და პირქუშად...

ვიცი, რომ დღეს, ჩემსავით, ბევრს გადმოუვარდა თვალთაგან მწუხარების ცრემლი. მაგრამ ისიც ხომ გვჯერა - არ შეიძლება, დრომ წაშალოს ამ მშვენიერი, მარტოსული ქალბატონის სილუეტი, მისი ცხოვრების ნატერფალები.

ბოლოსდაბოლოს, ათეულობით წლის შემდეგაც, ყოველთვის გამოჩნდება მშობლიურ ქალაქზე, ქვეყანაზე შეყვარებული ვინმე ახალგაზრდა მკვლევარი, რომელიც ინტერესით მოიძიებს საჭირო სამეცნიერო ნაშრომს და პატივისცემით დახედავს ავტორის სახელს და გვარს: ლონდა ჯიქია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია