საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გადადგა ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობიდან
2020/08/18 18:12:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ 18 აგვისტოს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა და მთავარ მიზეზად მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლო ეჭვებისა და კითხვების გაჩენა დაასახელა.


„მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ“, – აღნიშნა მან.

 

ახალი გენერალური დირექტორის არჩევამდე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. მას ეს თანამდებობა 2016 წელს მაღლაფერიძის წინამორბედის, გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგაც ეკავა.

 

ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი დღეს გამოცხადდება და შერჩევის პროცესი თვენახევარი გაგრძელდება. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის გზით ირჩევს და ექვსი წლის ვადით ნიშნავს.

 

ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე რვაწევრიანმა სამეურვეო საბჭომ 2017 წლის იანვარში აირჩია.

 

მაღლაფერიძის პოლიტიკური სიმპატიებისა და მიუკერძოებლობის გარშემო არსებული კითხვების გამო, მაშინ მის ამ თანამდებობაზე დანიშვნას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრის კრიტიკა მოჰყვა.

 

ვასილ მაღლაფერიძე 1999 წლამდე, ვიდრე მაშინდელი მმართველი პარტიის მოქალაქეთა კავშირის სიით დეპუტატი გახდებოდა ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. მაღლაფერიძე დეპუტატად ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების სიით 2004 წელსაც აირჩიეს, თუმცა იმის გამო, რომ იგი 2005 წლის მარტში მცხეთა-მთიანეთში მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რწმუნებულად დაინიშნა, მან დეპუტატის 4 წლიანი მანდატი ბოლომდე ვერ ამოწურა. მაღლაფერიძემ რწმუნებულის პოსტზე 3 წელი იმსახურა. 2008 წლის თებერვალში გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, მაღლაფერიძემ ერთი წელი სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსად იმუშავა.

 

2010 წლიდან ის კვლავ ჟურნალისტურ საქმიანობას დაუბრუნდა. 2012 წელს ის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორის მოადგილე იყო. 2014 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე მაღლაფერიძე ასევე ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური ტოქ-შოუს გენერალური პროდიუსერი იყო.

 

https://civil.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 329
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია