დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სა-უცხოოდ ქართველობა
2012/06/18 13:25:18

აუცილებელია, ყველაფერში სხვას დავემსგავსოთ?

 

მკითხველო, თუკი ამ წერილში თავზე ხელის გადასმასა და მოსაფერებელი სიტყვების წაკითხვას, ყოველივე ქართულის განდიდებასა და იმის ძახილს ელი - „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო“, ანდა საკუთარი მთავრობის ლანძღვა-გინება გინდა მოისმინო, წინასწარ გეტყვი, რომ გაწბილებული უნდა დაგტოვო - აქ ამგვარს ვერაფერს ნახავ. თუ რამეს ვიტყვით, ისევ შენზე და ისევ იმ უბედურებაზე ვილაპარაკებთ, რომელშიც თავად ხარ დამნაშავე.

 

17 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკათმცოდნეების კონფერენცია გაიხსნა, სადაც საქართველოში ამერიკის ელჩი, ბატონი ჯონ ბასიც იყო მობრძანებული. ერთობ საინტერესო საღამო გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, 190 საკონფერენციო ნაშრომი იყო წარდგენილი. სპეციალობის ხელმძღვანელმა ღიმილით გაგვანდო, რომ, დღესდღეობით, ამ ერთობ პრესტიჟულ პროფესიას საქართველოში იმაზე გაცილებით მეტი სტუდენტი ეუფლება, ვიდრე ევროპისა და აზიის ნებისმიერ ქვეყანაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ვიდრე ა.შ.შ-ს ზოგიერთ შტატშიც კი.  და ეს ყველაფერი მაშინ, როცა სულ თითზე ჩამოსათვლელი ახალგაზრდა სწავლობს კავკასიოლოგიას. ამ სტატისტიკამ შეგვაფიქრიანა მე და ჩემი ფილოლოგი მეგობარი. შესვენებისას დარბაზის უკანა სკამებზე მოკალათებულებმა ამერიკანიზაციის პრობლემაზე დავიწყეთ საუბარი, როცა წინა რიგიდან ახალგაზრდა მამაკაცი მოგვიტრიალდა და „არგუმენტირებულ“ მსჯელობას მოჰყვა, თუ როგორ ზრუნავს ამერიკა ჩვენზე. თუმცა იმაზე კი ყაბულს იყო, რომ არცერთი ქვეყანა ისე არაფერს გაგიკეთებს, თუ თავადაც არ გამოელის შენგან სარგებელს.

მე არც პოლიტიკოსი ვარ და ვერც ეკონომიკაში ვერკვევი კარგად, ჩემო მეგობარო. არცერთ ქვეყანასთან ურთიერთობა არ არის ცუდი. მეგობრების გარეშე, ქვეყანა კი არა,  კაცი ვერ გაიტანს თავს. მით უმეტეს, რომ მას ბევრი ღირსება გააჩნია, რომელთა გადმოღება ქართველებსაც არ გვაწყენდა. თუნდაც ტოლერანტობა, თავისუფლების ხარისხი და პროფესიონალიზმისა და ნიჭის პატივისცემა. მაგრამ რა აუცილებელია, სხვას ყველაფერში დავემსგავსოთ, დავკარგოთ ჩვენი კულტურა, პირველ რიგში კი - ენა და მას თან მივაყოლოთ პიროვნული მეც?!  ჰუმბოლდტი ამბობდა: „სხვადასხვა ენა სხვადასხვა მსოფმხედველობააო“. თუ კარგავ მას - კარგავ სამყაროს აღქმის შენეულ უნარს, ემსგავსები სხვას და ხდები ასლი, ორიგინალად ქცევის პოტენციალის გარეშე.

თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რამდენი ვარამი გადაიტანა ქართულმა ენამ. იარა, იცვალა, ბევრჯერ დაუპირეს გაქრობა, ჩაყლაპვა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. არნოლდ ჩიქობავა ამბობდა: „ყოველი ერის მეობის პირველი ნიშანი არის ენა, შეიძლება ხალხმა ტერიტორია გამოიცვალოს, მაგრამ, თუ შეინარჩუნა ენა, ის კვლავ იმავე ერად დარჩება“. ეს ყველაფერი მშვენივრად ესმოდა საბჭოთა კავშირის ხელისუფლებასაც. სწორედ ამიტომ 1978 წელს მომზადებული საბჭოთა კონსტიტუციის პროექტის 78-ე მუხლში სახელმწიფო ენად რუსული გამოაცხადეს. 14 აპრილს უნივერსიტეტის ეზოდან  დაიწყო მსვლელობა, სადაც  სტუდენტები აპროტესტებდნენ კონსტიტუციაში შესასვლელ ცვლილებასა და მოითხოვდნენ ქართულ ენას შენარჩუნებოდა სახელმწიფო ენის სტატუსი. მათ ლამის სიცოცხლის ფასად დაიცვეს ენა, ეროვნული ღირსება და ჭეშმარიტი საუნჯე ჩვენი ქვეყნისა...

ვდგავარ უნივერსიტეტის ეზოში არნოლდ ჩიქობავასა და აკაკი შანიძის ბიუსტებთან და ვფიქრობ ამ დღეებზე. თან ირგვლივ ყოველი მხრიდან მესმის აქა-იქ ნათქვამი სიტყვების რახა-რუხი: ვიკენდი... ფეისი... ფართი... კოფიბრეიქი... ლანჩი...

ვფიქრობ და ვერაფრით გამიგია: რა გამოგვეპარა ქართველებს. ნუთუ დავინახეთ და თვალი დავხუჭეთ, უპატრონოდ და დაუცველად დავაგდეთ ენა? არა, აქ არასოდეს დაიბადება ისეთი ქართველი, რომელსაც „საქართველოს“ გაგონებისას ერთხელ მაინც არ დააყრის ეკლები ტანზე, რომელიც წინ არ აღუდგება ჯიქურ მოსულ მტერსა და სისხლის ბოლო წვეთამდე არ იბრძოლებს ბედკრული სამშობლოსათვის.

მაშ, რა მოხდა?

ჩვენ გამოგვეპარა წამი, როცა სხვაგვარობა მოგვაწონეს, როცა ფარულად ენის უფლება ჩამოგვართვეს: თუკი შენს მოქალაქეს არათუ უცხო ენის, არამედ, კონკრეტულად, ინგლისურის არცოდნის გამო, არ აძლევ მუშაობის დაწყების საშუალებას არც კერძო და, მით უმეტეს, არც სახელმწიფო სექტორში, აქვს კი იმას მნიშვნელობა, რა წერია კონსტიტუციის „ფარატინა“ ფურცელზე? „ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს,გაგვწყვეტს.“ ბრძოლაში მაგრები ვართ, მაგრამ, ვაი, რომ ვერასდროს ვხედავთ ნამდვილ მიზეზს, რისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.

უცხოობა მოვიწონეთ და ჩვენც სა-უცხოოდ გადავკეთდით.  უნახავებივით აღვფრთოვანდით ბრჭყვიალა საქმეებითა და ვერც კი ვხედავთ, როგორ ვკარგავთ იმას, რაც ნებისმიერ შეგნებულ უცხოელს სიმპათიითა და პატივისცემის გრძნობით განაწყობს ჩვენ მიმართ. აჯობებს დავფიქრდეთ იმაზე თუ რამხელა კულტურული მემკვიდრეობის პატრონები ვართ, რას ნიშნავს ჩვენთვის ენა და რამდენი რამ შეიძლება დავკარგოთ მისი სახით. არც პურისტული ტენდენციებია მაინცდამაინც მოსაწონი, მუდამ განახლებადი და მოქნილი უნდა იყოს ენა, მაგრამ ამდენი, საჭიროების გარეშე შემოტანილი ბარბარიზმი ამძიმებს, ანგრევს და ნელ-ნელა სრული გადაგვარებისკენ მიჰყავს იგი.

ვიმეორებ - მე არც პოლიტიკაში და არც ეკონომიკაში არ ვერევი, მე ქართული სული და კულტურა მაინტერესებს, რომლის ნგრევაშიც თითოეულ ჩვენგანს მიუძღვის ბრალი. დიახ, დამნაშავენი სწორედაც, რომ ჩვენ ვართ - მოდას აყოლილი, სა-უცხოოდ ქცეული ქართველები.

მარიამ ნავაძე,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის

I კურსის სტუდენტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია