დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ციხეებიდან „სიკვდილის ექსპორტი“ უნდა დასრულდეს!..
2011/04/11 13:58:19

სახალხო დამცველმა 2010 წლის ანგარიში წარმოადგინა. მასში ასახულ ფაქტებს დიდი რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში. განსაკუთრებული ინტერესი საპატიმროებში არსებულმა  ვითარებამ გამოიწვია. რამდენიმე კვირის წინ, სამთვრობო დებატებისას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გიორგი ტუღუშის ანგარიშმა კიდევ უფრო გაამწვავა.

 

 

სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში პატიმრების პრობლემებს საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა. სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, წამების ფაქტები კი თითქმის აღარ არის. თუმცა რჩება რიგი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რის შესახებაც გიორგი ტუღუში ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციებით მიმართავს.

საპატიმროებში მონიტორინგის შედეგად 2010 წელს გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: გადატვირთულობის საკითხი, ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო მოპყრობა, დაკავების დროს ძალის გადამეტება, პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, არ ხდება ფაქტების სრულყოფილად გამოძიება. ანგარიშში კონკრეტული ფაქტებით გამყარებულია თითოეული მოსაზრება.

„პატიმართა გადმოცემით,  დაწესებულების ტერიტორიაზე ნებისმიერი გადაადგილებისას ადმინისტრაცია პატიმრებს აიძულებს,  ზურგზე დაიწყოს ხელები,  მაშინაც კი, როდესაც პატიმრის ფიზიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პატიმარს ეკრძალება სასეირნოდ გასვლა და ეზღუდება ზოგიერთი სხვა უფლება,  მაგალითად,  ტელეფონით სარგებლობა. ხშირად,  პატიმრები თავადაც ერიდებიან სასეირნოდ გასვლას,  რადგან ყოველი გადაადგილება თანამშრომლებთან კონფლიქტის წარმოშობის წყარო შეიძლება გახდეს. აღნიშნულის თაობაზე განმარტებისთვის მივმართეთ დაწესებულების ადმინისტრაციას, რომელმაც უარყო ამ პრაქტიკის არსებობა,  თუმცა პატიმრები ერთხმად ადასტურებენ ამგვარ პრაქტიკას.

გაურკვეველი აკრძალვებია დაწესებული მაღაზიით სარგებლობის დროს.  მაგალითად,  პატიმრებს უფლება არ აქვთ,  შეიძინონ ყავა,  ჩაი და მადუღარა. აღნიშნული ნივთების შეძენას დაწესებულების ადმინისტრაცია დარღვევად მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ პატიმრებისთვის ამგვარი შეზღუდვების არსებობა დაუშვებელია“. - აღნიშნულია 2010 წლის ანგარიშში

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ნომერ პირველ პრობლემად რჩება, რის შედეგადაც მატულობს პატიმრების სიკვდილიანობა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ 2010 წელს 142 შეადგინა,  ეს მაჩვენებელი 2009 წელს 100-ზე ქვემოთ იყო.  წინა წლის განმავლობაში ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა 2009 წელთან  შედარებით 50 პროცენტით გაიზარდა. პატიმართა გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად ტუბერკულიოზი სახელდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემები უფრო გაღრმავდა, არათუ შემცირდა. პატიმართა შორის ხშირია C ჰეპატიტი, გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებები.

გიორგი ტუღუშმა ანგარიშში შემოიტანა ახალი ტერმინი „სიკვდილის ექსპორტი“.  „ასევე 2010 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა „სიკვდილის ექსპორტს“ - ანგარიშში სწორედ ამ ტერმინით მოვიხსენიე, - როდესაც ფაქტიურად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ. ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, შეიძლება, გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში. ეს მონაცემები დეტალურადაა ანგარიშში“. - განაცხადა სახალხო დამცველმა ანგარიშის პრეზენტაციისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.

როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, აღნიშნული მეთოდი აღარ მუშაობს. ისინი აღრიცხვას აწარმოებენ არა იმის მიხედვით, თუ რომელ დაწესებულებაში გარდაიცვალა, არამედ ინფორმაციას  სამოქალაქო სტაციონარებიდან იღებენ, მათ შორის - ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდანაც. შესაბამისად, სახალხო დამცველს აქვს ზუსტი ინფორმაცია გარდაცვლილ პატიმართ არა მარტო რაოდენობის, არამედ - ზუსტი მიზეზის შესახებაც. გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, 2010 წელს  გარდაცვლილი პატიმრებიდან ყოველ მესამეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება, ხოლო ნაძალადევი სიკვდილის რვა შემთხვევაა დაფიქსირებული.

ომბუდსმენის ამ განცხადებას არ ეთანხმება ხათუნა კალმახელიძე. თუმცა სახალხო ანგარიშის პარლამენტში გაგზავნიდან რამდენიმე დღის შემდეგ სასჯელ-აღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა სულაბერიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს უკანასკნელი სამინისტროში სწორედ რომ ჯანდაცვის სფეროსა და ფინანსებს კურირებდა.

 

***

ქრისტიან-დემოკრატ გიორგი ახვლედიანი შეფასებით, „დღეს  რომ პირველი მოადგილე თანამდებობას ტოვებს, რომელიც სისტემაში ჯანდაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ეს მეისრეზე ჯოხის გადატეხვაა და სხვა შინაარსის მატარებელი ვერ იქნება. ანგარიშში  სრულიად საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი დადგეს.“

 

***

სასჯელ-აღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო კუთხით არსებული ვითარების უფრო  კონკრეტულად გასარკვევად  ვესაუბრეთ სახალხო დამცველის სამსახურის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნათია იმნაძეს.

ნათია იმნაძე: მდგომარეობა პრაქტიკულად გაუარესდა, შეიძლება ითქვას, სიკვდილიანობამ იმატა. რაც შეეხება ზოგადად სამედიცინო მომსახურებას, არც ადრე იყო სახარბიელო მდგომარეობა და ახლაც დამაკმაყოფილებელს ვერ დავარქმევ. ისევ და ისევ არის პრობლემები დაიგნოსტიკის მხრივ, ჭიანურდება პატიმრების გადაყვანა  სამედიცინო დაწესებულებებში, არ არის ადეკვატური მკურნალობა. რამდენიმე ათეული შემთხვევა შევისწავლეთ და ზოგიერთგან გაგვიჩნდა ეჭვი, რომ მკურნალობა არ მიმდინარეობდა ადეკვატურად. შემდეგ მივმართეთ სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და ვთხოვეთ, შეესწავლა ეს საქმეები. საბოლოო ჯამში, ბევრ ექიმს დროებით შეუჩერდა ლიცენზია. ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია. მარტო სახალხო დამცველის აპარატი ყველა მათგანს ვერ შეისწავლის. ზოგადად ჯანდაცვის კუთხით არის სავალალო მდგომარეობა. ბოლო დროს დაწყებულია აქტიური თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან. წინა ანგარიშებშიც ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ საჭირო იყო რეფორმის მომზადებაში სპეციალისტების უფრო მეტად ჩართვა. იმედი გვაქვს, ეს რეფორმა მიგვიყვანს დამაკმაყოფილებელ შედეგამდე და პრობლემა თუ არ მოგვარდება, გადაჭრის გზას მაინც მოვძებნით და რეალური ნაბიჯები გადაიდგმება.

- რაც შეეხება სასელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს, ხომ არ იქმნებოდა დაბრკოლებები საპატიმროებში შესვლისას მათთანც ისევე თანამშრომლობთ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან? 

- ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა არც ერთი ხელის შემშლელი ფაქტი, წვრილმანებს თუ არ გავითვალისწინებთ თვით ადგილებზე. ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ჩვენამდე მოდის დაუბრკოლებლად, რა თქმა უნდა, თუ მათ აქვთ ეს ინფორმაცია. დაწესებულებაში დაშვებაც ხდება უპრობლემოდ, პატიმრებს ვესაუბრებით კონფიდენციალურად. რამდენჯერმე სახალხო დამცველი და მინისტრი კალმახელიძე შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს. რაღაცეებზე ვჯერდებით და რაღაცეებში ჩვენი აზრი და მიდგომა განსხვავებულია. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობა ასე გაგრძელდება.

- წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, სრულდება თუ არა სახალხო დამცველის მიერ მიცემული რეკომენდაციები? 

- ნაწილობრივ სრულდება. თუმცა არის მთელი რიგი პრინციპული საკითხებისა, რომელიც გადაუჭრელი რჩება. ზოგიერთი რეკომენდაციის შესრულებას დროც სჭირდება, მაგალითად, ინფრასტრუქუტრის გაუმჯობესება თუ სხვა რამ. მაგრამ არის რეკომენდაციები, რომლებიც არ სრულდება. თუმცა იმედი გვაქვს, მომავალში მათ შესრულებასაც მივაღწევთ სხვა გზებით. თუნდაც იმით, რომ საზოგადოება უფრო დაინტერესდა პატიმრების პრობლემებით. ეს მოწმობს იმას, რომ უკვე დროა, სახალხო დამცველის რეკომენდაციას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს, იგივე სამინისტროებისა და  პარლამენტის მხრიდან.

 

***

ანალოგიურად ფიქრობენ ქრისტიან-დემოკრატები.  მათ მიაჩნიათ,  რომ საჭიროა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მათ შორის ხათუნა კალმახელიძე ერთ-ერთი პირველია.

გიორგი ახვლედიანი: პარლამენტმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს ის მანკიერი ტრადიცია, რომ სახალხო დამცველის მოხსენებას, უბრალოდ, მოსმენად ვიღებთ. ერთ ყურში შევუშვებთ, მეორეში გამოვუშვებთ და არავითარ რეაგირებას არ ვახდენთ. პარლამენტმა უნდა მიიღოს კონკრეტული დადგენილება და მოახდინოს  რეაგირება ანგარიშზე. ყველა იქ ჩამოთვლილ დარღვევის ფაქტზე უნდა გაგრძელდეს მოკვლევა პროკურატურასა და შესაბამის დაწესებულებებში. შემდეგ საგამოძიებო ორგანოების დაზუსტებული მონაცემების მეშვეობით უნდა  დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც დაარღვია კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ სახალხო დამცველის ანგარიშს მოვისმენთ და გავატარებთ, ეს ფუნქციას უკარგავს მის ანგარიშს.

ომბუდსმენის ანგარიშს პარლამენტი ერთი თვის განმავლობაში საკომიტეტო მოსმენებით განიხილავს, ხოლო მაისის დასაწყისში გიორგი ტუღუში პლენარულ სხდომაზე წარსდგება.

დავით ბაქრაძის შეფასებით: სახალხო დამცველის ანგარიშს სჭირდება შესწავლა, იმისთვის, რომ მოჰყვეს შემდეგ ნორმალური რეაგირება. ამ შესწავლის ნაწილია ის, რომ მის განხილვაში ჩაერთოს სამინისტროები, რომლებსაც კრიტიკა ეხებათ და მათ მიეცეთ საშუალება, საკუთარი პოზიცია და არგუმენტები წარმოადგინონ“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია