დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ვერდის ახალი ბარიტონი“
2012/05/28 14:00:29

ვის გამო ისურვა 94 წლის ფრანკო ძეფირელიმ საქართველოში ჩამოსვლა?

ამ დღეებში იტალიიდან მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდა ახალგაზრდა ქართველი საოპერო ვარსკვლავი გოჩა აბულაძე, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, 26 მაისს ქუთაისში მასაც ემღერა და თავისი ახალი ვოკალური შესაძლებლობები ეჩვენებინა გულშემატკივრებისათვის. მაგრამ საზეიმო პროგრამა იმდენად მყარად იყო შედგენილი, რომ, სამწუხაროდ, უბრწყინვალეს ბარიტონს, რომლის ნიჭსაც აღიარებენ თვით მონსერატ კაბალიე, მაგდა ოლივერო, ფრანკო ძეფირელი და სხვა გამოჩენილი ხელოვანები, უმკაცრესი იტალიელი მსმენელი კი ყურადღებას არ აკლებს, - უარი ეთქვა. მომდევნო დღეებში თავადაც არ სცალია - კოპენჰაგენში მიემგზავრება. ასე რომ, ქუთაისელ მსმენელთან მისი შეხვედრა, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გადაიდო.  

ახალგაზრდა ვარსკვლავი ამით ოდნავადაც არ განაწყენებულა. ის ჩვეული გულწრფელობით გვიამბობს იმ ახალ შემოქმედებით მიღწევებზე, იტალიაში რომ მოიპოვა.

ჩვენი მკითხველი იცნობს ორი საოპერო მომღერალი ძმის- ქუთაისელი უჩა და გოჩა აბულაძეების პირველ სცენურ ნაბიჯებს. ამჟამად ისინი იტალიაში მოღვაწეობენ. შვიდი თვის წინ უჩამ გლანდების ოპერაცია გაიკეთა და, როგორც მისი უმცროსი ძმა გვიამბობს, „ექიმი გაკვირვებული იყო, ასეთი გლანდებით საერთოდ როგორ ახერხებდი სიმღერასო. ახლა გაცილებით უკეთ მღერის. კონცერტები აქვს მილანში, გუშინ ვერდის დარბაზში იმღერა. დიდი წარმატება ჰქონდა. იტალიელებს ძალიან მოსწონთ მისი ხმა. უკვე ველოდებით მისგან ახალ წარმატებებს.“

გოჩა აბულაძის ნაამბობიდან:  

სანამ იტალიაში გავემგზავრებოდით, დიდი სცენური გამოცდილება დაგვიგროვდა: კონსერვატორიის სცენაზე 20-მდე სხვადასხვა საოპერო სპექტაკლში მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა ძმამ. ასევე უჩას დებიუტი ჰქონდა ოპერის თეატრში: არლეკინი იმღერა. ჩემი დებიუტი კი შედგა როსინის                  „სევილიელ დალაქში“, ვიმღერე ფიგარო (უჩა ალმავირას მღეროდა) და ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება შეგვძინა, რაც მომღერლისთვის უმნიშვნელოვანესია. გამოცდილება არის ყველაფერი: მაყურებელთან ურთიერთობა, კონცერტმაისტერთან, დირიჟორთან, ორკესტრთან... იქ რომ ჩავედით, ყველას უკვირდა, რომ ახალგაზრდა ასაკში უკვე ასეთ რაღაცებს ვაკეთებდით. გვეკითხებოდნენ: საიდან ასეთი სიმშვიდე სცენაზეო. ევროპაში, საერთოდ, ცოტა გვიან იწყებენ სიმღერას. არის ხალხი, რომელიც 25-26 წლიდან დგამს პირველ ნაბიჯებს, ჩვენ კი ამ ასაკში უკვე დიდი გამოცდილებით ჩავედით.

მუსიკალურში რომ ჩავაბარე და ქალბატონ ლუბა ლომაკინასთან დავიწყე მუშაობა, მე პირადად ვიყავი 15 წლის. მერე უკვე მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან გავაგრძელეთ: 4 წელი ბაკალავრიატი და 2 წელი მაგისტრატურა. იტალიაში რომ ჩავედით, ორივე ძმა მოვხვდით უფასოდ ძალიან ცნობილ - ოზიმოს აკადემიაში. იქ გვთხოვეს ნომერი და დაურეკეს ნოდარ ანდღულაძეს. მე არც ვიცოდი, რა საუბარი შედგა მათ შორის. მაესტრო გახარებული მირეკავს და მეუბნება: „თქვენ იცით, რა მიქნეს იტალიიდან? იცით, ეს რას ნიშნავს?“ რა-მეთქი, შემეშინდა, - ცუდი ხომ არაფერი მოხდა! მაესტრო განაგრძობს: „აბულაძეებმა ხელოვნების ზეიმად გადაგვიქციეს გამოცდაო, - მილოცავდნენ.“ ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო ჩვენთვის. კარგად დაიწყო პირველი გამოცდის დღიდან ჩვენი იტალიური მოღვაწეობა.

 

მერე მე საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე ფერარაში,  სადაც მონაწილეობდა 400-მდე ადამიანი და ფინალში მაყურებელი ირჩევდა გამარჯვებულს. 300-მდე ადამიანიდან 255-მა გადაწყვეტილება მიიღო ჩემზე. კოლოსალური წარმატება იყო! არ დამავიწყდება, რომ გამოვდიოდი და ჩემს სახელს გაიძახოდნენ იტალიელები: ქართველი ბარიტონი! რა ხმა აქვს! როგორი მომღერალიაო!..

ამ კონკურსის მერე მიმიწვიეს ფერარას ძალიან ცნობილ კომუნალეს თეატრში - იქ, სადაც კლაუდიო აბადომ დაიწყო თავისი შემოქმედება (20 წელი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი). პავაროტი, კარუზო და ყველა დიდი მომღერალი ამ სცენაზე არის ფეხშედგმული.

მომეცა შანსი, ამ სცენაზე მეც შემედგა ფეხი. ჟერმონის პარტია შევასრულე „ტრავიატა“-ში. სამჯერ გამომიყვანეს ბისსზე.

აი, ამის შემდეგ ძალიან ცნობილმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ჩემზე რეცენზია: დაიბადა ვერდის ახალი ბარიტონიო, მას ჰქვია გოჩა აბულაძეო, ის საქართველოდან არისო. ეს ჯორჯია არ შეგეშალოთ ამერიკის შტატში, ეს არის კავკასიის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილია სულიერება, რაც მომღერალმა სრულად წარმოაჩინა თავის შესრულებაშიო. მადარებდნენ ისეთ დიდ მომღერლებს, როგორიცაა: ლეო ნუჩი, რენატო ბრუზონი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი და ეტორე ბასტიანინი. ჩემთვის  დიდი ბედნიერება იყო, ასეთი კორიფეების გვერდით რომ ახსენებდნენ ჩემს სახელს, ლამის გავგიჟდი სიხარულით, დიდი მოულოდნელობა იყო!

მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს ძალიან დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ და ქვეყანა უკან მიიწევს ყველანაირი მიმართულებით, კლასიკური მუსიკის სიყვარული აქ დღემდე არ დაუკარგავთ: „ყური“ აქვთ შერჩენილი, მკაცრად სჯიან და ისეთი მომღერლებისთვის დაუძახიათ „ბუ“ (ასე ეძახიან, როცა არ მოსწონთ), მთელ მსოფლიოში რომ არიან აღიარებული. მოკლედ, დიდ მომღერლებს ეშინიათ იქ გამოსვლის. მეც მქონდა ეს შიში და ვფიქრობდი: „ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ...“ მაგრამ, ისე მოხდა, რომ, პირიქით - გამიმართლა: ხალხმა მაღიარა და შევუყვარდი.

ჟურნალში ჩემს შესახებ დაბეჭდილი რეცენზია წაიკითხეს ძალიან ცნობილმა სააგენტოებმა. მწერდნენ, რომ უნდათ ჩემთან მუშაობა და გამიკეთეს რამდენიმე მოსმენა.

მერე მილანში გავიმარჯვე მაგდა ოლივეროს სახელობის საერთაშორისო კონკურსში. მაგდა ოლივერო. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოპრანოა, რომელიც მარია კალასის გვერდით დგას. 102 წლის არის ქალბატონი მაგდა, მაგრამ ჟიურიში იჯდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო ამ კონკურსზე, რომ თვით მაგდა ოლივერომ გადმომცა ეტორი ბასტიანინის პრიზი, როგორც კონკურსის მონაწილე საუკეთესო ბარიტონს.

ყოველივე ამან მომცა იმის რწმენა, რომ, ალბათ, მართლაც მაქვს რაღაც „ისეთი“, რაკი მადარებენ ასეთ ვარსკვლავს. არა, „თავში არ ამვარდნია“, არავითარ შემთხვევაში! უფრო თვითრწმენა გამიჩნდა იმისა, რომ მართლაც შემიძლია, ჩემს ქვეყანას გამოვადგე და დიდი წარმატებებით გავახარო ჩემი მშობლები, ჩემი მაესტრო, ჩემი საქართველო.  მაესტრო ნოდარ ანდღულაძე ძალიან გახარებულია, როცა ჩანაწერები ჩამომაქვს და ვარჩევთ. კმაყოფილია ჩვენი ვოკალური წინსვლით. უჩაც ძალიან გაზრდილია.

 

მერე უკვე ვიმღერე ფრანკო ძეფირელის სპექტაკლში. მისი სპექტაკლები, ალბათ, ერთი 30 მაინც იდგმება მსოფლიოში და ყველგან რეჟისორის ასისტენტები ჩადიან, თვითონ არსად ჩნდება. ჩვენ კი გაგვიმართლა: ერთი კვირით ჩამოვიდა. თვითონ მაძლევდა შენიშვნებს და რჩევა-დარიგებებს სცენაზე. ძალიან მოეწონა ჩემი მონაცემები. ასე მითხრა: „საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ, შენთან მუშაობით გამიჩნდა სურვილი, ჩამოვიდე და ვნახო ეს ქვეყანა, რომელსაც შენ წარმოადგენ.“ მისი ჩამობრძანება, ფაქტობრივად, შეუძლებელია: იგი იტალიაში იმყოფება და ფრენას, მგზავრობას ერიდება. 94 წლისაა! ის ხომ ცოცხალი ლეგენდაა, უდიდესი რეჟისორი. „მე ვისურვებდი, რომ შენნაირი მომღერალი ჩემს ძალიან ბევრ დადგმაში მენახოსო,“ - ასე მითხრა. ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა მიმეღო!

ამ სპექტაკლმა მომცა ვარიანტი, არენა დი ვერონასაკენ გზა გამხსნოდა. და ამ ზაფხულზე მექნება დებიუტი - იქ ანიტა რაჭველიშვილის გვერდით უნდა ვიმღერო მორალესი - „კარმენში“. და კიდევ მოცარტის „დონ ჟუანიდან“ ლეკორელოს პარტიას შევასრულებ.

 

ახლა მივემგზავრები კოპენჰაგენში - ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სააგენტო მისმენს.

2013 წლის ზაფხულში სიმღერა მომიწევს მომპელიეს ვერსალის თეატრში. ეს სწორედ ამ კოპენჰაგენის სააგენტომ გამიკეთა, დიდ იმედებს ამყარებენ ჩემზე. და ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენაა დანიშნული - მსოფლიოს დიდი თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელები და დირიჟორები ჩამოდიან. უკვე შემიძლია, რამდენიმე წლით წინასწარ დავგეგმო ჩემი შემოქმედებით ცხოვრება.

 

მადლობელი ვარ უფლის, რომ უკვე მყარ გზაზე ვდგავართ მე და უჩა.

აქ, ქუთაისში, ჩვენებმა ბინა გაყიდეს, როცა მე და უჩა იტალიაში გაგვიშვეს.

და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბინა, რომელიც გაყიდეს, ისევ ჩვენ ვიყიდოთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია