დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სახალხო კრების“ შეხვედრა რეგიონულ მედიასთან
2012/05/21 11:08:58

პოლიტიკური მოძრაობის „სახალხო კრების“ ლიდერებმა 15 მაისს რეგიონის 30-მდე ჟურნალისტის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხეს.  დასმული კითხვების ძირითადი ადრესატი „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აღმოჩნდა. რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის იყო გაზეთი „P.S.“-ის რამდენიმე ჟურნალისტიც.

 

- ქალბატონო ნინო, ზუსტად ერთი წელი გავიდა, როცა თქვენ  პარლამენტის წინ რამდენიმე ათასიანი აქციები გქონდათ. 26 მაისს, გამთენიისას, ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის შემდეგ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ თქვენი პარტიის რეიტინგმა ნელ-ნელა იკლო. რა იყო ამის მიზეზი? 

- დიახ, ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც ხელისუფლებამ სისხლიანი 26 მაისი მოაწყო, მან დაარბია მშვიდობიანი აქცია და მის წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. იმის შემდეგ, მართალია,  აღარ ვჩანდით სამთავრობო ტელევიზიებზე, თუმცა ჩვენ ერთი დღე არ შეგვიჩერებია მუშაობა. იმ სისხლიანი ღამის შემდეგ, მთელი ზაფხული, კრების წევრები სასამართლოებზე დავდიოდით, სადაც ჩვენს აქტივისტებს იძულებით აიძულებდნენ, დაეწერათ ტყუილი და ეთქვათ, რომ ჩვენმა ექსკორტმა გაიტანა მანქანა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენმა აქტივისტებმა არ აღიარეს, რადგან ეს იყო ტყუილი. ამიტომ, ერთი წლის შემდეგ, ჩვენ კვლავ ვიწყებთ აქტიურ ბრძოლას ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ.

- როგორც ვიცით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა თქვენს კრებასთან თანამშრომლობაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

ნონა გაფრინდაშვილი: ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უყვარს მისი ქვეყანა, თუმცა მის კოალიციაში შემავალი პარტიების წევრებმა რატომღაც შეიკავეს თავი ჩვენთან თანამშრომლობაზე. თუმცა ყველაფერი მათი გადასაწყვეტია. მიუხედავად ამისა, ჩვენ   ვებრძვით ამ რეჟიმს და არა - ოპოზიციას. ვიტყვი, რომ ძალა ერთობაშია და ამ ხელისუფლებას ყველაზე მეტად რისიც ეშინია, ეს ერთიანი ოპოზიციაა.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ძალა ერთობაშია, თუმცა ამჟამად რეალობა ასეთია - ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ერთადერთი მსხვილი სუბიექტი კოალიცია „ქართული ოცნებაა“. მე მაინტერესებს, „ძალა-ერთობის“ პრინციპით, წინასაარჩევნოდ შექმნით თუ არა ალიანსს იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთა იდეოლოგია თქვენთვის მიუღებელია, ვგულისხმობ „ახალ მემარჯვენეებს“, „თავისუფალ საქართველოს“ და ა.შ

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი: კოალიციის შექმნა  იმ პარტიებთან, რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ გვაკავშირებს, ცოტათი რთულია. მე არ ვამბობ კონკრეტულად ჩამოთვლილ პარტიებზე, თუმცა სახელისუფლებო პარტიებთან ჩვენ არაფერი გვაკავშირებს.

- იგეგმება თუ არა სახალხო კრების წარმომადგენლების შეხვედრა რეგიონების მოსახლეობასთან?

- რა თქმა უნდა. ჩვენ გასულ წლებშიც, მიუხედავად მწირი თანხებისა, ასე თუ ისე, ვახერხებდით რეგიონებში ჩასვლას. ჩვენ ახლაც ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, რეგიონებში შევხდეთ მოსახლეობას და მათთგან გავიგოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც მათ აწუხებთ. გასულ წლებში ჩვენს კრებას ელემენტარული თანხები არ გააჩნდა, არ გვქონდა იმის საშუალებაც კი, რომ სააგიტაციო მასალები დაგვებეჭდა და მოსახლეობას ჩვენს შესახებ ინფორმაცია მიეღო.

- მიიღებენ თუ არა სახალხო კრებაში გაწევრიანებული პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას არჩევნებში?

ნინო ბურჯანაძე: მივიღებთ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, ეს მაისის ბოლოს  გადაწყდება, თუმცა, რასაკვირველია, თუ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გადავწყვეთ, ყველა რეგიონში არ გვეყოლება მაჟორიტარი დასახელებული. მაგრამ გპირდებით, სადაც კი დავასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატს, წარმოდგენილებს შორის ყველა იქნება ღირსეული და ღირსი იმისა, რომ მათ გაიმარჯვონ კონკრეტულ რეგიონებში. თუმცა ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი.

- ქალბატონო ნინო, როდის გაირკვევა, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას?

- ეს ჩვენი საზოგადოებისათვის სულ მალე გახდება ცნობილი. ვფიქრობ, რომ ჩვენ მაისის ბოლოს გადავწყვეტთ და ვიტყვით, ვიღებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

- ბატონო თემურ, თუ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, კენჭს იყრით ქუთაისში მაჟორიტარ დეპუტატობაზე?

- პირველ რიგში, ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თქვენი გაზეთის მიმართ, ძალიან მიყვარს, რადგან ის წერს ობიექტურად ყოველ მოვლენაზე, რაც კი არსებობს, ხოლო რაც შეეხება კითხვას, ვიყრი თუ არა კენჭს ქუთაისში მაჟორიტარობაზე, ეს არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველო და ის პრობლემები, რომელშიაც ვიმყოფებით ჩვენ ამჟამად. ამიტომ მთავარია, ჩვენ ბრძოლა მოვუგოთ ხელისუფლებას. სად და როგორ ვიყრი კენჭს, ეგ კი მეორეხარისხოვანია.

- ქალბატონო ნინო, როგორ შეაფასებთ დღევანდელ შეხვედრას - დაისვა თუ არა თქვენთვის არასასურველი კითხვები?

- დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, დაისვა კითხვები, რომლებიც მართლაც აინტერესებს საზოგადოებას, ამასთანავე, რა თქმა უნდა, იყო მწვავე კითხვები, თუმცა მთავარი ისაა, რომ ეს კითხვები საკმაოდ კორექტული ფორმით იყო დასმული და საკმაო პროფესიონალიზმით.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1337
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია