დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული სიზმარი“, თუ „ქართული ოცნება?“
2012/04/30 14:11:07

(სიტყვას ითხოვს მკითხველი)

„ჩვენ ახლა ისეთივე ეტაპზე ვართ, როგორზეც დავით აღმაშენებელი იყო.“- მიხეილ სააკაშვილი.

 

„მე მინდა დავაწყნარო ყველა და ავუხსნა, რომ ყველაფერი კარგადაა... ყველაფერი იქნება დროულად და კარგად.“ - ბიძინა ივანიშვილი.

დღეს საქართველოში ეს ორი პიროვნება დომინირებს. ერთი „დიდი ხანია, აშენებს ქვეყანას“, მეორე - „აშენებას გვპირდება“. ჩვენ კი რომელს გავყვეთ ყურმოჭრილი ცხვრებივით, ჯერ კიდევ არ ვიცით...

ბატონ პრეზიდენტს ვინ ჰყავდა ისტორიის მასწავლებელი, ალბათ, აღარ ახსოვს. მასწავლებელი კი ვერც თავისი თავის შეხსენებას უბედავს და ვერც იმის შეხსენებას, რომ დავითის ეპოქაში მოხდა:

საქართველოს გაერთიანება და არა - ნაჭრებად გაყიდვა;

თურქ-სელჩუკების განდევნა და არა - თურქების, არაბების, ჩინელების და სხვათა ჩამოსახლება;

სულიერი აღმავლობა და არა - სულიერი დაცემა და გადაგვარება; კულტურული აღორძინება და არა - კულტურის ცენტრების დახურვა; ქართველთა მომრავლება, მოშენება და არა - დაჭერა, განდევნა და გადაშენება;

მეფის, სამეფო კარის და ერის მობილიზება ქვეყნის გასაძლიერებლად და არა - პირადი ამბიციების დაკმაყოფილება და საკუთარი ჯიბის გაძლიერება.

„ეპოქას სახელი არ ქმნის, ეპოქას პიროვნება ქმნის და შემდეგ ისტორია ამ ეპოქას ამ პიროვნების სახელით ნათლავს“. დღეს საქართველოში ეპოქის ფურცლები არ იწერება. დღეს საქართველოში გიორგი მეორის უბედური წლები დგას, როცა თურქთა განუწყვეტელი შემოსევებით ქვეყანა აოხრდა, გაიძარცვა და გაწყდა. როცა მეფე ნადიმობდა, ნადირობდა და...

დავითის მოსვლას დააგვიანდება, რადგან თანამედროვე ქვაბულის ძეები, ბაღვაშები და ვარდან ერისთავები მომრავლდნენ და მოძლიერდნენ. აღარც მეციხოვნე, აღარც მხვნელი და აღარც მაშენებელი შემორჩა ქვეყანას. ბატონმა პრეზიდენტმა დავითის ისტორიას თუ არ გადახედა, დაღუპულია ქართველი ხალხის საქმე. უბედურება ისაა, რომ გიორგი მეორე მიხვდა, თუ რა კრიზისში ჩააგდო ქვეყანა და ხელისუფლება უთქმელად დათმო. ბატონი პრეზიდენტი კი აგრძელებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნას - თავი ქვიშაში (თუ ნაგავში), კუდი კი...

ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ მიხეილ სააკაშვილის ფონზე დავით მეოთხე თუ არა, გიორგი მეხუთე მაინც უნდა იყოს.

თუ გიორგი მეხუთემ მემკვიდრეობად მიიღო „დაქცეული ქვეყანა, მოცული პანქართული კრიზისით, ეკონომიურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული“ (ლევან სანიკიძე), საქართველოს მომავალ პრეზიდენტს დახვდება ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა: ტერიტორიების გაყიდვით, ემიგრაციის ზრდით, ხელფასებისა და პენსიების სიმცირით, უვიცი მინისტრებით, პატიმართა რაოდენობით, ბავშვთა სიკვდილიანობით, სამშობლოს მოძულე ბიზნესმენებით, საკუთარი დედის მაგინებელი კაცებით და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ აღზრდილი ქვეყნის მოღალატეებით, ყოველ ხუთას მეტრში აგებული ეკლესიებით და ერის არაეკლესიური, არამართლმადიდებლური ცხოვრებით, და ბოლოს - საერთაშორისო ვალებით, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის მილიარდები ნამდვილად არ ეყოფა.

„თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი სამეფო გაპარტახდება და თავისივე წინააღმდეგ გაყოფილი ქალაქი ან სახლი ვერ გაძლებს“ (მათეს სახარება). ქვეყანა გაპარტახების, მსოფლიო რუკიდან წაშლის საშიშროების წინაშე დგას და პოლიტიკური დაპირებებით მის გადარჩენას ხუთი დავით აღმაშენებლიც ვერ შეძლებს გიორგი ჭყონდიდელი თუ არ დაიყენა გვერდით; ერის ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით არ შემოაბიჯა ეპოქაში, რომელსაც მისი სახელი დაერქმევა. თუ მტრების მეგობრებად გადაქცევა ვერ შეძლო; თუ ქართველს შელახული ღირსება არ აღუდგინა და მაგრად არ შეანჯღრია.

„ყველაფერი კარგად“ ნამდვილად არ არის და ეს ტყუილია. „ყველაფერი იქნება დროულად და კარგად“ - ეს კვადრატში აყვანილი ტყულია და ნამდვილად დაუჯერებელია. არსად და არასდროს მილიონერებს და მილიონების მაძიებლებს ხალხისთვის სიკეთე და მილიონები არ მოუტანიათ. თანამედროვე მსოფლიოს სიმდიდრის ნახევარი მსოფლიო მოსახლეობის ერთ პროცენტს ეკუთვნის, დარჩენილ ოთხმოცდაცხრამეტს კი - დარჩენილი ნახევარი. მაშინ სწორედ მილიონერები იწვევენ ომებს, შიმშილს, სიღარიბეს, უბედურებას, რადგან მათ ყოველთვის ყველაფერი თავისთვის უნდათ.

დაბეჩავებული, ღირსებააყრილი ქართველის ცნობილი აზროვნება:

„ვენაცვალე ჩინელს, ჩამოვიდა და პურის ფული გამიჩნდა“; „ეს არაბები რა ყოფილან, რამდენ ხესაც ჭრიან, იმდენ ლარს მაძლევენ“; „ამ სომხებმა და თურქებმა შავი ზღვის სანაპირო სამოთხედ აქციეს“; „რა პრეზიდენტი გვყავს - ჯიგრიანი, ჯიშიანი და მრავალ ენაზე მოლაპარაკე“... და არავინ არ ფიქრობს, რომ ჩინელი პურის ფულს გაძლევს და მიწას გართმევს, არაბი ხეებს საქართველოში ჭრის და არა - არაბეთში, რომ სომხებმა და თურქებმა შავი ზღვის სანაპირო ჯიბეში ჩაისვეს, რომ ჯიგრიანი, ჯიშიანი და მრავალ ენაზე მოლაპარაკე პრეზიდენტი მრავალ ენაზე მოლაპარაკე ხალხების ჩამოსახლების პროექტებს ახორციელებს.

„ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი დროულად და კარგად იქნება“- ეს მორიგი ტყუილია.

პოლიტიკაში მოსვლა ძლიერი პოლიტიკური გუნდის შექმნით იწყება. სხვადასხვა პარტიებიდან გამომძვრალი და მილიარდელთან შემძვრალი მანქურთები ქართულ ოცნებას ოცნებად დაუტოვებენ ბატონ ივანიშვილს. არადა, ქართველ ხალხს ოცნება კი არა, ხელის განძრევა, გამოფხიზლება, თანადგომა, ოჯახის აღდგენა და დიდ ფესვზე მდგარი ერი რომ არის, ამის შეხსენება სჭირდება.

ბატონო ბიძინა, მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რას წერს ქართული პრესა თქვენს შესახებ დღეს, არამედ ის, რას დაწერს  ხვალ.

ბატონო პრეზიდენტო, დაამთავრეთ სირაქლემას როლის თამაში. ერთხელ მაინც  გაგახსენდეთ, რომ წლების უკან თქვენ უმრავლესობა იმედით და გადარჩენის რწმენით გელოდათ, უმცირესობას მაშინ არ სწამდით. დღეს ეს უმცირესობა უმრავლესობად იქცა.

აბა, კიდევ ვის აქვს ახალი ქართული ზღაპრები მოსაყოლი და ვის აქვს ამ ზღაპრების დაჯერების დიდი სურვილი?!

 ნათია ხიმშიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია