დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საატესტატო და ეროვნული გამოცდები შარშანდელი სირთულისა იქნება...
2012/04/17 12:02:32

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ქუთაისის ყველა საჯარო სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა პირველი საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში. მან პედაგოგებს განათლების სისტემაში არსებული სიახლეები დეტალურად გააცნო. ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ასევე, აბიტურიენტების პრეტესტების გამოცდებსაც დაესწრო. გაზეთმა P.S.-მა ქალბატონ მაია მიმინოშვლთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა. 

- ქალბატონო მაია, სანამ უშუალოდ იმ კითხვებზე გადავიდოდთ, რომლებიც აბიტურიენტებს აინტერესებთ, მანამდე მინდა გკითხოთ: რატომ არის განათლების სამინისტრო და ეროვნული ცენტრი  რეგიონის ჟურნალისტებისათვის მიუწვდომელი? ხშირად მაშინ, როცა გვსურს გავაშუქოთ სკოლის მოვლენები, ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევიდეთ სკოლაში სამინისტროს ნებათვის გარეშე, სამინისტრო კი ამ ნებართვას  აგვიანებს და აჭიანურებს. რატომ ხდება ასე?

- მე არ მაქვს უფლება, მთელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით პასუხი გაგცეთ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს, არამხოლოდ მედიასთან, არამედ უშუალოდ ყველა დაინტერესებულ პირთან ჰქონდეს მჭიდრო კავშირი.  ვფიქრობ, რომ ეროვნული ცენტრის  მისამართით  თქვენი  საყვედური არ უნდა იყოს სამართლიანი...

- რეპეტიტორობის ინსტიტუტზეც ვისაუბროთ. გთხოვთ, რამდენიმე სიტყვით გვითხრათ - როგორ უყურებთ ამ ყველაფერს, რომ საქართველოში აბიტურიენტების ატური უმრავლესობა რეპეტიტორებთან ემზადება?

- ზოგადად, რეპეტიტორობის ინსტიტუტში ტრაგედია არაფერია: თუ მოსწავლეს სურს, გადაიხადოს ფული და მოემზადოს კერძოდ,  ეს მისი  პირადი უფლებაა. ბუნებრივია, კარგია, როცა აბიტურიენტს არ სჭირდება რეპეტიტორი და სკოლაში იღებს ისეთ ცოდნას, რომ დამატებით ფულის გადახდა სწავლისათვის აღარ სჭირდება, თუმცა ჩვენ, ზოგადად, აი, ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, რომ გავზარდოთ მასწავლებლების პროფესიონალიზმის ხარისხის დონე და ა.შ.

- მიუხედავად იმისა, რომ თვლიან - სკოლაში განათლების დაბალი დონეა, ეს მოსწავლეები, უმეტეს შემთხვევაში, მაინც სკოლის მასწავლებლებთან ემზადებიან... რა გამოდის - მასწავლებლები დაბალი ხელფასის გამო ხომ არ ატარებენ სკოლაში დაბალხარისხიან გაკვეთილებს?

- ბუნებრივია, მასწავლებელი ორსა და სამ მოსწავლეს უფრო კარგად აუხსნის და თავს კომფორტულად იგრძნობს, ვიდრე 30 მოსწავლიან კლასში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში (ვაღიარებთ!) არ არის ძალიან დიდი ხელფასები, აუცილებელია, მასწავლებელი დაიხარჯოს ბოლომდე, მისი გაკვეთილი იყოს საინტერესო, სიახლეებით გაჯერებული და ა.შ. თუ მასწავლებელი სკოლაში არ დაიხარჯება და სახლში  მოამზადებს თავის ბავშვებს, ეს ტრაგედია და საშინელებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რეპეტიტორობის ალტერნატივა არის კარგი სკოლა, სადაც მოსწავლე მიიღებს ძლიერ და მყარ განათლებას. თუმცა მინდა ვთქვა, რომ მაღალმთიან სოფლებში, სადაც პრაქტიკულად გამორიცხულია, მოსწავლეები მოემზადონ და არც რეპეტიტორია, იქაური აბიტურიენტები არანაკლებ ქულებს იღებენ ეროვნულ გამოცდებზე. ასე რომ, ყველაფერი მაინც მოსწავლეზეა დამოკიდებული და მის მონდომებაზე.

- გადავიდე აბიტურიენტების საატესტატო გამოცდებზე. როდის დაიწყება ის და  წელს რამდენ საგანში ჩატარდება სკოლის გამოცდები?

- საატესტატო გამოცდები საქართველოს ყველა სკოლაში დაახლოებით 21-22 მაისს დაიწყება და ის სულ 8 დღეს გასტანს. აქედან გამომდინარე, 8 საგანში ჩატარდება. საგნის ბარიერი, როგორც უკვე მინისტრმა აღნიშნა, როგორც შარშან, წელსაც უცვლელი იქნება და 5.5 არის.

- რა ხდება იმ  შემთხვევაში, თუკი მოსწავლე 8 გამოცდიდან ერთს ვერ ჩააბარებს?

- ამ შემთხვევაში მოსწავლეს აუცილებლად მოუწევს განმეორებით, მეორე წელს ჩააბაროს ეს გამოცდა იმისთვის, რომ საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი აიღოს, თუმცა სხვა დანარჩენი ჩაბარებული საგნები მას შეენახება და იმ კონკრეტული საგნის ჩაბარება მოუწევს მხოლოდ.

- სად მიიღებენ აბიტურიენტები იმ ბარათებს, რომლის მიხედვითაც მათ ეცოდინებათ, თუ რა რიცხვებში აბარებენ ეროვნულ გამოცდებს?

- თუ აბიტურიენტი არის სკოლის მოსწავლე, ანუ მე-12 კლასელი, ეს ბარათი სკოლაში მიუვა და იქ აიღებს, ხოლო თუ აბიტურიენტს სკოლა დამთავრებული აქვს და ეროვნულ გამოცდებზე გადის, მას ეს ბარათი ადგილობრივ რესურსცენტრში ჩამოუვა.

- და ბოლოს, რა სირთულის იქნება, როგორც საატესტა, ასევე ეროვნული გამოცდები?

- უკვე მერვე წელია, ეროვნულ გამოცდებს ვატარებთ და ყოველ წელს იძახიან, რომ წელს იქნება ძალიან რთული, წელსო, თუმცა ეს ასე არ არის. როგორც საატესტატო, ასევე ეროვნული გამოცდები იქნება ისეთივე სირთულის, როგორიც იყო შარშან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1541
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია