დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენებურების“ ამბები
2009/07/02 08:17:24

თურქეთში მცხოვრები „ჩვენებურების“ ამბებს მალე ტელეკომპანია „რიონის“ მაყურებელი დეტალურად შეიტყობს. ეს შესაძლებლობა კი თურქეთში სამეცნიერო ექსპედიციის შემდეგ გაჩნდა. პროექტი სახელწოდებით „საქართველო და თურქეთი: კეთილმეზობლობა და თანამშრომლობა კულტუროლოგიურ სფეროებში“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც ტელეკომპანია „რიონთან“ ერთად განხორციელდა.

ათდღიანი სამეცნიერო ექსპედიცია გეოგრაფიულადაც და ემოციურადაც დატვირთული აღმოჩნდა.სამეცნიერო პროექტის ავტორები არიან პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე,  ავთანდილ ნიკოლეიშვილი და  თამარ ღვინიანიძე, პროექტი კი ქუთაისის თვითმმართველობამ დააფინანსა.

თურქეთში  სტუმრად მყოფ ქართულ დელეგაციას ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა. სამეცნიერო ექსპედიციის წევრები პროექტის ავტორების გარდა, იყვნენ პროფესორი გიგა ქამუშაძე (თურქოლოგი), ტელეოპერატორი ონისე მელქაძე და მძღოლი რევაზ კანდელაკი.

ექსპედიციის განრიგში ბევრი შეხვედრა იყო. პირველი გაჩერება ტრაპიზონი გახლდათ, სადაც გენერალურ კონსულთან შეხვედრა შედგა. შემდეგ კი დოკუმენტური ფილმის მასალის გადაღება სოლომონის საფლავის ადგილისა და სოფიო გურიელის საფლავზე გაგრძელდა, მერე იყო შეხვედრები ფაცაში, ამასიაში, იზმითში, დუზჯეში, სტამბოლში, ინეგოლში, ანკარასა და კაბადოკიაში.

ექსპედიცია დადიოდა ქართულენოვან და თურქულენოვან სოფლებშიც. დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აგროვებდა დიალექტურ და ეთნოგრაფიულ მასალას, ფოლკლორს, არკვევდა ქართულისა და თურქულის ურთიერთგავლენებს, აღწერდა ქართველებისა და თურქების თანაცხოვრებას.

ექსპედიციის შესახებ უფრო დეტალურად პროექტის ავტორები მოგვიყვებიან.

თამარ ღვინიანიძე ტელეკომპანია   „ რიონის“ გენერალური დირექტორი: „თითქმის მთელი თურქეთი შემოვიარეთ და ძალიან ვრცელი მასალა - 14 კასეტა ჩამოვიტანეთ დოკუმენტური ფილმებისათვის. ყველგან დიდი სითბოთი გვხვდებოდნენ. გვქონდა შეხვედრები  ქართველთა სათვისტომოებთან, ქართული კულტურის ცენტრებთან. სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის  მიერ  გამოცემული „დედაენა“,  კალიგრაფიული რვეული და მოძრავი ანბანიც გვაჩვენეს. იქაურ ქართველობას ძალიან აწუხებს ქართული ხალხური ცეკვებისა და მშობლიური ენის მივიწყება,  დახმარება გვთხოვეს მასწავლებლის მოძებნაში, რომელიც მათ შვილებს ქართულ ენასა და ცეკვას ასწავლის. ამით ისინი ცდილობენ, ახალგაზრდებში ეროვნული სული გააღვივონ. ჩვენს, ანუ როგორც ისინი იტყოდნენ, „ჩვენებურების“, გამოჩენაზე იყო ცრემლები და გულთბილი ემოცია. ფაცაში სეირნობისას კი, მოულოდნელად, იქაურ ქართველ ავთო ართმელიძეს შევხვდით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა. ის  თურქეთში მცხოვრები და იქ სამუშაოდ ჩასული ქართველების დასახმარებლად ბანკში ანგარიშის გახსნას აპირებს.“

თამარ ღვინიანიძე ამბობს, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს ჩვენებურებთან ურთიერთობის დიდი მოთხოვნილება აქვთ. მათ ძალიან გაუხარდათ იქაურებზე დოკუმენტურ ფილმებს რომ ვიღებთ. თითოეული ფილმი, სავარაუდოდ, 10-15 წუთიანი იქნება. შესაძლოა, ერთ ქალაქს ერთი ფილმი მიეძღვნას. ეს ფილმები უფრო მეტი ადამიანისთვის  რომ გახდეს ხელმისაწვდომი, ტელეკომპანია „რიონის“ ვებ-გვერდზე დაიდება. ფილმის ტექსტზე იმუშავებენ თამარ ღვინიანიძე, ტარიელ ფუტკარაძე და ავთანდილ ნიკოლეიშვილი. „შევეცდებით, აღვწეროთ, თურქეთში მცხოვრები ქართველები როგორ ეფერებიან ქართულ ენასა და კულტურას, გვინდა, ფილმები მაყურებლის სულთან ახლოს მივიდეს და მასში იყოს ადამიანური ისტორიები,“ - ამბობს თამარ ღვინიანიძე.

ამ ფილმში თურქეთში მცხოვრები ქართველების დანაბარებიც გაჟღერდება. მათ ქუთაისის დელეგაციას იმერეთის მხარის გუბერნატორსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა იქაურმა ქართველობამ მშობლიურ ენაზე განათლების უფლება მოიპოვონ და ამ საკითხმა წინ წამოიწიოს.

სტამბოლის ქართული ცენტრის მიერ გამოცემულ ბიულეტენში კი იქაური ქართველების სურვილები ჩაიწერა, რომელსაც იმპერატიული ტონი არ ახლავს. მშობლიურ ენაზე განათლების გარდა, ისინი ადგილობრივ ტელევიზიაში, თუნდაც კვირაში ერთხელ, ერთსაათიან ქართულენოვან გადაცემას ითხოვენ. ასევე ითხოვენ სტამბოლის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის  სპეციალობის გახსნას, თამადის საღამოებს, ქართული მუსიკის საღამოებსა და ქართული ფილმების ჩვენებას.

ავთანდილ ნიკოლეიშვილი: „ამ პროექტის მიზანი იყო, შეგვესწავლა თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ყოფა-ცხოვრება, მათი დამოკიდებულება საქართველოსა და მასთან ურთიერთობისადმი. ეს იდეა ერთბაშად არ გაჩენილა, მას წინ უძღოდა ჩვენი მეცნიერული მუშაობა, ცოტა ხნის წინ გამოვეცი წიგნი „ქართული კულტურის კერა და ქართველები თურქეთში“. მასში საუბარია თურქეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ ცნობიერებაზე, ქართული კულტურის კერაზე, აგრეთვე ახმედ მელაშვილზე, რომელიც ოზგანის გვარითაა ცნობილი. მას თურქეთში მცხოვრები ქართველები ილია ჭავჭავაძესაც კი ეძახდნენ. ის იყო თურქეთის მცხოვრები პირველი ქართველი, რომელმაც საქართველოზე წიგნი დაწერა, აქტიური მოღვაწეობისათვის კი რადიკალურმა დაჯგუფებებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მისი საფლავიც მოვინახულეთ, რომელზეც წერია: „მე ჩემი თავისთვის კი არ ვცხოვრობდი, არამედ ქართველებისთვის ვიბრძოდი“.

 ასევე ვეცნობოდით მათ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ტოპონიმიკას, გულსატკენია, რომ ჩვენებურების ნაწილს ეროვნული წარმომავლობა აღარ ახსოვს“.

პროექტის ავტორი და მენეჯერი ტარიელ ფუტკარაძე აღნიშნავს, რომ პროექტს რამდენიმე მიზანი ჰქონდა: ერთი- იქაური ქართველების მონახულება, მათთან ახალი მეცნიერულ-კულტურული კონტაქტების დამყარება, მეორე - ოფიციალური შეხვედრები იქაური ქალაქების ხელმძღვანელობასთან, მესამე მიმართულება კი გახლდათ ექსპედიციის მიერ ქართულ-თურქული სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობების დამყარება. საბოლოო ჯამში, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მეტი სიახლოვე და კონტაქტები გვაქვს, ვიდრე სხვა მეზობლებთან. ამ ურთიერთობის საინტერესოობას ის ზრდის, რომ ბევრი ეთნიკური ქართველია თურქეთის მოქალაქე. მათი ნაწილი ავტოქთონური ქართველია, ისინი იმერხევში, ტაოსა და ჩვენს მოსაზღვრე ისტორიული საქართველოს მოსახლეობაა, მეორე კატეგორიაა მოჰაჯირი ქართველები, რომლებიც ემიგრანტად არიან წასული რუსეთ-თურქეთის ომის დროს. ისინი ძლიერ დიასპორას ქმნიან ინეგოლში, იზმითში, დუზჯესა და სტამბოლში. მე როგორც ვიცი, მარტო სტამბოლში ქართველთა ოთხი სათვისტომოა“.

ქართული ექსპედიციის წევრები თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქართველების აქტიურ მონაწილეობაზაც მოგვიყვნენ - ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, 33 მინისტრიდან 8 მინისტრი ქართველია, საუბარი აღარაა გუბერნატორებზე, მერებსა და საკრებულოს წევრებზე. ასევე ქართველია თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორიც.

დოკუმენტურ ფილმში, როგორც ტარიელ ფუტკარაძე ამბობს, აუცილებლად მოხვდება აბდულა ზორლუს ვაჟის - ტარიელის ნათლობის ეპიზოდი. ეს იყო ნათლობა მუსლიმანური წესით, მაგრამ  არაჩვეულებრივი, აკადემიური ქართული სუფრით, ტრადიციებით, ქართული ცეკვით, მოკლედ, ქართული სულის გამოხატულებით.

ექსპედიციის წევრებს ხშირად მონდომებით მასპინძლობდნენ იქაურები. თამარ ღვინიანიძე ერთ ოჯახში სტუმრობასაც იხსენებს, რომლის დიასახლისმა სტუმრები უპატივცემულოდ არ გამოუშვა და თან დააყოლა „ისე ვერ გაგიშვებთ, კაცი გემიჯავრდებაო.“

ასე, რომ მაყურებელს ელის  „ჩვენებურების“ ამბები, ემოციები,  ისტორიულ სამშობლოში დანაბარები სურვილები, იქაური ცოტა გაიშვიათებული ქართული ტოპონიმები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.

ამ ფილმებს კი ელოდებიან ინეგოლში, ფაცაში, იზმითში, სტამბოლში, ყველგან - სადაც ქართველებია...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1473
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია