დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება სასაფლაოებზე 50 ლარიან „მოსაკრებელს“ აწესებს?
2012/04/02 15:10:45

„როგორ შეი"ლება, ჭირისუფლისგან კიდევ ფული ამოიღო და ბიუჯეტი შეავსო?“

ადგილობრივი ხელისუფლება სასაფლოების თემით ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდა, როცა 30 ნოემბერს, რიგით მე-17 სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებს დადგენილება უნდა მიეღოთ, რომლის მიხედვითაც, თუ საფლავი მოუვლელია, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს იერსახე, არ არის მასზე ძეგლი (საფლავის ქვა), დარღვეულია სანიტარული ნორმები და ვერ ხერხდება ვინაობის დადგენა, ასეთ შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება სასაფლაოს გაასხვისებდა და ხელმეორედ გაყიდდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას მაშინ „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი მამუკა მღვდელაძე გამოეხმაურა და საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა, რომ დადგენილების მიღებამდე კვლავ გადაეხედათ აღნიშნული საკითხისათვის. მაშინ საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს უთხრა, რომ ამ საკითხში მომავალშიც შესაძლებელი იყო ცვლილებების შეტანა.

როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლება კვლავ მიუბრუნდა სასაფლაოების თემას. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერმა გოგი წულაიამ ბრიფინგი გამართა. მან ჟურნალისტებს აუწყა, რომ სასაფლაოების მოსაპირკეთებელი სამუშაოებისათვის ხელისუფლება სპეციალური გადასახადების შემოღებას აპირებს. პარტიის მტკიცებით, ქუთაისის საკრებულომ მერიას მიანიჭა უფლებამოსილება მოსაკრებელის შემოღების შესახებ. როგორც პარტიის ქუთაისის ლიდერი აცხადებს, იმისათვის, რომ  სასაფლაოს მეპატრონემ გადაწყვიტოს სასაფლაოზე მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება, მერიაში სპეციალური მოსაკრებელი - 50 ლარი უნდა გადაიხადოს.

„ჩემთვის ცნობილია, რომ როგორც ძველ, ასევე ახლადშეძენილ სასაფლაოებზე ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისათვის, იქნება ეს საფლავის შემოღობვა, თუ სხვა, ჭირისუფალმა უფლება მერიას უნდა მოსთხოვოს და 50 ლარიც გადაიხადოს. ვფიქრობ, ეს ყოველივე ამ მთავრობის მიერ ჩადენილი მორიგი უზნეობაა, როგორ შეიძლება, ჭირისუფლისგან კიდევ ფული ამოიღო იმისათვის, რომ ბიუჯეტი შეავსო! თუმცა, ამ ხელისუფლებისაგან არც ეგ აღარაა, რა თქმა უნდა, გასაკვირი.“ - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაი. 

საკითხს გამოეხმაურა „ახალი მემარჯვენეების“ ადგილობრივი ლიდერი მამუკა მღვდელაძეც. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დიდი იმედი აქვს, რომ მსგავს პროექტს საკრებულოს სხდომაზე არ შემოიტანენ დასამტკიცებლად, რადგან ეს შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისათვის.

„ჯერჯერობით ნამდვილად არ მსმენია ამ პროექტის შესახებ. თუმცა ამ ხელისუფლებისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული. ნახეთ, რა ჭკვიანური მიგნებაა ფულის ამოღების, აბსოლუტურად ყველა მოსახლეზე გავლენ და აიღებენ 50 ლარს, რადგან  წინაპრების სასაფლაო დღეს ყველა ოჯახს აქვს. წინააღმდეგი ვარ ამ მიდგომის. ეს არის შეურაცხმყოფელი და ფულის კეთება ამ საქმით მართლაც, რომ არ შეიძლება!“ - ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერი.

რას ფიქრობს მოსახლეობა? გადაიხდიან თუ არა ისინი სასაფლაოს  მოსაპირკეთებელ თანხას? ჩვენ ამ კითხვით რამდენიმე ადამიანს მივმართეთ.

„ახლა ეგ მაკლია, შვილო! ჩემი ქმრის სასაფლაოზე, ნეტა კი მომცა საშუალება და, კარგად გამაკეთებინა რამე, მერიაში ვათანხმებ ახლა ზუსტად! ან რაში უნდა შევუთანხმდე მერიას და რაში გადავუხადო ფული ერთი გამაგებიეთ. იმხელა ფული გადავიხადე რამდენიმე წლის წინ სასაფლაოს ყიდვაში. ახლა კიდევ მაგაში ვიხდი ფულს! ბარემ წაგვღლიტეთ და ეგაა. უბრალოდ, მეცინება - რას არ გამოიგონებენ, ოღონდაც კი ბიუჯეტი  შეავსონ!“ - აღშფოთებულია ქუთაისის მკვიდრი ნანა ნოსელიძე.

„რაში უნდა გადავიხადო, ადამიანო, ფული, რაში? ჩემი წინაპრების  სასაფლაოს რომ შევღებავ, თუ იქ რაიმეს რომ შევაკეთებ, ამაში გადავუხადო მერიას ფული? მელოდონ, სანამ მათ არ გავაგებინებ, თუ რაიმეს გაკეთებას დავაპირებ,“ - გვითხრა გურამ სინაურიძემ.

„საბედნიეროდ, ბაბუას და ბებიას საფლავი მაქვს და იქ სასაფლაოს გაკეთებას აღარ ვაპირებ, ასე რომ, ჯერჯერობით, არც მანაღვლებს, მიიღებს თუ არა საკრებულო ამ გადაწყვეტილებას. მარა, ალბათ, თუ გახდება კანონი, იძულებული ვიქნებით, რომ გადავიხადოთ. აბა, სხვა რა უნდა ვქნა?“ - აღნიშნა ახალგაზრდა კაცმა გაგა ბერიძემ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მერაბ მეშველიანი საკითხზე ასე ფიქრობს:

„დელეგირებაში მერიას აქვს სხვადასხვა საკითხი, რათა უფრო ოპერატიულად მოხდეს სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება კონკრეტულად 50 ლარიან პაკეტს, ეს გულისხმობს პროექტის შედგენას იმისათვის, რომ სასაფლაოების მოწყობა არ იყოს ქაოსური, ექვემდებარებოდეს რაღაც წესს. ამ მიმართულებით სასაფლაოს ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს. ამითაა ეს ცვლილება განპირობებული. 50 ლარი გადასახდელი იქნება იმისთვის, რომ პროექტის სახე შემუშავდეს. ყველასთვის უნდა არსებობდეს ერთი განსაზღვრული ფორმა, იარსებებს რაღაც წესი იმ 50 ლარში, რომ პროექტზე მიეცეს თანხმობა. ეს თანხა გადასახდელია იმისთვის, რომ მხოლოდ პროექტი გაიცეს, ხოლო დარჩენილი სამუშაოების შესრულებაში ისინი შეზღუდული არანაირად არ არიან. ვინ მოსაპირკეთებელ სამუშაოებს განახორციელებს, ვინ ბეტონს ჩაასხამს და ასე შემდეგ, ამაზე გადაწყვეტილებას, ცხადია ჩვენ ვერ მივიღებთ. ამით ხელს ვუშლით კერძო ბიზნესის განვითარებას. ეს თანხაც გადასახდელია იმ მიმართვის აღებაზე, თუ როგორი უნდა იყოს პროექტი. იმ ფირმებს, რომლებიც ამ ბიზნესში არიან, არანაირი შეზღუდვები არ ექნებათ,“ - განაცხადა ქალაქის საკრებულოს დეპუტატმა მეშველიანმა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, საკრებულოზე გადაწყვეტილების მიღებისას უმრავლესი ხმები ნაცმოძრაობას ეკუთვნის. ასე რომ, თუ ამ იდეასაც ხორცი შეესხმება, მათი აზრით, არც ეს გაუკვირდებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1332
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია