დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ მოატყუეს სააკაშვილი?
2012/05/14 12:20:48

ქუთაისქალაქობის დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ზარზეიმით გახსნა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახლადრეაბილიტირებული შენობა. მაშინ თეატრში მოსაწვევებით შესულ ნაცმოძრაობის წევრებს ეგონათ, რომ თეატრის რეაბილიტირება სრულიად დასრულებული იყო და მის პირვანდელი სახის დაბრუნებისათვის 2 048 321 ლარი მიზნობრივად დაიხარჯა.

„მე მიხარია, რომ დღეს ქუთაისელებს ახალი, რეაბილიტირებული და გახსნილი თეატრიდან მივესალმები, ეს არის თეატრი, რომელიც ყველაზე დიდია ქვეყნის მასშტაბით. რეაბილიტირების პროექტის ფარგლებში აღდგა ისტორიული შენობის ჩუქურთმებიანი ფასადი, სრულიად აღდგა იარუსები, პარტერი და ჰოლი, გარემონტდა საგრიმიოროები და მოიხატა ჭერი.“ - განაცხადა ორ მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

სააკაშვილის მიერ თეატრის გახსნიდან რამდენიმე დღეში, 6 მაისს, პრემიერა „შემოსავლიანი ადგილი“ გაიმართა. მისულ მაყურებელს ნამდვილი სიურპრიზი დახვდა: მესხიშვილის ახლადგახსნილ თეატრის სცენაზე ისე წვიმდა, როგორც გარეთ. თუმცა იქვე გაჩნდა გამამართლებელი განცხადებები. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა აღნიშნა, რომ თეატრის რეაბილიტირება დასრულებული არ არის და ის 26 მაისს დასრულდება.

„თეატრის რეაბილიტირება დასრულებული არ არის და ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამუშაოები, დასასრულებელია მესამე სართულის რეაბილიტირება, ასევე საგრიმიორო და თეატრის უკნიდან შესასვლელის პირველი სართული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 26 მაისს სრულდება თეატრის რებილიტირება,“ - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

იმავეს აცხადებს თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე, მისი განცხადებით, სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში დასრულდება.
„მოგეხსენებათ, სახლშიც, რემონტს რომ აკეთებ, ხან რა გამოჩნდება გასაკეთებელია, ხან რა. ამიტომ გვეგონა, რომ ორ მაისს დასრულდებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, მთლიანად გვიკეთდება ყველაფერი და ცოტა დროში გაიწელა,“ - აცხადებს თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე.

ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახევრად შესრულებული შენობა გახსნა, ეს ჩვენთვის უცნობია, უცნობია ასევე ისიც, თუ ვინ გახსნის 26 მაისს ახლა უკვე რეალურად დასრულებულ თეატრს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1414
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია