დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ობიექტურად ამბიციური და რომანტიკული“ მარიამ ცაცანაშვილი
2012/03/05 13:38:08

„ქვეყანა პოლიტიკური ვირტუალიზმისა და პიარრომანტიზმით გატაცების ეპოქაშია“

 

ინტერნეტში, საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანთა საიტებს რომ ვეცნობოდი, მარიამ ცაცანაშვილის ბლოგს გადავაწყდი, სადაც ქვეთავში „ვინ ვარ მე“ იურისტისათვის მეტად მხატვრული ხედვით წარმოდგენილმა ავტობიოგრაფიულმა მონაცემებმა გამაოცა. მოგიტანთ ფრაგმენტს ამ წარდგენიდან: 

 

„მე მარიამი ვარ. ჩემი სახელი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ტრადიციაში არსებობს და ამიტომ იგი ყველასათვის გასაგები და ნაცნობია. გვარი კი, ცაცანაშვილი, იშვიათია და ზოგჯერ რთული წარმოსათქმელი. ერთი სიტყვით, სახელით გლობალური ვარ, გვარით - ქართველი; რწმენით - მართლმადიდებელი; განათლებით იურისტი; ჩემზე უფროსებისათვის - პატარა, უმცროსებისათვის - ხანდაზმული; ზოგისთვის - პროფესიონალი, ზოგისთვის - არაპროფესიონალი; ცოტასთვის - ცუდი, უფრო მეტსთვის - კარგი; ვიღაცისთვის - ნაცნობი, უმრავლესობისათვის - უცნობი. ამ შემთხვევაში მსოფლიოს ვგულისხმობ, თორემ საქართველოში ნაკლებად თუ მოიძებნება ვინმე, აზრი რომ არ გამოთქვას მარიამ ცაცანაშვილზე. ე.ი. მიცნობენ. მიცნობენ, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან:

სადა ხარ?

- აქ ვარ! - მე თქვენ გეძებთ და როცა გპოულობთ, მარადისობის კანონით ვიხიბლები. უბრალოდ, თუ ვინმე მკითხავს, „თავისუფლებისა“ და დამოუკიდებლობის პირობებში საამაყო რა გააკეთეო, კი ბატონო, გიპასუხებთ: „ხალხთან პირისპირ, რეალობის ატანა! იფიქრე იმდენი, რამდენიც გადაწყვეტილების მისაღებად გჭირდება, იმოქმედე სხვისი ინტერესებისათვის და საკუთარს პატივი ეცი - ეს ჩემი თავისუფლების ფორმულაა წიგნის კითხვისას, საქმეში და გართობის დროსაც. მე ჩემი გზა მაქვს თავისუფლებისაკენ. ეს გზა გამოსავლის ძიებაში პრინციპების ერთგულება და სტუმარ-მასპინძლობაა. იყავით ჩემი სტუმარი კიბერსივრცეში და კავკასიურად, ქართულად გაგიმასპინძლდებით.

გამარჯობა!“

 

- გამარჯობა, ქალბატონო მარიამ, როგორ ბრძანდებით?

- კარგია, უკეთ ვიყო, თქვენ როგორ ხართ, ქუთათურებო?

- მადლობა, დროის შესაბამისად.

- ე.ი. გაგვიგია ერთმანეთისათვის. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ჩემი დედულეთის ქალაქს ვახსოვარ.

- არ ვიცოდი, თუ თქვენი დედულეთი იყო ქუთაისი...

- დიახ, დიახ, ასეა. დედა, ერისქალობაში გულნაზ კუხიანიძე, რომელიც საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მონაზვნად აღიკვეცა და დედა ბარბარეს სახელით გავიდა წუთისოფლიდან, ქუთაისელი იყო. ძალიან უყვარდა მისი მშობლიური ქალაქი და ჩვენ, შვილებსაც, შეგვაყვარა. დედის ლოცვები დატოვა:    „აცილე ჩემს სამშობლოს სინდისგარიგებულნი და თვალი აუხილე ქვეყნის დროებით მოკავშირეებს, შეიცნონ საქართველოს მადლი“.

- ამ სიტყვების შემდეგ რომ გკითხოთ, პატრიოტი ხართ თუ არა, ალბათ, მკრეხელობაში ჩამეთვლება.

- ისე, როგორ გითხრათ, გაუფასურდა და მოძველდა ეს კითხვა, მაგრამ ადამიანი, რომელიც 90-იან წლებში რუსეთისაგან საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის პრობლემებით დაინტერესდება, ან 2008 წლის მოვლენებს კიბერ-ომად შეაფასებს და საერთაშორისო არენაზე ამაზე ხმამაღლა დაიწყებს საუბარს, ან გიჟი უნდა იყოს, ან პატრიოტი.

- რუსეთის ოკუპაცია-ანექსია თქვენი სადისერტაციო ნაშრომია?

- კი, პირველი, ანუ საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც მოსკოვში უმაღლეს საატესტაციო კომისიას უნდა დაემტკიცებინა

- ჩანს, დაგიმტკიცეს, თქვენი სამეცნიერო ხარისხებითა და წოდებებით თუ ვიმსჯელებთ

- იყო ბრძოლები, მაგრამ, მოწინააღმდეგეების გარდა, მომხრეებიც გამომიჩნდნენ. ისე, არ მიფიქრია, მეცნიერული დავა პოლიტიკურში გადამეზარდა, რადგან ვაჟას შეძახილი სულ თან მდევდა: „გაღმა გასვლისა მსურველთა უკუღმა მიგვყავს ბორანი!“

- თქვენ კიბერ-ომი ახსენეთ. წავიკითხე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, ევროსაბჭოს უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოების საკითხებში, ჰავიერ სოლანამ, განაცხადა, ევროპის უსაფრთხოების კონცეფცია გადახედული უნდა იქნეს საქართველოს მოვლენებიდან გამომდინარეო. არ მითხრათ ახლა, რომ ეს განცხადებაც კიბერუსაფრთხოების პრობლემებზე თქვენი გამოსვლის შემდეგ მოხდა...

- 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასების საკითხი ჯერ კიდევ მე-18 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე  დავაყენე კრინიცაში. და ეს იმიტომ, რომ ევროპა არა მარტო დემოკრატიული ღირებულებების, არამედ დემოკრატიული პროცედურების დამკვიდრებისა და მათი დაცვის გარანტი უნდა გახდეს. სწორედ ევროპას ძალუძს ნატოსა და გაეროს ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის დამყარება და რუსეთთან პარტნიორობისათვის ხელისშეწყობა. ეს კი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და კრიზისის დაძლევის კარგი შესაძლებლობაა.  დღეს უკვე სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში, ესტონეთის შემდეგ, საქართველო მეორე ქვეყანაა, რომელიც კიბერ-ომის მსხვერპლადაა აღიარებული. ახლა თქვენ როგორც გინდათ, ისე იფიქრეთ (იცინის). მართალია, ხელისუფლების მეხსიერება მხოლოდ საკუთარ ქმედებებს იმახსოვრებს, მაგრამ ვალდებულია, გადადგას რეალური ნაბიჯები. უკვე საკანონმდებლო დონეზეც დაიწყო საქართველოში ამ საკითხების მოწესრიგება. ისე, ქუთაისელი სტუდენტები იყვნენ პირველები,  რომელთაც დიდი ინტერესით მოისმინეს ჩემი მასტერკლასი „კიბერომი და კიბერპოლიტიკა“.

- კიდევ რა გაკავშირებთ ქუთაისთან?

- მენტალობა, კლასიკურობა და ტრადიციები.

- ასე მოკლედ?

- რატომ მოკლედ? - ამ სიტყვებში მთელი ცხოვრებაა. დედაქალაქი ვალშია  ქუთაისის მიმართ სწორედ ამ ღირებულებათა ნიველირების გამო.

- ქალბატონო მარიამ, პირველად გელათის მონასტერში გნახეთ, მაშინ, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა გიორგის ორდენით დაგაჯილდოვათ გელათის მეცნიერებათა აკადემიის 800 წლის იუბულეზე.

- არ მკითხოთ ახლა, რა დამსახურებისთვისო...

- ?!

- ეს ჯილდო გელათის მეცნიერებათა მთელს აკადემიას ეკუთვნოდა, სადაც პირველად მოითელა მართლმადიდებელ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება და შემდეგ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ პარლამენტს მიეღო ეს დოკუმენტი. სამწუხაროდ, სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის პროცესი დასრულებული არ არის. ეს კი ეკლესიაზე პოლიტიკური ტვირთის გადაბარების საფუძველი ხდება ხოლმე.

- აქვე მინდა გავიხსენო თქვენი როლი ტაძრების მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დაბრუნებისათვის სასამართლო დავებში...

- როგორ, ესეც გახსოვთ? იცი, რა, ყველა ეკლესიას თავისი ისტორია აქვს, მაგრამ დავის გადაწყვეტა მაინც სასამართლო პრეროგატივა იყო და ისე მოხდა, როგორც სამართლიანობა მოითხოვდა.

- ძალიან ხომ არ თავმდაბლობთ?!

- თუ შენი ქვეყნის სამსახური თავმდაბლობაა, დაე ასე იყოს.  მე მინდა ჩემი სამშობლოს შვილობას ვიმსახურებდე. ესეც ამბიციური განცხადებაა?!

 

***

მარიამ ცაცანაშვილის დოსიე: დაიბადა 1963 წლის 15 სექტემბერს, თბილისში. 1980-85 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1985 წლიდან გაიარა გზა ლაბორანტიდან პროფესორამდე. 1995- 2003 წლებში ეწეოდა პრაქტიკულ საქმიანობას საჯარო სამსახურში: საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მრჩეველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დანიშნული იყო იუსტიციის მინისტრად. აქვს ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის სამეცნიერო ხარისხები, დოცენტისა და პროფესორის წოდებები. მოღვაწეობს გელათის მეცნიერებათა აკადემიასა და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში საავტორო პროგრამებით: „სამართალი და პოლიტოლოგია“ (სამეცნიერო ჟურნალი), „მეცნიერებისა და კულტურის დღეები საქართველოში“ (საერთაშორისო კონფერენციები), „სამართალი ყველასათვის“ (მასტერკლასები სტუდენტებისათვის), გლობალიზაცია და თანამედროვე ეპოქა, „უთხარი არა ინფორმაციულ ომს“ (კიბერაქციები). არის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი და საზოგადოება „უნივერსიტეტელის“ დამფუძნებელი. 45-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი.

 

- ამბიციური ხართ?

- ამბობენ!

- თქვენ ეთანხმებით?

- ობიექტურად ამბიციური ვარ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, რომელსაც რომანტიზმიც ახლავს ხოლმე

- რომანტიზმში რას გულისხმობთ?

- თუნდაც ლილი ნუცუბიძისა და ზურაბ კუხიანიძის ლექსების კითხვა, ოტია იოსელიანისა და რეზო ჭეიშვილის ნაწარმოებებით ტკბობა, რეზო გაბრიაძის თოკებს მიბმული თოჯინების მარიონეტული მოძრაობებით აღფრთოვანება, თქვენი ქალაქის ნიჭიერი თაობის - ავთანდილ ყურაშვილის, თემურ ლანჩავას, ომარ გვეტაძის,ზაალ ებანოიძის მადლიანი სიტყვა-თქმისა და იუმორის მოსმენა. ყოველთვის მახსოვს ჩემი დიდი პროფესორის ნიკუშა წერეთლის სიტყვები: „ლექსები, ბაბაიებო, ლექსები, თვარა, იურისპრუდენციამ გამოშტერება იცისო.“

- ქალბატონო მარიამ, „არასოდეს თქვა არასოდესო“, მაგრამ, მაინც, რას არ გააკეთებთ არასოდეს?

- სინდისს არასოდეს გავურიგდებოდი და ბედოვლათივით არ წავათრევდი ბედს.

- საით?

- განცხრომისაკენ!

- თქვენ იყავით იუსტიციის მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სახელმწიფო მრჩეველი, ეს არ იყო განცხრომა?

- 17 ვეტოს მომზადება პარლამენტის მიღებულ კანონებზე, მეცნიერთა სოციალური დაცვის კანონზე ნახევარწლიანი ჭიდილი, სტრატეგიული ობიექტების საკანონმდებლო დაცვა და დღეში, დაახლობით, 20-მდე ნორმატიული აქტის ექსპერტიზა დღე და ღამე ბრძოლას და შრომას ითხოვდა. ეს განცხრომაა? ეს ისეთი განცხრომაა, „პეჩენიაზე“ რომ დახატო, ბავშვიც არ მიეკარება საჭმელად (იცინის).

- ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ, როგორ აფასებთ დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პრიცესებს?

- დამშრალი რიონივით, ბაყაყები ერთმანეთს რომ აფურთხებენ, იქნებ დავსველდეთო. ეს ხუმრობით. დღეს პოლიტიკურ ვირტუალიზმსა და პიარრომანტიზმით გატაცების ეპოქაა ქვეყანაში, სადღაც მიიმალა სახელმწიფო მოღვაწეთა როლი და მნიშვნელობა. თუმცა ამან ქუთაისელებზე ნაკლებად მოახდინა გავლენა, რაც იმედს ტოვებს - იუმორისტული ოცნებიდან რეალობამდე კლასიკური ნაბიჯებით ვიაროთ. ქვეყანა ტკივილებსა და რეფორმებში უკვე გამოიწრთო. მართალია, დრო შეიცვალა, მაგრამ სიცრუესა და მირაჟს არ შეუძლია ხალხის რეალური ცხოვრების გადაფარვა. „დემოკრატია არც თუ ისე კარგი სისტემაა, მაგრამ ამაზე კარგი კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია“ - ეს ცნობილი ფრაზაა პოლიტიკაში. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვეუბნებიან, ეს არ ნიშნავს, რომ დემოკრატია ცუდია, არამედ მისი განხორციელების გზებია არასწორად არჩეული. ვისწავლოთ დემოკრატია ფორმით, შინაარსით, მხარი დავუჭიროთ სოციალურზე ორიენტაციის, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის და ბალანსირების პოლიტიკური პროგრამების განხორციელების გზებს და ეს ცნება ჩვენთვის ღირებული იქნება.

- გმადლობთ!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5806
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია