„მივმართავ პრეზიდენტს, მხარი დამიჭიროს საკონსტიტუციო სასამართლოში, დამახმაროს თავისი ადვოკატი და დადგეს სამართლის, კანონის მხარეს! არაკონსტიტუციურ ცვლილებებს ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას!“ - „P.S.“-თან საუბრისას აცხადებს ქუთაისის მკვიდრი ბესიკ ადამია.
იგი გასული წლის დამლევს ქრისტიან-დემოკრატების მიერ ინიცირებულ წესს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერებთან ერთად, 5 ათასი ლარი უნდა წარმოადგინოს.
ადამია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის ?59 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას გეგმავდა.
მას ხელმოწერები ჰქონდა, მაგრამ დეპუტატობის კანდიდატის მიერ 5 000 ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ვერ წარადგინა, საამისო თანხა ვერ მოაგროვა.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სარჩელი, რომლის თანახმადაც, მოქალაქე ბესიკ ადამია საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
ბესიკ ადამიამ სარჩელი სასამართლოში 27 ივლისს შეიტანა.
- კონსტიტუციურ სარჩელში მოვითხოვთ, რომ სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის სადავო დებულება შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისმა მოქმედებამ, შესაძლოა, მოსარჩელის უფლებას - სხვა საარჩევნო სუბიექტებთან თანაბარ პირობებში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები.
ბესიკ ადამია საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვდა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განეხილა სარჩელი, ვინაიდან დაგვიანება მის უფლებებს ზიანს მიაყენებდა.
როგორც მან გაზეთ „P.S.“-ს განუცხადა, „გავიდა პერიოდი, სარჩელი დროულად არ განიხილეს და საარჩევნო მარათონიდან ამოვვარდი, გავხდი ქონებრივი ცენზის მსხვერპლი.“
ის ჯერ კიდევ ელოდება კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილებას და ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებს.
მისი თქმით, ქდმ-ს წყალობით, ბევრი ადამიანის უფლება დაირღვა. ის მიმართავს ყველას, ამ უკანონობის წინააღმდეგ ხმა ამოიღონ.
ნანა ქვიშარელი