დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემცირდა თუ არა ახალი ხელისუფლების პირობებში ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რიცხვი და ადმინისტრაციული ხარჯი?
2017/08/29 13:03:41

კონსტანტინე ქავთარაძე: ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა რაოდენობა 850-დან 350-მდე შემცირდა, ხოლო ადმინისტრაციულ ხარჯზე 2.5 მილიონი ლარი დავზოგეთ

ქუთაისის ვიცე-მერმა, კონსტანტინე ქავთარაძემ, მერიაში მმართველი რგოლის შეცვლის შემდეგ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერიაში მათ გაბერილი შტატები დახვდათ, რისი შემცირებაც მოახერხეს და ადმინისტრაციული რესურსი დაზოგეს.

„ჩვენ დაგვხვდა გაბერილი შტატები. 850-დან 350-მდე მოხდა მათი დაყვანა გამჭვირვალე კონკურსის წესით. მუშაობის ხარისხი და ნაყოფიერება არ შემცირებულა. პირიქით, კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტდა მერია. ჩვენ შევძელით და 2.5 მილიონი ლარით დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯი“, – განაცხადაკონსტანტინე ქავთარაძემ.

 

ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებები სხვადასხვა დროს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ (5:45 წთ-დან) და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამაც (21:39 წთ-დან) გააკეთეს.

 

ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2014 წლის აგვისტოდან, ქუთაისის მერის პოსტი შოთა მურღულიამ დაიკავა. შოთა მურღულია არჩევამდე მერის მოვალეობას ასრულებდა. მერიაში მისი ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი, შესაბამისად, თვითმმართველობის ადმინისტრაციულ პოლიტიკას ახალი ხელისუფლება სრულად განაგებს.

იმის გასარკვევად, რა ცვლილება განიცადა ქუთაისის მერიის საშტატო თანამშრომელთა რიცხოვნობამ და გაწეულმა ადმინისტრაციულმა ხარჯმა, მუნიციპალიტეტს შესაბამისი მონაცემების მოწოდება ვთხოვეთ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილი აღმოჩნდა, კერძოდ, დოკუმენტში არ იყო მერიის მიერ 2016 წელს გაწეული ადმინისტრაციული ხარჯის ამსახველი რიცხვი, რაც ფაქტ-მეტრმა ადმინისტრაციულ სამსახურში დამატებით გაარკვია.

 

მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისის მერიაში 2012-2017 წლების თანამშრომელთა საშტატო ერთეულებისა და გაწეული ადმინისტრაციული ხარჯის მონაცემები ასე გამოიყურება:

 

 

ცხრილი 1: ქუთაისის მერიის საშტატო ერთეულები და ადმინისტრაციული ხარჯი

 

 წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017
საშტატო ერთეული 425 494 468 335 341 341
ადმ. ხარჯი (ლარი) 6 057 000 6 260 800 4 883 300 4 559 300 5 287 200 -

 

ქუთაისის მერიას 2014 წელს (ახალი გუნდის მოსვლისას), შტატში 468 თანამშრომელი ჰყავდა. 2014 წლიდან მათი რიცხვი იკლებს და დღეისთვის იქ 341 ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, შტატების რაოდენობა 127 ერთეულითაა შემცირებული.

ზუსტი სურათის დასადგენად, მერიას შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობისა და მათ მიერ მიღებული სარგოს შესახებ ამ წლების მონაცემების მოწოდებაც ვთხოვეთ. თუმცა, დოკუმენტს ხარვეზი აქაც აღმოაჩნდა. შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების მონაცემები არაერთგვაროვანი სტანდარტითაა მითითებული. დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ მოცემული რიცხვები ათას ლარებში უნდა დაგვეანგარიშებინა. ამის გათვალისწინებით, მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

 

ცხრილი 2: ქუთაისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა და მათზე გაცემული სარგო

 

შტატგარეშე თანამშრომლები 2012 2013 2014 2015 2016 2017
რაოდენობა 47 96 73 25 21 34
ხელფასი (ლარი) 339 700 618 800 856 100 201 200 217 900  
პრემია/დანამატი (ლარი) 76 500 181 800 43 400 7 400 39 200  
ჯამი 416 200 800 600 899 500 208 400 253 100  

 

მერიაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა, 2014 წლიდან 2016 წლამდე, 73-დან 21-მდე შემცირდა, თუმცა წელს მერიამ დამატებით 13 შტატგარეშე თანამშრომელი აიყვანა. ამ წლების განმავლობაში მათზე გაცემული სარგოს ოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (დაახლოებით 3.6-ჯერ).

 

მერიის შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობების შეკრების შედეგად, საერთო ჯამური მაჩვენებელი ასე გამოიყურება:

 

 

ცხრილი 3: ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა (შტატიანი და შტატგარეშე) რაოდენობა

 წელი 2012 2013 2014 2015 2016 2017
დასაქმებულთა რაოდენობა 472 590 541 360 362 375

 

როგორც ვხედავთ, 2014 წლიდან დღემდე, მერიაში დასაქმებულთა რიცხვი 166-ით შემცირდა.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული ხარჯის დინამიკას, მიმოხილულ წლებში ყველაზე მეტი ადმინისტრაციული ხარჯი 2013 წელსაა გაწეული (ცხრილი 1). 2014-2015 წლებში ხარჯი იკლებს, თუმცა 2016 წელს მისი მოცულობა თითქმის 700 ათასი ლარითაა გაზრდილი.

 

მაშინაც კი, არჩევნებამდე ყველაზე ხარჯიან პერიოდს (2013 წელი) და არჩევნების შემდეგ ყველაზე ნაკლებხარჯიან პერიოდს (2015 წელი) თუ შევადარებთ, სხვაობა, ანუ დაზოგილი თანხა 1 701 500 ლარია და არა 2.5 მილიონი, როგორც ვიცე-მერმა განაცხადა. თუმცა, მერიის პრესსამსახურში დაგვიზუსტეს, რომ ვიცე-მერმა ბოლო სამი წლის განმავლობაში დაზოგილი თანხის ჯამური მაჩვენებელი იგულისხმა. თუ ამ პრინციპით შევკრებთ, 2013 წლის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, 4 მილიონი ლარია დაზოგილი.

 

 

დასკვნა


ქუთაისის მერიაში 2014 წელს სულ 541 ადამიანი იყო დასაქმებული და არა 850, როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა. 2017 წელს ეს რიცხვი 375-ს შეადგენს (166-ით ნაკლები). საერთო ჯამში, საგრძნობლადაა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯებიც.

 

ამდენად, მართალია, ბოლო წლებში ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რიცხოვნობა და ადმინისტრაციული ხარჯი იკლებს, თუმცა კონსტანტინე ქავთარაძის მიერ დასაქმებულთა რიცხოვნობასთან დაკავშირებით დასახელებული რიცხვები აშკარად გადაჭარბებულია.

 

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქუთაისის ვიცე-მერის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

 

 

ირმა ბახუტაშვილი

http://factcheck.ge

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია