დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უკან, რუსეთში
2013/03/01 15:06:32

რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის იხსნება. პროდუქტის გატანა ეტაპობრივად მოხდება. რიგში პირველი ქართული ლუდის კომპანიები დგანან, მომდევნო კი ქართული მწვანილი იქნება. იმ კომპანიების სია, რომლებსაც რუსულ ბაზარზე შესვლა სურთ,  საკმაოდ გრძელია. იგი 80 ალკოჰოლის მწარმოებელ და 4  მინერალური წყლების კომპანიას მოიცავს. რუსეთის ბაზარზე უკვე შევიდა  ლიმონათი „ზედაზენი“, რომლის მწარმოებელი „ქართული ლუდის კომპანიაა“.

სასმელის შემდეგ რიგში ქართული მწვანილი დგას. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთ საქართველო, სადაც მემწვანილეობა 7000 ოჯახისთვისაა ძირითადი შემოსავლის წყარო. მწვანილის ბიზნესით დასავლეთ საქართველოში, ძირითადად, წყალტუბოს მოსახლეობაა დაკავებული. რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოსა და ასევე რუსეთ- საქართველოს  2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთში ქართული მწვანილის ექსპორტი შეწყდა, არადა, მანამდე წყალტუბოში მოყვანილი მწვანილის 85% სწორედ რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ ქართულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუხდათ და რუსული ბაზარი უკრაინულმა ჩაანაცვლა.

მწვანილის წარმოების მხრივ საქართველოში ლიდერი კომპანიაა შპს „ჰერბია“ , რომელიც 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სათავო ოფისი წყალტუბოში აქვს. შპს „ჰერბიას“ გაყიდვების მენეჯერი რევაზ ჯანელიძე „P.S.“- თან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება მათი კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„რუსეთის ბაზარზე აუცილებლად ვაპირებთ გასვლას და ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, დღესდღეობით მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინაა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ფასებზე, თუ რუსეთში უფრო მაღალი ფასები დაფიქსირდა, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს ჩვენთვის.“

ის, თუ რა რაოდენობითაა წარმოდგენილი შპს „ჰერბიას“ წარმოებული მწვანილი ქართულ ბაზარზე, რევაზ ჯანელიძეს ასეთი პასუხი აქვს:

„ქვეყნის შიდა ბაზარზე უმნიშვნელო რაოდენობით ვართ წარმოდგენილნი, ადრე ვამარაგებდით „კარფურსა“ და „გუდვილს“, თუმცა ბოლო პერიოდში ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პრობლემების გამო,  მომარაგება შევწყვიტეთ.“

დღესდღეობით, შპს „ჰერბია“ უკრაინულ ბაზარზეა დამოკიდებული, კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ევროპაშიც ახორციელებს კერძოდ გერმანიასა და პოლონეთში, თუმცა იქ გატანილი ნედლეულის რაოდენობა ძალიან მცირეა.

რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო 2006 წელს დააწესა, მიზეზად დაბალი ხარისხი დასახელდა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ამ ვითარებამ ქართული კომპანიები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, კომპანიების უმეტესი ნაწილი საერთოდ გაჩერდა, განახევრდა ქართული ღვინის ექსპორტი, რუსეთის ემბარგო ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს შეეხო. ყინული მას შემდეგ დაიძრა, რაც ქართული მხარე დათანხმდა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის მხარი დაეჭირა. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ორივე მხარისათვის მომგებიანი ნაბიჯია, პირველ რიგში საქართველოსათვის, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია თავის სტანდარტებს აწესებს მისი წევრი ქვეყნებისათვის და რომ საქართველო პოლიტიკური ნიშნით დაწესებული ემბარგოსაგან მომავალში დაზღვეული იქნება.

თათია ოქროპილაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია