დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სააკაშვილის დესპოტიზმი უნდა დასრულდეს
2012/09/05 20:31:44

როგორც ეს საქართველოში ხშირად არის ხოლმე, და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ტანდემი მართავს, ბიზანტია შორს არ არის. ამ მხრივ სიტუაცია კლასიკურია: ავტორიტარული რეჟიმი არჩევნებს „ამზადებს“. დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ მას შეწყვიტოს ადამიანის უფლებების სულ უფრო აშკარა დარღვევები.

არაფერი არ იცვლება. მაგრამ ერთი რამ ცხადია: „მე არ ვაპირებ მათთვის ხელისუფლების დათმობას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ქვეყნისთვის გავაკეთე!“ – ამბობს თავად სააკაშვილი. მსგავსი რამ ადრეც მოსმენილი გვაქვს! გარდა ამისა, ყველა ოპოზიციონერი აუცილებლად „მოსკოვის აგენტია“, საბჭოთა წყობის აღდგენის მომხრე, ერთი სიტყვით – მოღალატე. მიუხედავად იმისა, რომ კონსპიროლოგია ნორმად იქცა (საქართველოში არაერთხელ დაუკავებიათ ჯაშუშები, სამხედროები სახელმწიფო გადატრიალებაში დაუდანაშაულებიათ, შეთქმულბები უმხელიათ…), ის აღარ მუშაობს.

ქვეყანას სურს ცვლილებები და სჯერა ახალი ოპოზიციური ფიგურის, რომელსაც, მიუხედავად მისი დისკრედიტაციის კამპანიისა, აღიქვამს არა როგორც მოსკოვის დესპანს, არამედ როგორც ნამდვილ ქველმოქმედს, ქართველ ბილ გეითს. როგორც გახსოვთ, ომამდე სწორედ ის აფინანსებდა სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე თვალსაჩინო ინიციატივებს (ყაზარმების, გზების, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მშენებლობას). იმ დროს, მისი ფულის რუსული წარმომავლობა არავის აღელვებდა.

საქართველოს ახალი ხელისუფლება სჭირდება. კონფლიქტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო შელახული რეპუტაციის აღდგენა, მიუხედავად იმ შიზოფრენიული პროპაგანდისა, რომ „ჩვენ ომში გავიმარჯვეთ“. ქვეყანა ამისკენ კიდევ უფრო ძლიერად მიისწრაფვის იმიტომ, რომ პრეზიდენტის პარტია ქვეყანას უკვე მერვე წელია მართავს, ხოლო უდიდესი საპარლამენტო უმრავლესობა მას კონსტიტუციით იოლად მანიპულიერების შესაძლებლობას აძლევს, ოპოზიციის აზრს კი, რომელსაც სულ რამდენიმე მანდატი აქვს, არაფრად აგდებენ.

ოპოზიციური პარტიის ხელთ არ არის არცერთი მუნიციპალიტეტი ან გუბერნატორის პოსტი, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებსა და პოლიციაში თანამდებობებზე დანიშვნა უმკაცრესი კონტროლით ხდება. ამ განუყოფელმა ძალაუფლებამ ქვეყანა ომამდე და სიღატაკემდე მიიყვანა; აქა იქ აგებული ფერადი თანამედროვე შენობები, „პოტიომკინის სოფლების“ მსგავსად, აქ მოხვედრილი უცხოელების გულებს იგებს.

დამდეგ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ არჩევნების შემდეგ გაირკვევა, გახდება თუ არა დღევანდელი ხელისუფლება მუდმივი, მიბაძავს ჩრდილოეთით დამკვიდრებულ ვლადიმერ პუტინის მოდელს.

საქმე ის არის, რომ ამჯერად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება სანდო და ფინანსურად უზრუნველყოფილი (მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი თანხები საქართველოში გაყინულია) ლიდერის გარშემო, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის პირობებს ქმნის. დარღვევების, ასევე ზეწოლისა და დისკრიმინაციის შემთხვევების მზარდი რიცხვი, და არა ჯერ კიდევ არცთუ სანდო კვლევები საზოგადოებრივი აზრისა დაშინებულ ქვეყანაში, გაცილებით კარგად ცხადყოფს იმას, რომ ხელისუფლება გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და მზადაა, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა „ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს“.

2008 წლის კონფლიქტის დროს, ზოგიერთი ჩვენთაგანი აფრთხილებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რეჟიმის აგრესიული რიტორიკა, მილიტარისტული ლოზუნგები და მისი სტრატეგია მოსკოვთან ურთიერთობაში დაძაბულობის შექმნისა, ნამდვილი უგუნურება იყო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობდა საკუთარი ლეგიტიმურობის განმტკიცებას, ახდენდა რა ქვეყნის მობილიზებას გარე საფრთხის წინააღმდეგ.

ამჯერად, ჩვენ კვლავ ვხედავთ ტელევიზიით მილიტარისტულ ვიდეორგოლებს და ხმამაღალ განცხადებებს, ისეთს, როგორიც სააკაშვილმა მაგალითად 29 აგვისტოს გააკეთა: „ჩვენ არავის დავუთმობთ“. გარდა ამისა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ასევე უცნაური ინციდენტების ჯაჭვი: გაურკვეველი ეროვნების შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა დაღესტნის საზღვართან ახალგაზრდა ქართველები დააკავა.

სწორედ ამ მომენტში ტერაქტს საზღვრის მეორე მხარეს დაღესტანში რუსეთის არმიის მობილიზება მოჰყვა. ახალგაზრდები გაათავისუფლეს. ქართულმა სპეცდანაყოფებმა ოპერაცია დაიწყეს, რომლის შედეგადაც მოკლულია 11 „მებრძოლი“, დაიღუპა სამი ქართველი ჯარისკაცი. ბრძოლა გრძელდება.

მოსკოვის რეაქცია ამ ფაქტზე თავშეკავებული იყო და იმით შემოიფარგლა, რომ რუსეთის ან დაღესტნის ტერიტორიიდან მებრძოლების საქართველოში გადასვლის ფაქტი უარყო. საქართველოს მოქალაქეები ამ საკითხებს სოციალურ ქსელში აყენებენ, მაგრამ მხოლოდ არადამაჯერებელ პასუხებს იღებენ.

 

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

http://foreignpress.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია