დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა ღირს ქუთაისში სექსი?
2012/01/16 12:55:59

„ახლა ჩვენი დასახლება, პარლამენტი რომ შენდება, იმითაა ცნობილი, მანამდე კი იზაიას ბორდელით იყო...“

საროსკიპო, ბორდელი - დაწესებულებაა, სადაც პროსტიტუციული მომსახურება ხორციელდება. ბევრ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, ბორდელის არსებობა უკანონოდ ითვლება. მასში მომუშავე პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში საროსკიპოებს ოფიციალური სტატუსი აქვს. საროსკიპოები ორათას წელზე მეტია არსებობს. მეცნიერების ვარაუდით, როგორც ყველგან, ასევე საქართველოშიც, ელინისტურ ხანაში არაერთი ბორდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნი არაა რაიმე არქელოგიური მტკიცება, მაინც ცნობილია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მე-5 საუკუნეში უკვე არსებობდნენ  სპარსული ბორდელები“. ასევე არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საროსკიპო არსებობდა თამარის დროს ქ. გორთან, სადაც ძირითადად მუშაობდნენ ბიზანტიელი, რომაელი, სომეხი და სპარსი ქალები.  

ამჟამად პროსტიტუცია საქართველოში უკანონო და თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

იმის მიუხედავად, რომ ბორდელების არსებობა საქართველოში და მათ შორის - ქუთაისში კანონის უხეში დარღვევაა, ის ჩვენს ქვეყანასა და ქალაქში უხვად მოიპოვება. „პროდუქტი“ - დაბალხარისხიანი, მომხმარებელი - ფასზე ორიენტირებული, ჩხუბი, კამათი, ყაყანი - „რა ამბავია, შე დალოცვილო, დამიკელი, - ვერა,  ვერ დაგიკლებ, დამა გულივით ქალი ვარ, ვერ მხედავ?“ - მსგავსი ვაჭრობა, როგორც გვიამბობენ, ყველა ბორდელში ხდება, ვაჭრობა - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, სადაც გამყიდველი ყიდის „პროდუქტს“, მომხმარებელი - იხდის საფასურს და კმაყოფილია. ფასები ხარისხზე, პირობებზე და კარგ რეკლამირებაზეა დამოკიდებული.

ქუთაისური პორნობაზარი საშუალებას გაძლევს, შენი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აირჩიო შენთვის ხელსაყრელი „პროდუქტი“. ფასები 10 ლარიდან იწყება და ძვირადღირებულ ბორდელებში 150 ლარამდეც აღწევს. თუმცა ყველაფერი მაინც მყიდველის შნოსა და ლაზათზეა დამოკიდებული, რადგან აქ შევაჭრება სირცხვილი არ არის და გამყიდველებიც ფასს უხვად აკლებენ.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენი ბორდელია ქუთაისში, საშუალოდ რა ასაკის ადამიანებია ამ „დაწესებულების“ მომხმარებლები და რა ღირს ქუთაისში ნახევარი საათით სექსი.

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის მოქმედ ბორდელთა უმეტესობაში იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე რომელიმე კერძო ან სახელმწიფო უწყებაში, ოფიციალურად დარეგისტრირებულები, რა თქმა უნდა, არ არიან. აქედან გამომდინარე, ზუსტი ადგილის გაგება, თუ სადაა  განთავსებული ყველა ბორდელი, თითქმის შეუძლებელია.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, 20-30 წლამდე ასაკის რამდენიმე მამაკაცს ვკითხეთ, არის თუ არა ქუთაისში ბორდელი და თუ არის - სად? სხვადასხვა პასუხი მოგვცეს. ნაწილს აღნიშნულ თემაზე საუბარი რცხვენოდა და გარბოდა, ნაწილმა კი თამამად ჩამოგვითვალა ყველა ის ადგილი, სადაც ყოფილა და „პროდუქციაში“ თანხაც გადაუხდია. „ყოველ წამს ხსნიან და ხურავენ, მაგრამ, მე როგორც ვიცი, ერთი არის ავტოქარხანაში - იზაიასთან, მეორე ნიკეაზე - „კოსტიაში“. ერთი კიდე - ოპერის გვერდით იყო ადრე, კაფე „მედეასთან“, მაგრამ დახურეს, რას ერჩოდნენ, არ ვიცი.“ - გვითხრა 25 წლის თემურმა. სხვა რა გზა დაგვრჩენოდა, საქმის უკეთ გასარკვევად ავტოქარხნის გზას გავუყევი და „იზაიას საბუდარს“ მივადექი. იქ, ხარებავას ქუჩის ?1 სახლთან, რამდენიმე ასაკოვანი ქალბატონი დავინახე, მოკრძალებით ვკითხე, „იზაიას“ რომ ეძახიან, ეს ის ბინაა-მეთქი? მკაცრი და გაბრაზებული ხმით მიპასუხეს: „დიახ, ეს გახლავთ, ვაჟბატონო.“ - ალბათ, მორიგი კლიენტი ვეგონე მეზობლებს, თუმცა, როცა ჩემი იქ მისვლის მიზეზი შეიტყვეს, მართალია, ოფიციალურად არ ჩამეწერნენ, გვიშლიან ამ თემაზე ოჯახის წევრები საუბარსო, მაგრამ დიქტოფონის გარეშე ყველაფერი მიამბეს.

„ამ იზაიას გვარი ნემსიწვერიძეა, მთელი ქალაქი ასე კარგად რომ იცნობს! ალბათ, სადღაც, 2000 წელს გადმოვიდა ამ ბინაში, 50 წლამდე ქალია, მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ ნარკომანი არისო, ქურდი „ბაჭიას“ ნათესავიც ყოფილა ეგ უბედური. სამი ქალი დადის (მუშაობს) მასთან. ერთი, მგონი, ჩვენი უბნელია, ორი კიდე სხვა უბანში ცხოვრობს. ქალის სახელი შეგზიზღდება, მათ რომ დაინახავ. 50 წლამდე ქალები არიან. რას გვანან, რომ დაგანახათ, გული შეგიწუხდებათ. ათასჯერ დავწერეთ განცხადება, მაგრამ რად გინდა. ალბათ, ვიღაცა მფარველობს მაგ გლახას, მაგას. ახლა ავტოქარხანაში პარლამენტი რომ შენდება, იმითაა ჩვენი უბანი ცნობილი, მანამდე კიდე „იზაიას ბორდელით“ იცნობდა ხალხი.“ - გვითხრა ხანდაზმულმა ქალბატონმა.

„მრცხვენია, ამ ბინაში რომ ვცხოვრობ, ბორდელთან ასოცირდება ეგ ბინა და იმიტომ. ნეტა, თუ დადგება დრო, რომ დახურავენ ამ ბორდელს და ამ ქალს გაასახლებენ?! მაგრამ, რაღაც, ეჭვი მეპარება, არც პოლიცია არ ინტერესდება ამ თემით. რატომ დაინტერესდება და დახურავს, ისინიც კმაყოფილდებიან, ალბათ, ამ მახინჯი ქალებით. მოვლენ ზოგჯერ მთვრალი  ბიჭები, ზოგს სადარბაზო შეეშლება, ზოგს - სართული და დაადგება პატიოსან ოჯახს თავზე, და არის გამიშვი და გაგიშვებ. ასე ცხოვრება აღარ  შეიძლება.“ - შემოგვჩივლა საშუალო ასაკის ქალბატონმა.

როგორც მეზობლებმა განაცხადეს, მათ რამდენიმე წლის წინ დაწერეს განცხადება და მესამე განყოფილებას ჩააბარეს, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია. მოგვიანებით ისევ დაწერეს განცხადება და ხელის მოწერას პირადობის ნომრებიც დაურთეს. მეზობლები აღნიშნული „ბორდელის“ დახურვას და „იზაიას“ ბინიდან გადასახლებას ითხოვდნენ, თუმცა, მათი თქმით, განცხადება პოლიციაში მხოლოდ იმიტომ არ დააკმაყოფილეს, რომ თურმე, სანამ მკვლელობა არ მოხდება, მანამ არ ჰქონდათ იზას გადასახლების უფლება.

ჩვენ სატელეფონო საუბრით შევეცადეთ, გაგვერკვია, რა პოზიცია ეჭირა პოლიციას, ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩის ?1 კორპუსში, უკანონოდ არსებულ ბორდელთან დაკავშირებით და რა ბედი ეწია მოსახლეობის განცხადებას.

„აღნიშნული ბორდელის შესახებ არაფერი მსმენია, მე პირადად ავიყვან ამ ბორდელს კონტროლზე და თუ მართლა არსებობს, აღარ იარსებებს.“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას შსს ქუთაისის მესამე რაიონის განყოფილების უფროსმა თამაზ ხმელიძემ.

საია-ს ქუთაისის ფილიალის იურისტის, რევაზ თოფურიძის კომენტარი ასეთია:

„სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლის თანახმად, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, თუ კონკრეტული პირისათვის არის გადაცემული ფართი პროსტიტუციისათვის და ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე, ან ფულადი ჯარიმით. ხოლო შიგნით დასაქმებული მეძავებისთვის კანონი არ ითვალისწინებს დასჯას.“

„იზაიას“ ბინის ახლოს არის სკოლა, ბაღი, ხოლო ბორდელის ფანჯრის წინ ეკლესიაა აგებული. აქ, პატარა ქალაქში, ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველას იცნობს, „იზაიას“ ბინიდან არცთუ ისე შორს ცხოვრობს მერაბ მეშველიანი - საკრებულოს წევრი, ავტოქარხნის მაჟორიტარი. ნუთუ მის ყურამდე არ მისულა აღნიშნული ბორდელის შესახებ ინფორმაცია? თუმცა პროსტიტუცია ხომ ქართულ საზოგადოებაში და, განსაკუთრებით, ქუთაისში ტაბუდადებული თემაა, რომელზეც ღიად (მითუმეტეს, დეპუტატთან) არავინ არასოდეს საუბრობს.

შევეცადეთ, თავად „იზაიას“ ბორდელის თანამშრომლებს გავსაუბრებოდი, თუმცა - უშედეგოდ.

 

***

ქუთაისში, ბორდელების გარდა, მამაკაცებს ემსახურება ისეთი „კომფორტული“ სერვისიც, როგორიცაა ტელეფონით გამოძახება - როდესაც შერჩეულ „სატრფოს“, სურვილისამებრ, კონკრეტულ ადგილზე დაიბარებ, ან სადმე  წაიყვან. შევეცადეთ ტელეფონით გავსაუბრებოდით „ადმინისტრატორს“. საინტერესოა რას ამბობს თავად ის და რა არგუმენტებით ამართლებს თავის პროფესიას. მას პირობით სახელს - ეკას დავარქმევთ.

- ეკა, რამდენი წელია, რაც აღნიშნული საქმით ხარ დაკავებული?

- 32 წლის ვარ, 20 წლის ვიყავი, პირველად რომ მამაკაცთან დავწექი, აქედან გამომდინარე, 12 წელი გამოდის. თავიდან ძალიან მრცხვენოდა, თუმცა რა მექნა, ჩემი ჯიბის ფული მინდოდა და კვირაში ერთხელ მივმართავდი ამ საქმეს. შემდეგ მეც შევეჩვიე, აღარც მრცხვენოდა და ახლა თითქმის მთელი ქალაქი მიცნობს, თუმცა მე ზოგიერთ ბოზს არ ვგავარ! თავს ძალიან ვუვლი და ამიტომაც ინტერესდებიან, ალბათ, ჩემით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა - 100 ლარი ღირს ჩემთან ერთი საათის გატარება.

- ოჯახი გაქვს შექმნილი?

- არა, ოჯახზე არც არასოდეს მიფიქრია, არც მინდა. სიმართლე გითხრათ, უკვე მე ამ საქმეს ბოზობას აღარ ვარქმევ, ეს ჩემი სამსახურია. კარგი, მეორე ტელეფონზე მირეკავენ, აღარ მცალია.“ -  ეკამ ტელეფონი გათიშა.

 

***

კულუარული ინფორმაციით პერსპექტივაში ბორდელების ლეგალიზაცია იგეგმება და, ალბათ, მეძავებსაც მოსთხოვენ სალარო აპარატების დადგმას, ქვითრის ამოწერას; როგორც ინდმეწარმეებს, ისე დაბეგრავენ, თანაც მათზე ინდმეწარმეებისთვის დაშვებული შეღავათები არ გავრცელდება და მეძავებს უკვე ოფიციალური სამსახური ექნებათ... აბა, ყველა კეთილმოწყობასა და გზების დაგებაზე ხომ ვერ დასაქმდება?! ბიუჯეტშიც თურმე საკმაოდ სოლიდური თანხა შევა. როგორც კულუარებში ამბობენ, ამით ბორდელებში მომსახურების ხარისხიც აიწევს და ჰიგიენური პირობებიც გაუმჯობესდება. „იზაიას“ და მის დებს, „ლიცენზიის“ მიღება, დიდი კონკურენციის პირობებში, ალბათ, გაუჭირდებათ.

ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია