დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართლებრივი სტატუსი - რელიგიურ უმცირესობებს
2011/07/11 12:48:02

„საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით, არავინ დაჩაგრულა...“

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენის შედეგად მიიღო დადგენილება ქვეყანაში მოქმედი რელიგიური უმცირესობებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტს 5 ივლისს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. საპატრიარქომაც, თავისი შემწყნარებლური პოლიტიკის მიუხედავად, უკმაყოფილება გამოხატა.

ამ პრობლემის ფესვები, როგორც აღმოჩნდა, წარსულში და კონტინენტს მიღმა უნდა ვეძებოთ...

აშშ-ის წლიური მოხსენება საქართველოს რელიგიური თავისუფლების შესახებ 2009 წელს გამოქვეყნდა. ჯერ კიდევ იქ არის ნახსენები დღეს ასე პრობლემური საკითხის შესახებ: რამდენიმე რელიგიური ჯგუფი, მათ შორის კათოლიკური და სომხეთის სამოციქულო ეკლესია, გამოხატავს უკმაყოფილებას იმ სტატუსით, რომელიც ამ ფორმით რეგისტრაციის შედეგად მიენიჭათ. ისინი კვლავ ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო ორგანიზაციებად დარეგისტრირებას და აცხადებენ, რომ მათ ურჩევნიათ, რომ ისინი აღიარებულნი იყვნენ სამართლებრივად როგორც ეკლესიები, ან მინიჭოთ მკაფიო სტატუსი, როგორც რელიგიაზე დაფუძნებულ ჯგუფებს“ (ინფორმაცია მოპოვებულია საიტიდან civil.ge).

 

აქვე მოყვანილია საქართველოს ხელისუფლების იმდროინდელი პოზიცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის სამართლებრივ სტატუსში განსხვავება სიმბოლურია, ვინაიდან სხვა ჯგუფებიც იგივე სამართლებრივი დაცვით და მათი რელიგიური საქმიანობების პატივისცემით სარგებლობენ, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ერთადერთი უმნიშვნელო სხვაობა, მთავრობის თქმით, საგადასახადო შეღავათებს ეხება.

როგორც ჩანს, საერთაშორისო ზეწოლამ და საქართველოს პრეზიდენტთან სომხეთის პატრიარქის გარეგინ II-ის შეხვედრამ თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენი ხელისუფლების პოზიციაც შეიცვალა. 1 ივლისს საქართველოს პარლამენტმა პირველივე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც  სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას, მუსლიმანთა თემს და იუდეველთა თემს ექნებათ უფლება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ.   ინიციატივის თანახმად, ეს ხუთი რელიგიური ჯგუფი იმიტომ შეირჩა, რომ მათ „მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან“.

ამასთან დაკავშირებით გავრცელდა პატრიარქის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა სახელმწიფოებში არც ქართული მართლმადიდებლური ტაძრების საკუთრების და მოვლა-პატრონობის საკითხი არ დასმულა დღემდე და არც ჩვენი ეკლესიის სტატუსის განხილვა არ დაწყებულა. ამის ფონზე, სრულიად გაუგებარია ჩვენი ქვეყნის პარლამენტის მიერ ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით.“ ამის შემდეგ, მალევე გავრცელდა საპატრიარქოს მორიგი მიმართვა, რომელშიც გვატყობინებენ, რომ საქართველოს საპატრიარქოში თავისი ინიციატივით მივიდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შეეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონ-პროექტის შეცვლილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. შეთანხმება ვერ შედგა, რადგან საპატრიარქო ამ კანონს ეკლესიისა და ქვეყნისთვის უარყოფითი შედეგების მომტანად მიიჩნევს, მთელ პასუხისმგებლობას კი ხელისუფლებას აკისრებს.

პარლამენტის მიერ მიღებულმა დადგენილებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია საზოგადოების წევრებს შორის. სოციალური ქსელები მოიცვა პროტესტის გამომხატველმა მოსაზრებებმა, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

საბა ამირეჯიბი: „მთავარი ისაა, რომ საქართველოს პარლამენტმა თავისი ქმედებით გაუადვილა სომხებს საუკუნეების განმავლობაში სასურველი მიზნის მიღწევა, ანუ ქართული ეკლესიების, კულტურის და ეროვნული თვითმყოფადობის განადგურება და თუ რაიმე ფასეული გაგვაჩნია, ამის სომხურად გამოცხადება.“

როლანდ მათიაშვილი: „ახლა გამოჩნდება ქართული ეკლესიის ძალა - დგას თუ არა ქართველი ხალხის გვერდით. საჭიროა, გაუქმდეს ეს მოღალატური კანონი, რათა ქართული ეკლესიები და მასზე მიბმული მიწები არ გადაეცეს სხვებს 1 ლარად. და თუ ეს არ გააკეთა ქართულმა ეკლესიამ, უკვე გასაგები იქნება ყველაფერი. ამ კანონის ცხოვრებაში გატარებით სომხური ეკლესია მთელ საქართველოს მიიტაცებს, რაც წინასწარ წაგებული ომის დასაწყისი იქნება“.

თავად სასულიერო პირები მიღებულ დადგენილებას ამგვარად აფასებენ:

„70-მდე დეპუტატმა ე.წ კონკორდატის წესი, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით დაარღვია. ეს ორი სუბიექტი თანაბარუფლებიანია, სახელმწიფოს ეკლესიის უკითხავად არ შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო. მიღებული გადაწყვეტილება ერის ფიზიკურ და სულიერ ანექსიას გამოიწვევს, რადგან ყველა რელიგიური მიმდინარეობა აუცილებლად მოითხოვს საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებს, ნაგებობებს, კულტურულ ძეგლებსა და სხვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რამდენიმე ადამიანის მიერ ერის უკითხავად მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება დანაშაულია,“ - ეს განცხადება სააგენტო „ჯეონიუსმა“ გაავრცელა და იგი დეკანოზ დავით ისაკაძეს ეკუთვნის.

 დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის მეუფე ზენონის თქმით,  საქართველოს ხელისუფლების ამ ქმედებით გარეგინ მეორემ გაიმარჯვა. მისივე განცხადებით, სომხეთის კათოლიკოსმა ვიზიტისას საქართველოს საპატრიარქოსთან ვერ მიაღწია შეთანხმებას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამართლებრივ სტატუსსა და საქართველოში მდებარე რამდენიმე ეკლესიის საკუთრებაზე არსებული დავის ირგვლივ, თუმცა, სომხურმა მხარემ შედეგს საქართველოს ხელისუფლებასთან მიაღწია.

ეს განცხადება მეუფე ზენონმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.

მიუხედავად  საზოგადოების  უკმა-ყოფილებისა,  5 ივლისს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით სასწრაფო წესით დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში.  

ეკლესია და ოპოზიცია მოუწოდებდა კანონმდებლებს, მეტი დრო დაეთმოთ საჯარო განხილვისთვის და არ დაეჩქარებინათ გადაწყვეტილების მიღება. ქართული ეკლესიის კიდევ ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ამგვარი კანონის  მიღება   უნდა  მომხდარი-ყო  მხოლოდ  ქართული  მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პარალელურად - ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება სომხეთზე იყო გამახვილებული.

პარლამენტმა რელიგიური გაერთიანების სტატუსთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები ისე დაამტკიცა, რომ კანონპროექტის მესამე მოსმენის ვერსია დარბაზში  არ  დარიგებულა.  „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე, მესამე მოსმენით, 70 ხმით 0-ს წინააღმდეგ, ფორსმაჟორულ ვითარებაში დამტკიცდა. საპარლამენტო უმრავლესობის 13-მა წევრმა რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მესამე მოსმენით მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

რა იგულისხმება საჯარო იურიდიულ პირში? სამოქალაქო კოდექსის თანახმად,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ უმცირესობებს აქვთ უფლება, დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი და გავრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი.  

არასამეწარმეო იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.

დადგენილებას 5 ივლისს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა და იგი უკვე ამოქმედდა.

როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია მეზობელი სახელმწიფოს კეთილგანწყობა, საკუთარი ერის ხმა კი ნაკლებ მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა ქაშუეთის ტაძრის ეზოში 200-ზე მეტი ქართველი მიღებულ დადგენილებას აპროტესტებდა, პრეზიდენტი სომხეთის ეკლესიის სამადლობელი წერილით ტკბებოდა, რომელშიც ეჩმიაძინის პრესსამსახურის უფროსი ვაგრამ მელიკიანი აღნიშნავს, რომ ეს არის პროცესი, რომელიც სრულიად სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტს მოჰყვა საქართველოში. „გარეგინ მეორესა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, გადაყვეტილიყო საკითხები, რომლებიც საქართველოში არსებულ სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას ჰქონდა. პირველ ეტაპზე იურიდიული სტატუსის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.  შეთანხმების მეორე ეტაპი საქართველოში არსებული სომხური ეკლესიების დაბრუნებას ითვალისწინებს, იმისათვის, რომ სომხეთის ეპარქია თავის ხალხს ემსახუროს. ამ მომენტისათვის სომხური ეკლესიისათვის საკმარისია ექვსი ეკლესია, ხოლო რაც შეეხება საქართველოში არსებულ დანარჩენ ეკლესიებს, რომელიც გაქართულებულია, ამ ქვეყნის ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მათი კუთვნილების საკითხს არ დააყენებს, არ დაამახინჯებს და მათგან სომხურ წარწერებს არ წაშლის,“ -  ნათქვამია სომხური ეკლესიის მიერ გამოგზავნილ მიმართვაში.

რაც შეეხება 6 ივლისს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გამართულ შეკრებას - შეიქმნა „წინააღმდეგობის მოძრაობა,“ რომელთა ორგანიზებით აქციაზე შეიმუშავეს მიმართვის ტექსტი. საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ტოლერანტულ სახელმწიფოდ, სადაც განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ ქართველი საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული ღირებულებების იგნორირებისა და ეკლესიის როლის დაკნინების ხარჯზე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა უფლებათა დაცვა, რაც ისედაც დაცულია და არ ილახება,“ - აღნიშნულია მიმართვაში.

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები მოითხოვენ, შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმების მოთხოვნების დაცვას. პრეზიდენტს კი 15 ივლისამდე აძლევენ ვადას, რათა  პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, პრეზიდენტმა დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა და ნაკლებ სავარაუდოა ამ კუთხით სასიკეთო ცვლილებები განხორციელდეს.

 

***

ოთარ ჭილაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, კიდევ ერთხელ და ძალიან დროულად იტყოდა, რომ საქართველოში, ქართველის გარდა, ჯერჯერობით არავინ დაჩაგრულა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია