დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
2012 წლის პირველი სტუმარი ჩვენს რედაქციაში
2012/01/09 13:40:24

3 იანვარს, წლის პირველ სამუშაო დღეს, კარი რედაქციის პირველმა სტუმარმა შემოაღო - ყველას რომ გაგვიხარდა, სწორედ ისეთმა!

ვისაც სოციალურ ქსელთან აქვს ურთიერთობა, ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - როლანდ ხოჯანაშვილის (როკოს) სახელი კარგადაა იცის. მასთან მეგობრობა ხომ ყველასათვის სიხარულისა და სიამოვნების მომნიჭებელია, მათ შორის - ჩვენი რედაქციის ჟურნალისტებისთვისაც.

როკოს განსაკუთრებული კომუნიკაბელურობა გამოარჩევს სხვათაგან. ფეისბუკზე დადებული მისი კომენტარები ხაზგასმული იმერიზმებითა და სოციალური ქსელისათვის დამახასიათებელი სასაუბრო ინტონაციებითაა სტილიზებული, თუმცა მეგობრების უმრავლესობას კარგად მოეხსენება, რომ „ფეისბუკის კოროლად“ სახელდებული როლანდ ხოჯანაშვილი, სინამდვილეში, განათლებული და გემოვნებიანი ლიტერატორია. მას ხშირად უგზავნიან გამოსაცემად გამზადებულ ტექსტებს და რედაქტირებასთან ერთად კორექტირებასაც სთხოვენ. საოცარი ენერგიით აღსავსე გეზრულელი მასწავლებელი კი, გაკვეთილების დაწყებამდე ყანაში მუშაობას და ფუტკრის სკებთან ფუსფუსსაც რომ ასწრებს, სოციალურ ქსელში აქტიურად საქმიანობასაც და უამრავი სტუმრის ერთგულ მასპინძლობასაც, - ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მეგობრების წიგნები საფუძვლიანად მოამზადოს დასაბეჭდად.

ეს კიდევ რაა, მუდამ ცდილობს, ფეისბუკის მეშვეობით ერთმანეთს გააცნოს და დაამეგობროს კარგი ადამიანები, მიეხმაროს ახალგაზრდა შემოქმედებს მათი ნაწარმოებების გამოქვეყნებაში, ღარიბ ოჯახებს მდიდრების მზრუნველობა წააშველოს, მეტისმეტად თავმდაბალ და კომპლექსიან ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ასწავლოს და ა.შ. მოკლედ, როკო ნამდვილი მშვიდობის მტრედია და ყველას უყვარს, განსაკუთრებით - მის მოსწავლეებს.

მას შემდეგ, რაც ჩვენს გაზეთში საკმაოდ ვრცელი წერილი დაიბეჭდა ჭიათურის მაღალმთიან სოფელში მოღვაწე და გარესამყაროსთან ინტერნეტით დაკავშირებულ მასწავლებელზე, ჩვენ განსაკუთრებულად ვმეგობრობთ. როლანდ ხოჯანაშვილი ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს შემოქმედებით მუშაობას და, როგორც კი გაზეთის ფურცლებზე ახალი ჟურნალისტური სახეები გამოიკვეთება, საკუთარი ოჯახის მატებასავით უხარია. ჩვენდამი მისი ასეთი დამოკიდებულების საფუძველი თურმე ის არის, რომ, როგორც როკომ ალალად გვითხრა, „P.S.“-ის ჟურნალისტები არ ვართ „ყვითლები“, არ „ვიყიდებით“, არ მივეკუთვნებით რომელიმე პოლიტიკურ ბანაკს და პატიოსნად ვშრომობთ მედია-სარბიელზე.

სულ ცოტა ხნის წინათ უდიდესი ტკივილი გადაიტანა: დაკარგა უსაყვარლესი დედა - მეგობარი, თანამოაზრე. ფეისბუკელმა მეგობრებმა სცადეს, საახალწლოდ განტვირთვისა და დასვენების დღეები მოეწყოთ მისთვის, მწუხარება ცოტათი მაინც შეემსუბუქებინათ, ამიტომ თბილისში „ჩაიტყუეს“, იქიდან ქუთაისისკენ გამოემართა, გეზრულში დაბრუნებამდე კი სხვა მარშრუტიც აქვს... მოკლედ, სტუმარს სატკივარზე ლაპარაკი ავაცილეთ და ვთხოვეთ, კარგი რამეები ეამბა. ამ კარგს შორის უპირველესი ის იყო, რომ თურმე ამერიკაში მცხოვრებ ერთ „ფრენდს“, ქართველ ქალბატონს, შემოწირულობა გაუღია და, როკოს მეშვეობით, გეზრულში ერთმა მრავალშვილიანმა ღარიბმა ოჯახმა ძალიან გაიხარა: საახალწლოდ ტომრებითა და ყუთებით სავსე მანქანა მიაყენა მათ სახლს „თოვლის ბაბუამ“ (როკომ). ამავე ოჯახს შარშან როლანდ ხოჯანაშვილის კიდევ ერთი მეგობარი დაეხმარა, საბერძნეთში მცხოვრები. მთავარი ის არის, რომ ჭეშმარიტ ქველმოქმედებს საკუთარი ვინაობის გამხელა არ უსურვებიათ, ქვაზე დადებული მადლის პრინციპით გაუკეთებიათ ყველაფერი.

აი, ასეთმა კაცმა შემოაბიჯა 3 იანვარს ჩვენს რედაქციაში და თბილ ღიმილთან ერთად უამრავი კეთილი სურვილიც მოგვიტანა.

„P.S.“-ელებმა როლანდ ხოჯანაშვილს სიმბოლურად მივანიჭეთ სტატუსი: „2012 წლის პირველი სტუმარი რედაქციაში“ და გავუკეთეთ „ბაფთა-ორდენი“ „P.S.“-ის ლოგოთი. ასევე, ვაჩუქეთ ჩვენი კოლეგისა და მეგობრის, ამერიკაში გამომავალი  ქართულენოვანი  გაზეთ „მამულის“  რედაქტორის, ქუთაისის მკვიდრის, მანუჩარ კაჭახიძის რომანი „მედეა“, შემდეგ კი ახალგაზრდა ჟურნალისტებმა სტუმარი საგამოფენო დარბაზ „ვარლა“-ში დაპატიჟეს, ახალ გამოფენაზე.

პირველი სამუშაო დღე ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვისაც, ხალისიანად დაიწყო და, ვფიქრობთ, საახალწლო არდადეგებზე ჩამოსული გეზრულელი პედაგოგისთვისაც.

აბა, ვნახოთ, როგორი „ფეხი“ ექნება ჩვენს მუდამ ღიმილიან, დაუდგრომელ, მაგრამ, ამასთან, საქვეყნო საზრუნავით აღსავსე, მომთხოვნ და სერიოზულ მკითხველს.

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია