დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება“ დაიწყო...
2011/12/19 12:43:15

ქართველმა ოპოზიციონერმა მილიარდელმა, ბიძინა ივანიშვილმა  საზოგადოებრივი  მოძრაობა  -    „ქართული ოცნება“დააფუძნა. „ქართული ოცნების“  პრეზენტაცია ფილარმონიის დარბაზში 11 დეკემბერს გაიმართა, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივ მოძრაობას პირადად ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. საზეიმო ცერემონიას შოუს ელემენტებიც ახლდა თან - პრეზენტაცია ივანიშვილის ვაჟის, ბერას სიმღერით გაიხსნა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

 

 

„ქართული ოცნების“ საზეიმო პრეზენტაციას ყველა მსურველი ვერ დაესწრო. გარდა დარბაზისა, მოძრაობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები ფილარმონიასთან იდგნენ და პრეზენტაციის მიმდინარეობას დამონტაჟებული მონიტორების მეშვეობით ადევნებდნენ თვალს. ყველას აინტერესებდა, თუ რას იტყოდა ოპოზიციონერი მილიარდელი, რომლის პოლიტიკაში მოსვლამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ქართული პოლიტიკური გარემო.

„დღეიდან ჩვენი მიზანია ისეთი ქვეყნის აშენება, სადაც თითოეული მოქალაქის და მთელი ქვეყნის საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი, ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა, სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და არა ევროპისაკენ სვლის იმიტაცია,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პრეზენტაციის დასასრულს თავის გამოსვლაში.

„ქართული ოცნების“ დაფუძნების აღსანიშნავად, ფილარმონიაში მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მხოლოდ საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს და არა პოლიტიკოსებმა. გამომსვლელთა შორის იყვნენ: „კავკასიური სახლის“ დირექტორი, მწერალი ნაირა გელაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, ადვოკატი მანანა კობახიძე და სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია.

„ქართული ოცნების“ დაფუძნების აღსანიშნავად და მხარდასაჭერად, ბიძინა ივანიშვილის გვერდით, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და ამიერიდან, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძეც იდგა. სწორედ პრეზენტაციის დროს, ფილარმონიის დარბაზიდან განაცხადა მან, რომ საქართველოს ნაკრებს ტოვებს. ასევე, მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში გატანილი ავტოგოლებისათვის და იგივე მოუწოდა ხელისუფლებასაც - ეპოვა თავის თავში ძალა და ეღიარებინა საქართველოს კარში გატანილი ავტოგოლები.

კახა კალაძე: „დღევანდელ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მხოლოდ მოვალეობა გვაქვს იმისა, რომ მას ჯარიმები ვუხადოთ და გადასახადები. სინამდვილეში მოვალეობასთან ერთად ჩვენ უფლებებიც გაგვაჩნია. ამ დროს კი ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობებია შექმნილი: არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე გადახვეწილია სხვა ქვეყანაში, დარჩენილებს კი უმუშევრობა ემუქრებათ, დაკარგულია ტერიტორიები... დროა, ერთად დავდგეთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა ფორმით ავისრულოთ ქართული ოცნება.“

პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი მანანა კობახიძე, რომელსაც არაერთხელ მიუმართავს ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დასაცავად. რამდენიმე წლის განმავლობაში მანანა კობახიძე ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42“-ე მუხლს ხელმძღვანელობდა.

„გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის დღე იყო. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ არაფერი მისალოცი ამ დღეს არ გვაქვს ერთმანეთისთვის. გუშინ შედგა პოლიტპატიმრების სია და მათი რაოდენობა 87-ია, შესაძლოა - მეტიც. 2005 წლიდან მოყოლებული, დღემდე მხოლოდ 3,7%-ია გამამართლებელი განაჩენებისა. ოფიციალურად 25 000 პატიმარი გვყავს, მაგრამ არაოფიციალურად, ვიცით, რომ მათი რიცხვი მეტია. რა, კრიმინალურ ერად გადავიქეცით 2003 წლის შემდეგ? გაუგებარია... მე აქ დღეს იმიტომ მოვედი, რომ მჯერა, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ეს ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს,“ - განაცხადა ქალბატონმა მანანა კობახიძემ.

 „ძალიან  კარგია, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოყალიბდა.  ქართული ოცნება - ეს არის დემოკრატიული საქართველო, სადაც სამართალი იქნება ქვეყანაში, სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიულად იმოქმედებენ... ერთი კაცის გადაწყვეტილებით აწყობილი ქვეყანა ვერასოდეს იქნება წარმატებული. რაც შეეხება საზოგადოებრივ მოძრაობას, მან დაიწყო დღეს და მომავალში თავის პიკს არჩევნებში მიაღწევს და დაასრულებს წარმატებული გამარჯვებით... მე ვფიქრობ, რომ ეს არის მომავლის მოძრაობა, რომელსაც ექნება ძალაუფლება ქვეყანაში, ამ მოძრაობის სათავიდან დაიწყება, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან - „თავისუფალ დემოკრატებთან“ და რესპუბლიკელებთან ერთად,“ - აცხადებს დავით  ონოფრიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური  პარტნიორის  პარტია   „თავისუფალი  დემოკრატების“  ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება მოძრაობის სამოქმედო გეგმას, როგორც ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრები აცხადებენ, საზეიმო პრეზენტაციის შემდგომ ჩვეულებრივი რუტინა იწყება - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარმომადგენლობების გახსნა, პარტიის დაფუძნებისათვის მომზადება და ა.შ.

„ჩვენ წარმომადგენლობები რაიონებში გვეყოლება, პარალელურად დედაქალაქშიც გავფართოვდებით, დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. შეიქმნება თემატური ჯგუფებიც. სხვათა შორის, თემატური ჯგუფები აბსოლუტურად ყველა არსებულ დარგს მოიცავს. მთავარია, რეალურად შევქმნათ ის სისტემები, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა ფეხზე დადგება და უმოკლეს ვადებში გაძლიერდება... ის შეგრძნება, რომ მსგავსი თემატური ჯგუფები ადრეც არსებობდა, მაგრამ რეალურ შედეგს საზოგადოება ვერ იღებდა, ძალიან მალე გაგიქარწყლდებათ - ამ კონკრეტულ შედეგს ყველა მალე დაინახავს,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

 

პაატა ცნობილაძე, გიორგი ლუტიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია