დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაიშალა თუ არა ონკოლოგიური ცენტრი ქუთაისში?...
2011/12/19 12:42:26

დღეს, როცა მსოფლიო ამ დაავადების მხრივ დიდი გამოწვევის წინაშეა, საქართველოში სადაზღვეო კომპანიები სამედიცინო დაწესებულებების კერძო მესაკუთრეები ხდებიან და პროფესიონალ კადრებს ხელშეკრულებას უუქმებენ.

ქუთათურები გაოცებას ვერ მალავენ ონკოლოგიურ ცენტრში მომხდარი ამბის გამო.

როგორც ვიცით, ეს დაწესებულება, სხვა სამედიცინო ცენტრებთან ერთად, სადაზღვეო კომპანიამ           „ალდაგი-ბისიაიმ“ შეისყიდა. მთავარი ექიმი ოთარ მეტრეველი იმ 62 ადამიანიდან ერთ-ერთია, რომელიც ამ დაწესებულებიდან პირველი წავიდა. ან სხვა რა გზა ექნებოდა, როცა ეკონომიკურმა სამინისტრომ კატეგორიულად მოსთხოვა განცხადების დაწერა.

ოთარ მეტრეველი გვიამბობს:

„აგვისტო იყო თუ ივლისი, გაირკვა, რომ დაწესებულება გასხვისებას ექვემდებარებოდა. რატომ ვერ მოვახერხეთ გადარჩენა? ონკოლოგიური ცენტრი ისეთი დაწესებულებაა, რომელიც არასოდეს ექვემდებარებოდა პრივატიზაციას. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ვითომდა პრივატიზაციაზე ზრუნვა, არაფერი გამოგვივიდა, რადგან გადაწყვეტილი ყოფილა, რომ ჩვენს დაწესებულებას ვიღაც ეუფლებოდა. ძალიან შეგვაწუხეს ეკონომიკის სამინისტროდან. პირდაპირ მიგვანიშნეს, რომ თქვენ გაიყიდებითო, - გამოცხადდებოდა ტენდერი და გაირკვეოდა მფლობელი. ეს კი აღმოჩნდა „ალდაგი-ბისიაი“. ეკონომიკის სამინისტროში დაგვაწერინეს განცხადება, რომ ეს შენობა გასხვისებულიყო. ამ განცხადების დაწერისას ხომ უნდა ვყოფილიყავი პასუხისმგებელი ჩემი კოლექტივის წინაშე? ამიტომ უარი ვთქვი. ამ დროს ჯანდაცვის სამინისტროდან ამუშავდა „მანქანა“ მინისტრის პირველი მოადგილის თაოსნობით - ჩემს მიერ განცხადების დაწერის თანხმობაზე. წინააღმდეგობით ვერაფერს მივაღწევდი, რადგან ამით დაინტერესებულია მთელი მთავრობა და ეს მოხდა ასე.

მთელს მსოფლიოში ამის ანალოგი არ მომხდარა. ეს არის ნონსენსი, რომ კერძო სადაზღვეო კომპანია ფლობდეს სამედიცინო დაწესებულებას. არ მიკვირს, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი აბსურდული რამ ხდება.“

როგორც ბატონი ოთარი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ექიმები შეეგუებოდნენ იმ აზრს, თუ სხვა საავადმყოფოებთან ერთად ონკოლოგიური ცენტრიც აღმოჩნდებოდა „ალდაგი-ბისიაის“ მფლობელობაში; ემართათ მათ, ოღონდაც შეენარჩუნებინათ ონკოლოგთა ის ბირთვი, რაც წლების მანძილზე დასავლეთ საქართველოს ონკოლოგიის ძლიერ ძალას წარმოადგენდა.

„მე პირადად არც მთავარი ექიმობის პრეტენზია მქონდა, რადგან 33 წელი ამ ცენტრში ვმუშაობდი, აქედან 17 წელი - მთავარ ექიმად. ამ ხნის განმავლობაში ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ შეგვენარჩუნებინა ონკოლოგიური ცენტრი. გაყიდვის გამო პრეტენზია არ გვქონდა, თუკი ონკოლოგები განაგრძობდნენ ჩვეულ რიტმში მუშაობას. მაგრამ გაირკვა, რომ ონკოლოგია, როგორც დარგი, საერთოდ არ აინტერესებთ.“

ონკოლოგიური ცენტრის გვერდით რამდენიმე წლის წინ გაიხსნა წმინდა ნიკოლოზის სახელობის კლინიკა. იგი დღეს ტუბდისპანსერის ტერიტორიაზე განთავსდა, ამ უკანასკნელმა კი ავტოქარხანაში გადაინაცვლა...

ოთარ მეტრეველი: „ცუდად მენიშნა რამდენიმე წლის წინ, რომ ეს კლინიკა (წმინდა ნიკოლოზის სახელობის) ქვეკონტრაქტორი გახდა ონკოლოგიური სამსახურის. გაირკვა, რომ შეუმჩნევლად „შემოგვიჩნდნენ“ და გეგმაში ონკოლოგიურის შეერთება ჰქონდათ. წმინდა ნიკოლოზის დაწესებულების ხელმძღვანელები მხოლოდ თავიანთი ძალებით ამის განხორციელებას ვერ მოახერხებდნენ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ალდაგი-ბისიაი.“ რადგან ამ კომპანიას წმინდა ნიკოლოზის დაწესებულებაში წვლილი ჰქონდა, შესთავაზეს ამ ორი კლინიკის გაერთიანება. დარწმუნებული ვარ, „ალდაგი-ბისიაის“ ხელმძღვანელობას ეს თავიდანვე განზრახული არ ექნებოდა, მაგრამ მათ წინადადებას დათანხმდნენ.“

როდესაც უკვე „ალდაგი-ბისიაის“ მფლობელობაში არსებულ ონკოლოგიურ ცენტრს ვესტუმრეთ, ჩვენდა გასაოცრად, მიმღების კარებს ისევ ძველი, ოდნავ ჟანგშეპარული აბრა ამშვენებდა. კლინიკის დირექტორმა, მამუკა იოსელიანმა, კითხვაზე: რას გვეტყვით სამსახურიდან წასული ექიმების თაობაზე, გულგრილად გვიპასუხა:

„ვინც  წავიდა  სამსახურიდან,  მას  ჰკითხეთ  -  რატომ წავიდნენ. თუ ჩემთან გაქვთ რაიმე კითხვა, გისმენთ, თუ არადა - სხვა თემაზე ინტერვიუს არ ვიძლევი.“ - ამგვარი პასუხით გამოგვისტუმრა და დანარჩენი საკითხების გასარკვევად მფლობელთან გადაგვამისამართა.

„ჩემი ოჯახის კლინიკის“ წარმომადგენელი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დასავლეთ საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ კითხვებისთვის ელექტრონული ვერსიის გამოყენება დაგვჭირდა - „ჩემი ოჯახის კლინიკის“ პიარსამსახურის წარმომადგენელს მაია ივჩენკოს დავუკავშირდით.

- რის საფუძველზე მოხდა ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრის შეძენა?

- შპს ქუთაისის რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის შეძენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სს „ჩემი ოჯახის კლინიკას“ შორის 2011 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 9 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე მოხდა.

- რა პირობები შესთავაზეთ მომუშავე პერსონალს?

- დასაქმებულ პერსონალს შევთავაზეთ გაცილებით უკეთესი პირობები ინფრასტრუქტურისა და ასევე დასაქმების კუთხით. -რა გახდა ექიმების სამსახურიდან წასვლის მიზეზი, გქონდათ თუ არა შეხვედრები და მოლაპარაკებები ყოფილ თანამშრომლებთან?

- „ჩემი ოჯახის კლინიკის“ მიერ მოხდა ყველა ადგილობრივ დასაქმებულთან გასაუბრება. კადრების შერჩევა მოიცავდა 2 ეტაპს: ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში და პირადი გასაუბრებები კვალიფიციურ ექიმებთან.

-რა ეტაპზეა წმინდა ნიკოლოზის კლინიკის და ონკოლოგიური ცენტრის ინტეგრაციის პროცესი?

- ამ ეტაპისთვის ყველა ჰოსპიტალური სერვისი პაციენტებს მიეწოდებათ წმინდა ნიკოლოზის კლინიკის ბაზაზე, რადგანაც ქუთაისის რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრი ვერ აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების მიწოდების პირობებს.

 -მიზანშეწონილია თუ არა კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ სამედიცინდაწესებულებების შეძენა?

- დიახ.

ბატონი ოთარ მეტრეველი კი აღნიშნავს, რომ „ალდაგი-ბისიაის“ ხელმძღვანელობა მათთან კონტაქტზე არ გამოსულა:

„რომ მოსულიყვნენ და დაგვლაპარაკებოდნენ, ავუხსნიდით, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ ონკოლოგიური ცენტრის გაუქმება და წმინდა ნიკოლოზის კლინიკასთან შეერთება. დარწმუნებული ვარ, „ალდაგს“ საერთოდ არ სჭირდებოდა ეს ცენტრი, უბრალოდ, ეს იყო მთავრობის კაპრიზი. ეს  ჯერ კიდევ ჭიპაშვილის მინისტრობიდან დაიწყო, როდესაც 100 საავადმყოფოს მშენებლობისთვის მსოფლიო ბანკმა დიდი თანხა გამოყო, მაგრამ არანაირი საავადმყოფოები არ აშენებულა. სწორედ ამის გამოსასწორებლად, იძულების წესით მოხდა გაყიდვა და არა მარტო ონკოლოგიური ცენტრისა...“

როგორც ვხედავთ, საკითხი ძალზე სერიოზულია, თუმცა გაურკვეველია ის ძირითადი ფაქტორები რის საფუძველზეც 62 ადამიანმა ონკოლოგიური ცენტრი დატოვა.

ოთარ მეტრეველის თქმით, დღეს მათი გუნდი ქუთაისის ?1 საავადმყოფოში (რომელიც მეუფე კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს), საკმაოდ მძლავრ ონკოლოგიურ ცენტრს აყალიბებს და განავითარებს სხვადასხვა დარგის ონკოლოგიას, მათ შორის - ბავშვთა ონკოლოგიას.

 

ნინო ჩიტიაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია